ფასდაუდებელი არექოლოგიური მასალა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა- ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო | Allnews.Ge

ფასდაუდებელი არექოლოგიური მასალა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა- ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო

ჟინვალის წყალსაცავი საქართველოს მასშტაბით წყალსაცავებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგებაში სერიოზულ როლს თამაშობს.

რა უძღვოდა მის აშენებას წინ, რატომ გახდა საჭირო მის დასაგუბებლად დუშეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის წყალქვეშ მოქცევა - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტს ირაკლი მიქაძეს მივმართეთ:

"ჟინვალის წყალსაცავი მართლაც ყველაზე ახალგაზრდაა საქართველოში, რომელსაც კომპლექსური ფუნქცია აკისრია: ჰიდროელექტროსადგურის – ზაფხულის მარეგულირებელისა და ქალაქების, თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების.

1971 წელს სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე დაიწყო ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა და სოფელი დატბორვის ზონაში მოექცა. ამის გამო, სოფელ ჟინვალის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაასახლეს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სოფლების – არანისისა და ბიჩნიგაურთკარს შორის, მცირე ნაწილი - სოფელ ჩინთის მახლობლად.

ამ წყალსაცავის შექმნის უპირველესი მიზანი ჰესის მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა. წყალსაცავი ასრულებს მდინარე არაგვის ზაფხულის რეგულირების ფუნქციას, ქალაქების თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების უზრუნველყოფა მეორადია, რადგან თბილისსა და მცხეთას წყალმომარაგების სხვა ვარიანტებიც აქვს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია მოსახლეობის წყალმომარაგება მიწისქვეშა წყლების საშუალებით განხორციელდეს, ხოლო ზედაპირული წყლებით იმ შემთხვევაში, როცა სხვა საშუალება არ არსებობს. მიწისქვეშა წყლებით წყალმომარაგებას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან დაცულია როგორც დაბინძურებისაგან, ასევე, საომარი მოქმედებების დროსაც.

- ამბობენ, რომ 2008 წლის ომის დროს სერიოზული საფრთხე არსებობდა, რომ ეს ობიექტი რუსებს დაებომბათ...

- წარმოიდგინეთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს რომ დაებომბათ ჟინვალის ჰესი, ასეთ შემთხვევაში, თბილისი არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ, წყალმომარაგების გარეშეც დარჩებოდა.

- მეცნიერულად, გეოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რამდენად სწორად არის აღნიშნული წყალსაცავისთვის ადგილი შერჩეული?

- რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის ადგილმდებარეობის შერჩევას, ეს კომპლექსური საკითხია და ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებენ: მდინარის ჰიდროლოგიურ პარამეტრებს, ხეობის გეომორფოლოგიას, გეოლოგიას, ეკოლოგიას, ეკონომიკურ მხარეს, ელექტროენერგიის გადაცემისა და წყალმომარაგების ობიექტებამდე მანძილს, წყლის გაფილტვრის პირობებსა და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ჰესის ადგილმდებარეობა პასუხობს ყველა მოთხოვნას.

ამასთან, აუცილებელი პირობაა, მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდეს ტერიტორიის არქეოლოგიური გამოკვლევა. ჟინვალის წყალსაცავის შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაირღვა, რადგან არქეოლოგიური გამოკვლევები და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ერთდროულად, 1971 წელს.

- ცნობილია, რომ წყლის ქვეშ მოექცა წყალქვეშ მოქცეულ სოფელში არსებული ტაძარიც, რომლის გუმბათიც მაშინ ჩნდება, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს.

- ცოტა შორიდან დავიწყებ: ისტორიულად, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, დაბის ტერიტორიაზე ქალაქი XII საუკუნის მე-2 ნახევარში აღმოცენდა, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ჟინვალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. 1971 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი), რომელმაც ფართოდ გაშალა მუშაობა დატბორვის ზონაში. სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა.

იმ ადგილას, სადაც დღეს ჟინვალის წყალსაცავია, შუა საუკუნეების მდიდარი, ქართული ქალაქი ჟინვალი მდებარეობდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებითა და სასახლეებით. იქ ცხოვრება პრესტიჟულად მიიჩნეოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭრები მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა. შემდეგ ჟინვალი, თამარმა - დროებით სარგებლობაში მის ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. გათხრების დროს, ეკლესიის ქვეშ ჭიაბერ მანდატურთუხუცესის გაძარცვული სამარხი აღმოჩნდა, აკლდამაში ბევრი საინტერესო რამ იყო შემორჩენილი. ჭიაბერის საფლავზე მიმობნეული იყო თამარისდროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე მხოლოდ ორი ცალი იყო მსოფლიოში - ერთი პეტერბურგში, ხოლო მეორე - ინგლისში.

არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად, 7-8 ეკლესია გაუთხრელი დარჩა, წყალმა დაფარა აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული. ერთ-ერთი ჟინვალის კოშკის ნახევარი მხარე უკვე ჩამონგრეული იყო, როცა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სასმელი წყლის აუზი და ღამის სათევი ოთახები. განაგრძეთ კითხვა

myquiz