სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში | Allnews.Ge

სად იყო უძველესი 9 სასაფლაო თბილისში - გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციები დედაქალაქში

ვაგრძელებთ ამბებს დედაქალაქის ისტორიიდან... ამჯერად თბილისში არსებულ დაკრძალვის წესებზე, ტრადიციებსა და აქვე სასაფლაებზე ვისაუბრებთ, რაზეც ცნობებს გვაწვდის სამეცნიერო ლიტერატურა და ამ ყველაფერზე ძველ წყაროებში კარგად არის მითითებული. როგორც ირკვევა, თბილისელები მაინცდამაინც არ იცავდნენ რელიგიურ წესებს. გრიგორიანული სასულიერო პირები ხშირად მართლმადიდებელთა დაკრძალვაში მონაწილეობდნენ და, პირიქით, მართლმადიდებლები მღვდლები – სომხების დაკრძალვაში, - გვეუბნება ეთნოლოგი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი.

დაკრძალვის ტრადიციები

1887 წლის პრესაში მოთხრობილია, რომ რიყეში მაცხოვრებლი მოლოკნის გრიგორი სმირნოვის დაკრძალვაზე 5000 კაცი ყოფილა. ხალხი პატივისცემის ნიშნად, სასაფლაოზე დარჩენილა, ზურნის ჰანგებზე, კახური ღვინით მისი შესანდობარი დაულევიათ და საფლავზე ღვინოც დაუსხამთ. ბატონი როლანდის თქმით, XIX-XX საუკუნეებში თბილისში დაკრძალვისა და გლოვის წეს-ჩვეულება, რუსეთის გზით, ევროპული დაკრძალვის წესით შეცვლილა - მიცვალებულს მესამე დღეს კრძალავდნენ, ხანდახან მეორე და მეოთხე დღესაც. მიცვალებულს თავთან ხორბლით სავსე ჯამს, წყლიან ჭურჭელს, ანთებულ სანთელსა და კელაპტარს უდგამდნენ. ადამიანის გარაცვალებიდან ორი-სამი საათის განმავლობაში ერთ ადამიანი სიტყვიერად ოჯახის წევრის გარდაცვალებას ნაცნობებს, მეგობრებსა და ნათესავებს ატყობინებდა. გარდაცვლილის სახლში ყველა მომსვლელი თავის მწუხარებას გამოხატავდა: ქალები მკერდში იცემდნენ მჯიღს და სახეს იხოკდნენ. მამკაცები ქუდმოხდილნი მწუხარებას ხმამაღლა, ყვირილით გამოხატავდნენ. დაკრძალვაზე სამძიმრის სათქმელად მოსულნი შავი ფერის ტანსაცმელს იცვამდნენ. დაკრძალვის წინა დღეს მიცვალებულს პანაშვიდისთვის განბანდნენ და სასუდარო ტანსაცმელს ჩააცვამდნენ. ამისთვის იყვნენ სპეციალური ადამიანები, რისთვისაც ამაში გარკველი გასამრჯელოს იღებდნენ.

მიცვლებულის ჩასასვენებელი ჭურჭელი წინა დღეს მოჰქონდათ (XVIII საუკუნის 70-იან წლებში აღნიშნული ჭურჭლით მხოლოდ დიდ თავადებს კრძალავდნენ. დანარჩენებს მის გარეშე მარხავდნენ. დასაფლავების წინა დღეს პანაშვიდი იმართებოდა. მაღალი ფენის წარმომადგენელთა პანაშვიდზე სიმებიან საკრავებზე შესრულებული სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა, ვაჭარ-ხელოსანთა სახლებში - დუდუკისა და საზანდრის ჰანგებს აყოლილი მედოლის სიმღერა.

ძველი თბილისის მოსახლეობაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მოტირალი ქალების მოწვევის წესი. თუმცა მაღალი წრის წარმომადგენლები მიცვალებულს მოთქმით თითქმის აღარ ტიროდნენ. XIX საუკუნის მერე ნახევარიდან ფართოდ გავრცელდა გაზეთებში გარდაცვლილის ახლობლების განცხადებების გამოქვეყნება. იმავე პერიოდში დაიწყეს პანაშვიდზე გვირგვინის და ყვავილების მიტანა. დასაფლავების დღეს ეკლესიიდან მღვდელს იწვევდნენ. ჭირისუფალი ეკლესიიდან "დროშას" იწერდა, რომელიც დამკრძალავ პროცესიას წინ მიუძღოდა. დაკრძალვა ქელეხით მთავდებოდა, რომელსაც მიცვალებულის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები ესწრებოდნენ.

სასაფლაოები

თბილისში ქალაქის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილი იყო სასაფლაოები. 1864 წელს დედაქალაქში 9 სასაფლაო ყოფილა, რომელთა შორისაც სამი მართლმადიდებლების, სამი - გრიგორიანების, თითო კათოლიკეების, ლუთერანებისა და მუსლიმების ყოფილა. ქალქის განაშენიანების გამო, შემდეგ ყველა სასაფლაო დასახლებულ უბნებში აღმოჩნდა. XX საუკუნის პირველ ათწლეულში თბილისში, თურქეთიდან ქურთი-იეზიდების გადმოსახლების შემდეგ ნავთლუღში მათი სასაფლაოც გახსნილა. იქვე არსებობდა ებრაელთა სასაფლაოც. ეტაპობრივად ქალაქის ზრდამ სასაფლაოების ზრდაც გამოიწვია. წყაროებში მოხსენიებულ სასაფლაოებიდან ყველაზე ადრინდელი "საგოდებელი" ყოფილა, რომელსაც იოანე საბანისძე თავის ნამუშევარში ასახელებს... მერე კი სასაფლაოებს ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე აწყობდნენ.

ქალაქის 1735 წლის გეგმაზე ვახუშტის მტკვრის მარჯვენა მხარეს დატანილი აქვს სამი სასაფლაო: "სასაფლაო სომეხთა", რომელიც ვანქის უბანში მდებარეობდა, ახლანდელი ათონელის ქუჩის ნაწილი მტკვრის ქუჩამდე ეკავა, "თათართა საფლავი" მდებარეობდა ბოტანიკური ბაღის ადგილას, წავკისის წყლის მარჯვენა მხარეს. XX საუკუნის 20-იანი წლების გეგმაზე, მტკვრის მარცხენა მხარეს, ახალ კუკიაზე, მალაკნების უბნისკენ გერმანელ ლუთერანთა სასაფლაო მდებარეობდა. მტკვრის მარცხენა მხარეს, ავლაბარში, XIX საუკუნიდან ფუნქციონირებს ქართველ მართლმადიდებელთა პეტრე-პავლეს სასაფლაო.

1907 წლის თბილისის გეგმის მიხედვით, ნავთლუღში, ნავთლუღის ხევის მარცხენა მხარეს, სამხედრო ჰოსპიტალთან, წმინდა ბარბარეს მახლობლად მართლმადიდებელთა ორი, ებრაელთა, ლუთერანთა, სომხების, საავადმყოფოს, ჰოსპიტალის სამხედრო და მაჰმადიანთა სასაფლაოები ყოფილა - თითოეული კი ერთმანეთის გვერდით განლაგებული.

1919-1920 წლებში თბილისში გრიპის ეპიდემია, "ისპანკა" მძვინვარებდა, რომელმაც დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, იმ დროს თბილისში მყოფი ინგლისის სამხედრო მოსამსახურეთა დიდი ნაწილიც იმსხვერპლა. ისინი არსენალის მხარეს დაუსაფლავებიათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მართლმადიდებელთა ძველი ვერის სასაფლაო XX საუკუნის 30-იან წლებში (ახლანდელი ვერის ბაღი) დაიხურა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz