ქართველები და "ზამთრის ომი" - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი | Allnews.Ge

ქართველები და "ზამთრის ომი" - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი

მსოფლიო ომების ისტორიაში "ზამთრის ომის" სახელწოდებით შევიდა სსრკ-ფინეთის ომი, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და მასში საბჭოთა ჯარში მყოფი ასეულობით ქართველი მონაწილეობდა.

შემოდგომის მიწურულს, 500 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი ფინეთში შეიჭრა, იმ ოფიციალური მიზეზით, რომ "კრემლს ფინეთის გავლით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა". საბჭოთა ხელისუფლება ფინეთის მთავრობისგან მიწის გაცვლას ითხოვდა, ფინეთმა უარი განაცხადა...

საბჭოთა ჯარისკაცებისგან განსხვავებით, ფინელები ცივი ბრძოლებისთვის კარგად მომზადებულები იყვნენ

1940 წელს, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში, კუნძულ სურ-სარზე, ფინეთის არმიამ 43-ე მსროლელთა დივიზია გაანადგურა, რომელშიც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვადასხვა რესპუბლიკიდან 310 ადამიანი ირიცხებოდა, მათ შორის, ქართველები.

 

შემოდგომის მიწურულს დაწყებული ომის დასრულებას, საბჭოთა მეთაურობა რამდენიმე კვირაში გეგმავდა, თუმცა, ასე არ მოხდა - ფინელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაწიეს... არაადამიანურ პირობებში, -40 გრადუსამდე ყინვაში მიმდინარე ომს, უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ზოგიერთი არა ტყვიამ, არამედ აუტანელმა სიცივემ იმსხვერპლა...

გაყინული საბჭოთა ჯარისკაცის ცხედარი

წლების შემდეგ, AMBEBI.GE-ს ქერჩის კომისიამ იმ ქართველი ჯარისკაცების ნაწილის გვარ-სახელები მიაწოდა, რომლებიც 1939-1940 წლებში "ზამთრის ომში" მონაწილეობდნენ. დოკუმენტების ნაწილი დღემდე დახურული იყო, ამიტომ ბევრი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება და დეტალებს მკითხველს ეტაპობრივად მივაწვდით.

გთავაზობთ სიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოგვაწოდეს:

სერგო ანტონის ძე ტაბატაძე - დაბადებული 1917 წელს, ქალაქ ხაშურში, ლენინის ქუჩის 43 ნომერში. ასეულის უმცროსი მეთაური. დაიღუპა 1940 წლის 19 თებერვალს. მისი დასაფლავების ადგილად მითითებულია ლენინგრადის ოლქი, გატჩისნკის რაიონი, სოფელი კიამარა.

გრიგორი ველიას (ვარლამის) ძე აგლაძე - დაბადებული 1916 წელს, ქუთაისის რაიონის სოფელ გეგუთში. 1939 წლის 27 დეკემბერს ტყვედ ჩავარდა, გადაიყვანეს #1 ბანაკში, თუმცა, ფინეთის ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ იქიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც მისი ბედი უცნობია...

სერგეი პოლიკარპეს ძე არველაძე - დაბადებული სამტრედიაში. დაიღუპა ფრონტის ხაზზე, 1940 წლის 15 თებერვალს.

დემურ პანკოს ძე აბაშიძე - დაბადებული 1917 წელს ხულოს რაიონის სოფელ ალმეში. 1940 წლის 5 მარტს ტყვედ ჩავარდა ნასტალოში. ფინეთის ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტებით მიხედვით, ის ფინეთში, საბჭოთა ტყვეთა ბანაკში იყო.

ვასილი სემიონის ძე ბოლქვაძე - დაბადებული 1919 წელს, მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთი) რაიონის სოფელ კონჭკათში. საბჭოთა ჯარში გაწვევის თარიღია 1939 წლის 30 იანვარი, 1940 წლის 3 ივლისიდან ფინეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გიორგი რომანის ძე გოგინაშვილი - დაბადებული 1916 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში. 1940 წლის 2 თებერვალს, ბრძოლისას გამჭოლი ჭრილობა მიიღო, დაიღუპა იმავე წლის 3 მარტს.

მიხეილ ატას (ან ავთოს) ძე ჯიჭონაია - დაბადებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში. მსახურობდა ლიტვის სსრ-ში, მეხუთე განყოფილებაში, 1939 წლის შემდეგ, მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

აბრამ გიორგის ძე ჯავახიშვილი - დაბადებული 1918 წელს, თელავის რაიონის სოფელ შალაურში. 1940 წლის მარტიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

myquiz