ოპერაცია „ჩეჩევიცა“- ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის უმძიმესი ისტორია | Allnews.Ge

ოპერაცია „ჩეჩევიცა“- ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის უმძიმესი ისტორია

1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, იგივე აარდახი (ჩეჩ. Aardax), ჩეჩენი და ინგუში ხალხის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე პერიოდია. დეპორტაცია ძალიან სწრაფად- 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით განხორციელდა. საერთო ჯამში სულ 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში გადაასახლეს. გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშელონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ.

ტერიტორია, სადაც ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციამდე ცხოვრობდნენ

დეპორტაციის მიზეზები

დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად სახელდება მასობრივი თანამშრომლობა ოკუპანტებთან, ანტისაბჭოთა მოქმედება და ბანდიტიზმი, თუმცა ინგუშებს ფიზიკურად არ შეეძლოთ თანამშრომლობა ოკუპანტებთან ოკუპაციის არარსებობის გამო.

დეპორტაცია

დეპორტაცია და დანიშნულების ადგილზე ეშელონების გაგზავნა დაიწყო 1944 წლის 23 თებერვალს ადგილობრივი დროით 2:00 საათზე და დასრულდა ამავე წლის 9 მარტს. ოპერაცია შუა ზამთარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთლიანი მოსახლეობა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყარეს, საკვების, სასმელი წყლის, თბილი ტანსაცმლის გარეშე და ასე მოახდინეს მათი გადაგზავნა დანიშნულების ადგილას.

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს ფაშისტებმა დაიკავეს მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და მალევე უკან გაბრუნდნენ. დეპორტაციის რეალური მიზეზები დღემდე არაა დადგენილი. ხალხთა დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა იყო არაკანონიერი, რომელიც არცერთ სამართლებრივ აქტში არაა გათვალისწინებული.

უკიდურესად გადატენილ სატვირთო ვაგონებში, შუქისა და წყლის გარეშე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში მივდიოდით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების ადგილისკენ. მოსახლეობაში ინფექციური დაავადებები გავრცელდა. არანაირი მკურნალობა, ომი მიდიოდა…ხანმოკლე გაჩერებების დროს, მატარებლის მიმდებარე მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებში, ლოკომოტივის კვამლისგან გაჭვარტლულ თოვლში ასაფლავებდნენ დაღუპულებს” ( ხ. არაპიევის მოგონებიდან).

"დილით მოვიდნენ, წაიყვანეს ყველა მამაკაცი სახლიდან - თითქოსდა შეკრებაზე. გაიყვანეს სოფლის განაპირას, სადაც მათ იარაღიანმა ჯარისკაცებმა შემოარტყეს ალყა, ჯარისკაცების ნაწილმა კი სახლებში ჩამოვლა დაიწყო. ქალებს და ბავშვებს უნდა შეეგროვებინათ ნივთები - ის, რისი წამოღებაც ხელით შეიძლებოდა, პატარა ტომარა. საჭმელიც ამავე ტომარაში უნდა ყოფილიყო და მეტი არაფერი. ყველანი ჩასხეს ავტომანქანებში. როდესაც მთელი სოფელი შეკრიბეს, კაცები ოჯახებთან გაუშვეს და ყველანი ერთად წაიყვანეს რკინიგზის სადგურზე გუდერმესში. ყველანი ჩასხეს სატვირთო ვაგონებში. -იიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი, გროზნოს “მემორიალის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის მიმართულებები

დეპორტაციას თან ახლდა მთაში გაქცევის მცირერიცხოვანი მცდელობები ან დაუმორჩილებლობა ადგილობრივი მოსახლეობისაგან. სულ გაიგზავნა 180 ეშელონი, გადასახლებულთა რიცხვი კი შეადგენდა 493 269 ადამიანს. გადასახლებისას გზაში დაიბადა 56, ხოლო გარდაიცვალა 1 272 ადამიანი. გარდაცვალების ძირითადი მიზეზები იყო ქრონიკული დაავავებები და ფიზიკური სისუსტე.

ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა 780 ადამიანი, დააპატიმრეს 2 016 „ანტისაბჭოთა ელემენტი“, ამოიღეს 20 000-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი. მთაში დაიმალა 6 544 ადამიანი. მძიმე პირობები

ვაინახებს, სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად, ეკრძალებოდათ დაეტოვებინათ რაიონის საკომენდანტო ტერიტორიები, სადაც დარეგისტრირებული იყვნენ. აკრძალვა ეხებოდა ყველა 16 წელს მიღწეულ პირს, ხოლო მისი დარღვევა 25 წლის ვადით პატიმრობას ითავლისწინებდა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დეპორტირებული კავკასიელი ხალხებისთვის მოიგონა, რაღაც ჰიბრიდი სარეზერვო და შრომითი ბანაკებისა, რომლის ფარგლებს გარეთ გასვლა ისჯებოდა 25 წლიანი პატიმრობით.

გაზდიევების ინგუშური ოჯახი გარდაცვლილი შვილის სხეულთან. ყაზახეთი, 1944 წელი.

ბევრი ოჯახი დაანაწევრეს ისე, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის ნახვა არ შეეძლოთ - გადასახლებულებს ეკრძალებოდათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე. გადასახლებულთათვის სამუშაო ადგილები თითქმის არ იყო, ოჯახებს უწევდათ თვითგადარჩენა - ნივთების, სახლის, საკვების გარეშე, პატარა ბავშვებთან ერთად. გარდა ამისა, ვაინახებს მოსდიოდათ შეტაკება ადგილობრივებთან, რომლებიც ასევე არ ცხოვრობდნენ უკეთ. აღინიშნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის დეპორტაციიდან გათავისუფლებულ ჩეჩნებს მათი სურვილისამებრ დაბრუნების უფლება მისცეს. ასეთი მაგალითები იყო, მომავალში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და საბჭოთა კავშირის შრომის გმირის მახმუდ ესემბაევისა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწის მუსლიმ გაირბეკოვის შემთხვევაში.

კვალის წაშლის მცდელობები

ძირძველი მოსახლეობის გადასახლების შემდეგ იწყება მათი ცხოვრების კვალის მიზანმიმართული წაშლა: დასახლებულ პუნქტებს მიენიჭათ რუსული ან ოსური სახელები, წაბილწეს და გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები, საფლავის ქვები გამოიყენეს მშენებლობისათვის და საგზაო სამუშაოებისათვის, დაწვეს ინგუშური და ჩეჩნური წიგნები, გადარჩენილი წიგნებიდან ამოიღეს ტერმინი ვაინახები, მუზეუმებიდან ამოიღეს „არაპოლიტკორექტული“ ექსპონატები, გაანადგურეს ხელნაწერი წიგნები და ბიბლიოთეკები, დაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები, იარაღი, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

დაბრუნება

სტალინის სიკვდილისა და ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ, დეპორტირებულ ხალხს გაუჩნდა რეაბილიტაციისა და სამშობლოში დაბრუნების იმედი. რეპრესირებულთა ცნობილი წარმომადგენლები ხელისუფლებასთან აგზავნიდნენ თხოვნას სამშობლოში დაბრუნებისა და კოლაბორაციონიზმში დადანაშაულების მოხსნის შესახებ.

1957 წლის 11 თებერვალს სსრკ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა პრეზიდიუმის ბრძანება და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ავტონომიური რესპუბლიკა კვლავ შეიტანეს, ჩეჩნებმა და ინგუშებმა კი სამშობლოში დაბრუნება შეძლეს.

ვაგონები, რომლებიც გამოიყენებოდა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისათვის.

დაბრუნებაც არ იყო ადვილი - 13 წლის თავზე ყველაფერი ახლიდან უნდა დაეწყოთ და მეურნეობა ხელახლა წამოეწიათ. სამსახური ისევ არ იყო, სახლების ნაწილი სხვა ხალხის მიერ დაკავებული დახვდათ - ამიტომ ხშირად ადგილი ჰქონდა ეთნიკურ კონფლიქტებს. 1961 წელს რეპატრიაცია დასრულდა, ჩეჩნეთში დაბრუნდა დაახლოებით 360.000 ჩეჩენი და 76 ათასი ინგუში.

1989 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის საფუძველზე რეპრესიები არაკანონიერად შეფასდა. 2014 წლის 26 თებერვალს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია აღიარა გენოციდის აქტად.

დეპორტაციის დროს დაღუპულთა მემორიალი

გამოყენებული ლიტერატურა: ჩეჩენის ისტორიკოსის, ჰასან ბაკაევის სტატია. საბჭოთა კავშირის უდიდესი მასობრივი ეთნიკური დეპორტაციის ისტორია http://www.damoukidebloba.ge/

myquiz