"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები | Allnews.Ge

"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები

ფრანგული გაზეთი "ლე ფიგარო“ («Le Figaro») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ახალი ერა ქალებისათვის ჯო ბაიდენის პირად გვარდიაში“, რომელიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციაში ქალების როლი და მნიშვნელობაა გაანალიზებული (ავტორი - ჟან-სებასტიან სტელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი არჩევის საკითხში ნაწილობრივ იმას უნდა უმადლოდეს, რომ ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისისკანდიდატურა შეარჩია. მაგრამ ჯო ბაიდენი მხოლოდ ამ ქალბატონზე არ გაჩერებულა: ფინანსები, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, "კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვა... ქალებს ჩააბარა. ამერიკაში ქალებს ამდენი საკვანძო თანამდებობა არასდროს დაუკავებიათ...

კამალა ჰარისი - არამარტო პირველი ქალია, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის ესოდენ მაღალი პოსტი დაიკავა სახელმწიფოს არსებობის დღიდან, ანუ 1776 წლიდან, იგი არამარტო პირველი ქალია, რომელიც ფერადკანიანია და წარმოშობით აზიელია, არამედ იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგვარი სიმბოლოა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია არა ქალების რაოდენობა, არამედ მათი გავლენა, რომელსაც თითოეული მათგანი მოახდენს ქვეყნის მართვაზე. დონალდ ტრამპს კაბინეტში არცერთი ქალი არ ჰყავდა“, - აღნიშნავს ავტორი.

ჯანეტ იელენი

"აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მის ადმინისტრაციაში ქალების როლის მნიშვნელობა აუცილებლად აისახებოდა. მართლაც, მთავრობაში 15 წევრიდან 5 ქალია. მათგან ორი თავიანთ პოსტებზე პირველები არიან - პრესტიჟულ ფინანსთა სამინისტროს ადრე ქალი არასდროს ხელმძღვანელობდა, დღეს კი მინისტრის კანდიდატად ჯანეტ იელენია წარდგენილი. აშშ-ში, რომელიც თავდაპირველად ინდიელთა ქვეყანა იყო, მთავრობაში ინდიელი არასოდეს ყოფილა. დღეს ასეთი სიტუაცია უკვე გამოსწორდა: ინდიელი ქალი დებ ჰაალანდი შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი - იგი იმ საკითხებს გადაწყვეტს, რომლებიც მიწის სარგებლობას ეხება, წიაღისეულის ამოღებას, ეროვნულ პარკებს, რესურსების მართვას. დებ ჰაალანდი ამერიკის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელია, იმ ინდიელთა ტომიდან - ლაგუნა პუებლოდან, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატში ცხოვრობს.

ლინდა თომას გრინფილდი

 

ავრილ ჰეინსი უხელმძღვანელებს ყველა 17 სპეცსამსახურს, დაწყებული მძლავრი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და ზესაიდუმლო ეროვნული უშიშროების სააგენტოთი დამთავრებული. ლინდა თომას გრინფილდი აშშ-ის ახალი სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება გაეროში. პრეზიდენტის სპეციალური ეკონომიკური მრჩეველი იქნება პრინსტონის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი ნირა ტანდენი, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაწყვეტს. ყველა ეს თანამდებობები მინისტრის რანგთანაა გათანაბრებული. მთლიანობაში კი ჯო ბაიდენის გუნდში 10 ქალი და 11 კაცი იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.

ნირა ტანდენი

 

"ჯო ბაიდენი ქალებს ბევრ რამეს უნდა უმადლოდეს. ფაქტობრივად, სწორედ მათ, ქალებმა უზრუნველყვეს მისი გამარჯვება, განსაკუთრებით მობილიზებულნი იყვნენ აფროამერიკელი ქალები. და ეს მთავრობაც, რომელშიც ქალებმა დამაბალანსებელი წილი მიიღეს, სამართლიანობის გამოხატულებაა“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს პუბლიკაციის ავტორი.

myquiz