ჯილ ბაიდენი, აშშ-ის ახალი პირველი ლედი - ყველაფერი ქალზე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს ცოლობაზე ხუთჯერ უთხრა უარი | Allnews.Ge

ჯილ ბაიდენი, აშშ-ის ახალი პირველი ლედი - ყველაფერი ქალზე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენს ცოლობაზე ხუთჯერ უთხრა უარი

დღეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. თბილისის დროით 21:00 საათზე ის ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსის წინაშე დადებს.

საზოგადოების მთავარი ყურადღება ახლა თეთრი სახლის ახალი ბინადრებისკენაა მიმართული და პრეზიდენტზე არანაკლებ ინტერესს მისი ცოლი იწვევს, რომელიც შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედია.

გავიცნოთ ჯილ ბაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი

77 წლის ჯოსა და 68 წლის ჯილს 43-წლიანი ქორწინება აკავშირებთ. ჯილი ბაიდენის მეორე ცოლია, ერთმანეთი 1975 წელს გაიცნეს, როდესაც 33 წლის ჯო ბაიდენი უკვე ამერიკის სენატორი იყო, 24 წლის ჯილი კი კოლეჯში, დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა.

მანამდე ორივე მათგანი დაქორწინებული იყო. ჯოს პირველი ცოლი და 1 წლის ქალიშვილი 1972 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალნენ. ახალგაზრდა ქვრივ სენატორს ორი ვაჟი დარჩა. ჯილი და მისი პირველი ქმარი კი ქორწინებიდან მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

სენატორი ვაჟებთან ერთად

 

"ის ჩემზე 9 წლით უფროსი იყო, მაგრამ პირველივე დანახვისას ერთმანეთს შევხედეთ ისე, როგორც ქალმა და მამაკაცმა. სახლთან მიმაცილა და ხელზე მეამბორა...სახლში მისული კიბეზე ავედი და დედას ვუთხარი, "ბოლოს და ბოლოს, მე შევხვდი ჯენლტმენს“, - იხსენებს ჯილი.

  • ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი

ჯო და ჯილ ბაიდენები 43 წელია დაქორწინებულები არიან და ერთმანეთს გვერდით უდგანან წარმატებისა, თუ წარუმატებლობის დროს, მხიარულ დღეებში, თუ ტრაგიკული დანაკარგებისას, მაგრამ როგორც ჯო ბაიდენი ხშირად იხსენებს, საყვარელ ქალს ხელი ხუთჯერ სთხოვა, ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

"ჯო ხშირად ამბობს, რომ მე მას ცოლობაზე ბევრჯერ ვუთხარი უარი, სიმართლე კი ის არის, რომ ის თავიდანვე მიყვარდა. პირველი ქორწინების იმედგაცრუების შემდეგ, აღარ მსურდა, რომ კვლავ გამომეცადა, რას ნიშნავს, როცა გული აღარ გემორჩილება, მაგრამ როცა ჯოს შევხვდი, ძველი შეგრძნებები სადღაც გაქრა და ახალ რეალობაში აღმოვჩნდი: "მე შეყვარებული ვიყავი“, - ამბობს ჯილ ბაიდენი.

მისივე თქმით, სურდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ სწორ ნაბიჯს დგამდა.

"ხელის ყოველი თხოვნისას ვეუბნებოდი, ჯერ არა, ჯერ არა, ჯერ არა...როცა დავთანხმდი, უკვე ბიჭებიც (ჯოს შვილები) ძალიან მიყვარდა, მათაც ვუყვარდი და ვგრძნოდი, რომ ეს ქორწინება წარმატებული იქნებოდა და ვფიქრობდი, რომ ბიჭებმა უკვე ერთი დედა დაკარგეს და მე არ შემეძლო, მათთვის მეორე დედა წამერთმია, ამიტომაც, 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი“, - ამბობს ჯილი.

ჯილმა თავისი ქმრის შვილებს დედობა გაუწია

 

ჯილი და ჯოს ვაჟი, ჰანთერი

 

წყვილმა 1977 წლის 17 ივნისს იქორწინა. თაფლობის თვეში კი ჯოს ვაჟებიც, ბიუ და ჰანთერიც წაიყვანეს. 1981 წელს მათ პირველი საერთო შვილი, ეშლი შეეძინათ. "ამით ჩვენი ოჯახი შეივსო“, - ამბობს ჯილი.

ფოტოზე ჯო ქალიშვილთან, ეშლისთან ერთადაა აღბეჭდილი

 

  • ჯანმრთელობის პრობლემები და ოჯახის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია

1988 წელს ჯოს ანევრიზმა აღმოაჩნდა და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე წელს ჯოს ფილტვის ემბოლიაც ჰქონდა, თუმცა ჯილის თანადგომის წყალობით, ბაიდენმა მოახერხა ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევა. ჯო თავისი ცოლის განსაკუთრებულობის შესახებ ხშირად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ქალმა ბევრჯერ დაუბრუნა მას ცხოვრების ძალა.

2012 წელს, დემოკრატების ყრილობაზე

 

2009 წელს ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადებისას

 

ბაიდენი ჯილის სიყვარულზე თავის მემუარებშიც წერს - "მან მე ცხოვრება დამიბრუნა, მან მაფიქრებინა, რომ შესაძლებელი იყო ისევ მქონოდა ოჯახი“, - აღნიშნავს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი.

ბაიდენების ოჯახში 2015 წელს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ჯოს ვაჟი, ბიუ ბაიდენი ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე ჯო ბაიდენმა უარი თქვა.

ჯო და ჯილ ბაიდენების ფოტო ვაჟის დაკრძალვიდან

 

  • რომანტიკოსი ჯო ბაიდენი

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და სტრესული საქმისა, ცოლ-ქმარი მაინც ახერხებს, რომ ერთმანეთს რომანტიკული სიურპრიზები მოუწყონ. უფრო მეტიც, მათ ურთიერთობას ახლაც კი თან ახლავს თინეიჯერული რომანტიზმი. ერთ-ერთი უჩვეულო სიურპიზი ბაიდენმა საყვარელ ქალს 2010 წელს გაუკეთა. ვალენტინობის დღეს ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე მან ხეზე აბრა გააკრა, სადაც ეწერა - "ჯოს უყვარს ჯილი"."ჯოს უყვარს ჯილი"

ambebi.ge

 

myquiz