მოგზაურობა ადამიანის სხეულში- უნიკალური მუზეუმი ნიდერლანდებში, რომელსაც ანალოგი არ აქვს | Allnews.Ge

მოგზაურობა ადამიანის სხეულში- უნიკალური მუზეუმი ნიდერლანდებში, რომელსაც ანალოგი არ აქვს

ვინ თქვა, რომ გოლიათი ადამიანის სხეულში მოხვედრა და იქიდან უვნებლად გამოსვლა მხოლოდ საოცრებათა ფილმებში ან ზღაპრებშია შესაძლებელი. ნიდერლანდებში, მაგალითად, ასეთი რამ შესაძლებელია.

ნიდერლანდებში შეგიძლიათ მოინახულოთ ადამიანის სხეულის მუზეუმი, რომელსაც მთელ მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. მუზეუმი იმდენად რეალისტურია, რომ მისი მონახულების დროს ადამიანებს სუნთქვა ეკვრით.

კარის ზღურბლიდანვე ხვდებით ადამიანის სხეულში და თავისუფლად გადაინაცვლებთ ნებისმიერ ორგანოში. მუზეუმი ნიდერლანდების დედაქალაქის მახლობლად, ქალაქ ლეიდენეში მდებარეობს. მისი არშემჩნევა შეუძლებელია. მჯდომარე გიგანტური ადამიანის დანახვა შორიდანვეა შესაძლებელი. შესასვლელი ამ გიგანტური სკულპტურის მუხლშია განთავსებული.

მუზეუმი ფაქტობრივად ერთ დიდ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს. მგზავრები მოგზაურობას მენჯის ძვლიდან იწყებენ და აკვირდებიან ლეიკოციტებისა და ერითროციტების შექმნას. ნელ-ნელა მიიწევენ ადამიანის სხეულის ზედა ნაწილისკენ.

სტუმრები სულ 7 სართულს მოივლიან, თუ შეიძლება ასე დახასიათდეს გიგანტური ადამიანის სხეული.

თითოეული ორგანო საოცრად რეალისტურად არის გამოსახული, ისე, რომ ადამიანებს გააკანკალებთ ხოლმე. მომავალი მედიკოსებისთვის ეს ნამდვილად საოცნებო ადგილია. მათ შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თვალით ნახონ როგორ ხდება სისხლის ცირკულაცია ორგანიზმში ან როგორ მუშაობს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

თითოეული ორგანოს ფუნქციონირება გამოსახულია მონიტორზე და თან სდევს შესაბამისი რეალური ხმა. იმისათვის, რომ ადამიანმა რეალურად შეიგრძნოს ყოველივე, დამატებით გამოიყენება 5დ ფორმატი.

მუზეუმში შესაძლებელია ნახოთ როგორ იბადება საშვილოსნოში ახალი სიცოცხლე და ასევე შესაძლებელი ნაყოფის განვითარებაზე თვალის მიდევნება. სტუმრებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებასაც აჩვენებენ. გიგანტური სკულპტურა, შემქმნელების ჩანაფიქრით, ქალია.

სკოლის ასაკის ბავშვებს კი განსაკუთრებით ენა მოსწონთ, რომელზეც, როგორც ბატუტზე, შესაძლებელია ხტუნვა და სხვადასხვა ხმის გამოცემა. ერთსაათიანი ექსკურსიის მანძილზე გიდი სტუმრებს დეტალურად აღუწერს ადმიანის ორგანიზმის მუშაობას.

სხვათა შორის, ექსკურსიის დროს ადამიანებს შეუძლიათ ასევე საკუთარი თვალით ნახონ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მავნე ჩვევებს, მაგალითად თამბაქოს მოწევას და ალკოჰოლის მიღებას. დარწმუნდებიან იმაში, რამდენად ფაქიზია ეს ერთი შეხედვით ძლიერი ორგანიზმი.

მოგზაურობის ფინალური წერტილი ადამიანის ტვინია, წარმოდგენილი ძალიან რეალისტური ნეირონებით, რომელსაც შესაძლებელია ხელითაც კი შეეხონ. განაგრძეთ კითხვა

myquiz