რა საგნებში ჰყავდა "სამიანები" სტალინს სასულიერო სემინარიაში? | Allnews.Ge

რა საგნებში ჰყავდა "სამიანები" სტალინს სასულიერო სემინარიაში?

"1894 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე - იოსებ ჯუღაშვილი. მანამდე მან გორის სასულიერო სასწავლებელი პირველი თანრიგის პირველ მოწაფედ დაამთავრა და იმავე წლის აგვისტოში წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიაში.

ცნობილია, რომ მარქსიზმით გატაცებამდე იოსებ ჯუღაშვილმა რამდენიმე პატრიოტული შინაარსის ლექსი დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის "ივერიაში". უფრო კონკრეტულად, 1895-1896 წლებში გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა იოსებ ჯუღაშვილის 6 ლექსი და ერთი - გაზეთ "კვალში". მათგან გამორჩეულია "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი", რომელიც 1895 წლის ივნისში "ივერიის" ნომერ 123-ში დაიბეჭდა ი.ჯ-შვილის ხელმოწერით გაზეთის პირველ გვერდზე.

ეს ლექსი დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის "დედა-ენაშიც".

თბილისის სემინარიაში სტალინი ერთ-ერთ წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა და აქ სწავლის პერიოდში მისი აკადემიური მოსწრების ფურცელი ასე გამოიყურებოდა:

ნიშნების ფურცლით ირკვევა რომ, იოსებს ყველაზე მაღალი შეფასება - ხუთიანი, ლოგიკაში ჰყავდა, ყველაზე დაბალი - 3 კი, საეკლესიო ისტორია, ღვთისმეტყველებასა და ჰომილეტიკაში (საეკლესიო ქადაგებათა შემსწავლელი სასულიერო მწერლობის დარგი).

სემინარიის წარჩინებული მოსწავლე მალე "აკრძალულ ხილს" - მარქსიზმს ეზიარა. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, 1899 წლის 29 მაისს ჯუღაშვილი გარიცხეს სასულიერო სემინარიიდან – "გარიცხულ იქნას სემინარიიდან იოსებ ჯუღაშვილი გამოურკვეველი მიზეზების გამო გამოცდებზე გამოუცხადებლობისათვის" - ასე ეწერა თბილისის სასულიერო სემინარიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში.

ნახატი: "იოსებ ჯუღაშვილის გარიცხვა თბილისის სასულიერო სემინარიიდან"

წყარო: შსს-ს არქივი; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

myquiz