"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული | Allnews.Ge

"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული

ბერძენი მწერალი აპოლონ როდოსელი აღნიშნავდა: "კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცის ცეცხლით დაწვა. არც ის არის წესი, მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. მათ ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ". მსგავს ცნობებს გვაწვდიან ნიკოლოზ დამასკელი და კლავდიოს ელიანუსი... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დალი გიორგაძე საქართველოში გავრცელებული დაკრძალვის უძველეს და უცნაურ წესებზე გვესაუბრება:

- მიცვალებულის კულტის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს დაკრძალვა წარმოადგენს. კაცობრიობა ოდითგანვე დაკრძალვის სხვადასხვა წესს იცნობდა: წყალში, მიწაში, გამოქვაბულში, "ჰაერზე დაკრძალვა", მეორადი დაკრძალვა და სხვ. მიცვალებულის დაკრძალვის სხვადასხვა წესის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობდა ისტორიულ-გეოგრაფიული პირობები, ასევე ამა თუ იმ ხალხის ეთნიკური თავისებურებანი. შრომითი საქმიანობის სპეციფიკა, სოციალური სერტიფიკაციის დონე და სხვა.

დაკრძალვის ფორმები მსოფლიოს ხალხებში იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად მათი განსაზღვრულ სისტემაში მოყვანა ძნელდება. დაკრძალვის წესს ვეცნობით როგორც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალის, ისე ისტორიული წყაროებისა და სხვადასხვა ხალხის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული მონაცემების საშუალებით. ამჯერად ჩვენ ყურადღებას მიცვალებულის დაკრძალვის ხევსურეთში დამოწმებულ ერთ წესზე შევაჩერებთ. ხევსურებს დედათწესის მქონე ან მშობიარე ქალი "მირეულად" ანუ უწმინდურად მიაჩნდათ. ამიტომ ისინი მშობიარობის ან დედათწესის დროს გარკვეული პერიოდი განცალკევებით ცხოვრობდნენ. მათ დროებით სადგომს ქოხი, სამრელო, ბოსელი, ხოლო იქ მყოფ ქალს მექოხე, მებოსლე, მესამრელოე ეწოდებოდა. პირაქეთ ხევსურეთში სამრელო ანუ ქოხი სახლის მახლობლად იდგა. ეს იყო სიპი ქვით ნაშენი დაბალი, პატარა ნაგებობა, სადაც ორი ადამიანი ძლივს თავსდებოდა.

10-06-11-13-shatili-mutso-033-1-1658827414.jpg

პირიქით ხევსურეთში კი, არხოტის თემში ჰქონდათ საერთო სამრელოები, სადაც ხშირად რამდენიმე დედათწესის მქონე ქალი იყრიდა თავს. სამრელოდან მებოსლე ქალი, სანამ იქ ყოფნის დრო არ ამოეწურებოდა და გარკვეულ წესებს არ შეასრულებდა, ოჯახში ვერ დაბრუნდებოდა. რაც არ უნდა დიდი გასაჭირი ყოფილიყო, მებოსლე ქალი წესს არ დაარღვევდა, რადგან ღრმად სწამდა, რომ ხევსურეთის ხატ-ანგელოზები გაჯავრდებოდნენ და მის ოჯახს გაანადგურებდნენ.

ირკვევა, რომ თუ "მექოხე დიაცი" გარდაიცვლებოდა, მას საფლავ-სამარეში ანუ საერთო სასაფლაოზე არ დამარხავდნენ. სასუდრე ტანსაცმელს მესუდრე ქალები ჩააცმევდნენ, დაქალებივე ჩაასვენებდნენ მიწაში, მამაკაცები მხოლოდ მიწას გათხრიდნენ. ჭირისუფლებთან ხალხი მივიდოდა და მიუსამძიმრებდა. სამრელოში გარდაცვლილს სახლში არ გადაასვენებდნენ, რადგანაც ის უწმინდურად ითვლებოდა და არც მამაკაცები მიეკარებოდნენ. სამრელოში გარდაცვლილისთვის ქოხის ახლოს დასაკრძალი ადგილი იყო გამოყოფილი. დასაფლავებიდან შვიდი თვის ან ერთი წლის შემდეგ მიცვალებულის ძვლებს ამოთხრიდნენ და ნეშტს საერთო სასაფლაოს ახლოს დაასაფლავებდნენ. ამბობდნენ: შვიდი თვის შემდეგ უკვე გაიწმინდებაო.

როდესაც ნეშტს სასაფლაოზე გადაიტანდნენ, ჭირისუფალს საკლავი უნდა დაეკლა და "გზანი და საფლავნი უნდა დაენათლა". დაკლავდნენ ცხვარს ან ხბოს, სისხლს ჯამით შეინახავდნენ და რომელი გზითაც მიცვალებული სასაფლაოზე გაატარეს, იმ გზასა და საფლავებს სისხლს მოასხურებდნენ. ვინც მიცვალებული წაასვენა, მათ "ხელებზე ასასხმელს" გამოუცხობდნენ და დანათლავდნენ, რადგან "მექოხე" დიაცს "შეერივნენ". ქოხში გარდაცვლილ დიაცს იმავე წესით უმზადებდნენ ყოველგვარ ხარჯებს, რა წესითაც სხვა მიცვალებულებს. თუ ახალდაბადებული ბავშვი ქოხში მოკვდებოდა, არც ის დაიმარხებოდა საერთო სასაფლაოზე. მასაც "მესამრელოე" ქალები ქოხის ახლოს გაუთხრიდნენ საფლავს და ისინივე დაასაფლავებდნენ. მოტირალი მიდიოდა ჭირისუფლის კარზე. დედაკაცები კი, სადაც ბავშვი და ბავშვის დედა იყო, იქ მიდიოდნენ და ტიროდნენ. თუ ქოხში დედას ძალიან ავად ჰყავდა ბავშვი და მისი მორჩენა საეჭვო იყო, ბავშვს გარდაცვალებამდე ქოხიდან ოჯახში შემოიყვანდნენ, რომ სული სახლში ამოსვლოდა და საფლავ-სამარეში დამარხულიყო.

- როგორც ვიცით, არსებობდა ჰაერზე (ხეზე) დაკრძალვის ტრადიცია...

- ჰაერში დაკრძალვის შესახებ ცნობები შემოგვინახა როგორც ანტიკური ხანის ისტორიულმა წყაროებმა, ასევე სხვადასხვა მოგზაურთა ჩანაწერებმა და ეთნოგრაფიულ ყოფაში, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს ზოგიერთ კუთხეში შემორჩენილმა ჩვეულებამ. უპირველეს ყოვლისა ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები უნდა აღინოშნოს. კოლხეთში ჰაერზე დაკრძალვის წესს ბერძენი მწერალი აპოლონ როდოსელი აღწერს:

"კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცის ცეცხლით დაწვა. არც ის არის წესი, მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. მათ ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენდა ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ. მსგავს ცნობებს გვაწვდიან ნიკოლოზ დამასკელიდა კლავდიოს ელიანუსი... დამასკელი წერს: კოლხები მიცვალებულებს კი არ მარხავენ მიწაში, არამედ ჰკიდებენ ხეებზე. ელიანუსის ცნობითაც "კოლხები გვამებს ტყავებში მარხავენ, გამოხვევენ მათში და ხეებზე ჰკიდებენ". განაგრძეთ კითხვა

myquiz