რომანოვთა განძეულის საიდუმლო- რა ბედი ეწია ჩრდილო კავკასიის მთებში ჩამარხულ ძვირფასეულობას | Allnews.Ge

რომანოვთა განძეულის საიდუმლო- რა ბედი ეწია ჩრდილო კავკასიის მთებში ჩამარხულ ძვირფასეულობას

1918 წლის 16 ივლისს, 23:30 სააათზე, ეკატერინბურგში, ვოზნესენსკის შესახვევში მდებარე, სამთო ინჟინერ იპატიევის ყოფილ სახლში, რომელიც იმხანად უკვე წითელი "აღმასკომის" საკუთრება გახლდათ, კომისარ იაკობ იუროვსკის მეთაურობით, ჩეკისტთა რაზმმა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ II, მისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სერგეი ბოტკინი და სამი მსახური დახვრიტა. ამგვარად, რომანოვთა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო ჩეკამ ვლადიმირ ლენინის უშუალო კონტროლით, მათი საგვარეულო განძეულობის ხელში ჩასაგდებად, ინფორმაციების მოძიებას მიჰყო ხელი.

44701662-101-1623244912.jpg

წითლებმა იცოდნენ, რომ 1917 წლის თებერვლის ბოლოს, როცა სანქტ-პეტერბურგში სიტუაცია უკიდურესად გართულდა, რომანოვთა დინასტიის განძეულობა, იმპერატორის ბრძანებით, მისმა ძმამ, დიდმა თავადმა, მიხაილ რომანოვმა გადამალა. შესაბამისად, სამალავის ადგილმდებარეობა მხოლოდ მან იცოდა. 1917 წლის აგვისტოში ნიკოლოზ II ოჯახის წევრებთან და მსახურებთან ერთად ბოლშევიკებმა შინაპატიმრობაში აიყვანეს, თუმცა ლენინის ბრძანებით, მიხაილ რომანოვისთვის ხელი არ უხლიათ. სურდათ, მისთვის ეთვალთვალათ, რათა როგორმე განძეულობის ადგილსამყოფელი დაედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ წითლები უაღრესად კონსპირაციულად მოქმედებდნენ, მიხაილ რომანოვმა მათი აგენტები რამდენჯერმე გაშიფრა.

აქედან გამომდინარე, ბოლშევიკებმა ვერაფრის შეტყობა ვერ მოახერხეს. ის-ის იყო, ლენინს დიდი თავადის დაპატიმრების ბრძანება უნდა გაეცა, რომ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: 1918 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით, მიხაილ რომანოვი ქ. პერმის სასტუმრო "სამეფო ნომრებიდან" კომისარმა გაბრიელ მიასნიკოვმა გაიტაცა და ქალაქის მახლობლად, ტყეში დახვრიტა.

გაბრიელ მიასნიკოვი პროფესიონალი რევოლუციონერი და ე.წ. "მოტივილიხელების დაჯგუფების" ხელმძღვანელი იყო; წარმოშობით - სომეხი. მას მსოფლიო პროლეტარიატის ბელადობა სურდა და ჯერ ფარულად ექიშპებოდა ლენინს, 1921 წლიდან კი აშკარადაც დაუპირისპირდა. იმავე წელს ის "ჩეკამ" ხსენებული მიზეზის გამო დააპატიმრა, ხოლო ლუბიანკას ჯურღმულში "წითელმა ეშმაკუნებმა" მიასნიკოვს უკვე პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის მოსთხოვეს, რომანოვთა დინასტიის გადამალული განძეულობის ზუსტი ადგილმდებარეობა დაესახელებინა.

ლენინის მოქიშპეს წამება არც დასჭირვებია, ისე აღიარა ყველაფერი, რაც კი მისთვის ამ საკითხის შესახებ იყო ცნობილი: "განძეულის სამალავი კავკასიის მთებშია. მისი ადგილსამყოფელი იცის კაცმა, რომლის გვარია აიდებულოვი," - აცნობა მიასნიკოვმა "ჩეკისტებს". რასაკვირველია, ამ უკანასკნელებმა მაშინვე დაადგინეს, რომ საუბარი იყო მეფის რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგენდარული ქვედანაყოფის - "ველური დივიზიის" ერთ-ერთ ოფიცერზე, ყარაჩაელ თავად ყუმიყო აიდებულოვზე, რომელიც 1917 წლამდე მიხაილ რომანოვის ადიუტანტი იყო, რევოლუციის შემდეგ კი ყარაჩაიში წავიდა და იქ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახდა.

საქმე ის იყო, რომ დიდმა თავადმა, მიხაილ რომანოვმა 1917 წლის თებერვალში სწორედ ყუმიყო აიდებულოვს გადასცა დასამალავად რომანოვთა განძეულობის უდიდესი ნაწილი - ფოლადის სამი ზანდუკი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 18 ფუთამდე ოქროს მონეტა, ძვირფასეულობა, ბრილიანტებითა და ალმასებით შემკული ხატები და სხვა ნივთები.

grand-duke-michael-lecture-graphic-1623245037.jpg

მიხაილ რომანოვი

აიდებულოვმა "ველური დივიზიის" ყარაჩაელ ჯარისკაცებთან ერთად, მიბარებული განძეული ჩრდილო კავკასიის მთებში - მარუხისა თუ ქლუხორის უღელტეხილის ახლოს მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი ყველა ჯარისკაცი დახოცა და ქედს გადმოღმა, საქართველოში გადმოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, ყუმიყო აიდებულოვის ახლო ნათესავს - თავად ყრიმშამხალოვს ეკუთვნოდა. აიდებულოვმა მას ყურანზე ფიცი დაადებინა, რომ განძეულის საიდუმლოს არავის გაუმხელდა. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ყარაჩაიში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა; აიდებულოვმა თავი საქართველოს შეაფარა - ის ახალ სენაკში, თავად მუშნი დადიანის მამულში დასახლდა. თუმცა, 1921 წელს აქედან წასვლამ მოუწია და ბოლოს სტამბოლში დამკვიდრდა. რაც შეეხება ყრიმშამხალოვს, ის უკვე ხნიერი იყო და არც უფიქრია ყარაჩაის დატოვება - ბოლშევიკები მაინც არაფერს დამიშავებენო.

ყუმიყო აიდებულოვი, რომელიც თავგამოდებული მონარქისტი იყო, იმედოვნებდა, რომ რუსეთში მეფის ხელისუფლება მალე აღდგებოდა და რასაკვირველია, განძეულს კანონიერი მფლობელები მოიკითხავდნენ; თავადმა მხოლოდ 1921 წელს, სტამბოლში შეიტყო, რომ რომანოვთა დინასტიას მემკვიდრე ფაქტობრივად, აღარც კი ჰყავდა. იმავე წელს, ყუმიყო აიდებულოვმა გადაწყვიტა, რომ უპატრონოდ დარჩენილი განძეულობა როგორმე საზღვარგარეთ გაეტანა, მაგრამ ამის გაკეთება ძნელი იყო. სტამბოლში მან "ველური დივიზიის" რამდენიმე ყოფილი მებრძოლი შემოიკრიბა და მათთან ერთად საბჭოთა რუსეთიდან გამოქცეულ ყოფილ "ჩეკისტს", გაბრიელ მიასნიკოვის ერთ-ერთ ამფსონს - ივან კოპლავშიკოვს დაუკავშირდა, რომელიც პერმის ტყეში მიხაილ რომანოვის დახვრეტაში მონაწილეობდა, 1920 წელს კი საზღვარგარეთ გაიქცა, რათა აიდებულოვი მოეძებნა და განძეული ხელში ჩაეგდო. განაგრძეთ კითხვა

myquiz