უძველესი რუკა ევროპაში- რა საიდუმლოს ინახავს ბრინჯაოს ხანის ქვის ფილა | Allnews.Ge

უძველესი რუკა ევროპაში- რა საიდუმლოს ინახავს ბრინჯაოს ხანის ქვის ფილა

უძველესი ქვის ფირფიტა, რომელიც სენ-ბელეკის ფილასაც უწოდებენ, დიდი ალბათობით ევროპის ყველაზე ძველი რუკაა. ფილა 1900-იან წლებში აღმოაჩინეს, თუმცა მისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ და შემდეგი 100 წლის განმავლობაში ყველასგან მივიწყებული ერთ-ერთი ციხესიმაგრის სარდაფში ინახებოდა.

ქვის ფილის ისტორია

ისტორიული წყაროების მიხედვით, ფილა ისტორიკოსმა პოლ დიუ შატელიემ საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობის დროს აღმოაჩინა.

მაშინ მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ 2.2 მეტრის სიგრძისა და 1.5 მეტრის სიგანის ქვაზე გამოსახული პიქტოგრამები, უბრალოს ფიგურები იყო და მათ განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნდათ.

შატელიემ ფილა საკუთარ კოლექციაში შეინახა, მოგვიანებით კი მისმა ვაჟმა ქვა საფრანგეთის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმს მიჰყიდა. მას შემდეგ კი ფილა 100 წლის განმავლობაში სენ-ჟერმან-ან-ლეს ციხესიმაგრის საცავში ინახებოდა.

ახალი კვლევები არქეოლოგები ქვის ფირფიტით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდნენ. 2014 წელს მეცნიერებმა 3D ტექნოლოგიების გამოყენებით თავიდან შეისწავლეს ფირფიტა.

მათ დაასკვნეს, რომ სამარხი, სადაც ფირფიტაა აღმოჩენილი ძვ.წ. 1900-1600 წლებს განეკუთვნებოდა. თუმცა, თავად ფირფიტა გაცილებით უფრო ძველია და რთულია იმის დადგენა, თუ საიდან მოხვდა ის სამარხში. ისინი ფიქრობენ, რომ განსხვავება სამსარხსა და ქვის ფილას შორის არა მხოლოდ ასწლეულები, არამედ შესაძლებელია ათასწლეულებიც კი იყოს.

რა არის გამოსახული რუკაზე?

ფილის შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მასზე გამოსახული პიქტოგრამები არა უბრალოდ ფიგურები, არამედ პიქტოგრამული გამოსახულებებია, რომლებიც მისი აღმოჩენის არეალს ემთხვევა. მათ შორის არის მდინარე ოდეტის გამოსახულება, რომელიც მდინარის დღევანდელ დინებას ემთხვევა.

მათი თქმით, შესაძლებელია რუკის მასშტაბის დადგენაც, რაც დაახლოებით 30 კმ. სიგრძისა და 21 კმ. სიგანის ტერიტორიას მოიცავს. ამასთან, რუკაზე არის გამოსახულებები, რომლებიც თანამდროვე არეალს არ ემთხვევა. მეცნიერები ასკვნიან, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს უძველეს დასახლებულ პუნქტებთან და გზებთან, რომლებიც რუკის შექმნის მომენტში არსებობდა, დღეს კი მათი კვალიც აღარ არის. მკვლევარები კიდევ განაგრძობენ ევროპის უძველესი რუკის შესწავლას და იმედი აქვთ, რომ დამატებითი დეტალების გარკვევას შეძლებენ.

myquiz