ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს | Allnews.Ge

ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს

საქართველოს ისტორიაში ქართველი მეფეების გარდა სამეფოს მართვა-გამგეობაში ხშირად მნიშვნელოვან როლს დედოფლებიც ასრულებდნენ. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, რამდენიმე ქართველი დედოფალი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მათზე სასაუბროდ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს მივმართეთ.

დედოფალი საგდუხტი

ვახტანგ გორგასლის დედა საგდუხტი წარმოშობით სპარსელი, რანის ათაბაგის შვილი იყო. გარდა იმისა, რომ გათხოვების შემდეგ თვითონ გაქრისტიანდა, ქრისტიანობა იმდენად შეითვისა, რომ თავისი შვილებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებად გაზარდა. საგდუხტ დედოფალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვახტანგის გამეფებისას. მირდატ მეფის გარდაცვალებისას ვახტანგი 7 წლის იყო და მისი მამისა და პაპისგან მიყენებული ზიანის გამო, რანის ათაბაგს საქართველოზე თავდასხმა ჰქონდა გადაწყვეტილი, საგდუხტი კი რანის ათაბაგთან, ანუ მამამისთან წავიდა, მუხლებში ჩაუვარდა და დაითანხმა, რომ არათუ საქართველოს არ დასხმოდა, ვახტანგი ქართლის მეფედ ეცნო და რაც მთავარია, ეშუამდგომლა ირანის შაჰთან, რომ ვახტანგი ქართლის მეფედ დაემტკიცებინათ.

დედოფალი მარიამი - ბაგრატ IV-ის დედა

ერთიანი საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბაგრატ მეოთხის დედას, მარიამ დედოფალს. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, მარიამი საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ორჯერ გახლდათ ბიზანტიის იმპერიაში წასული და ორჯერვე მისი მისია წარმატებით დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად შესრულდა ის მიზანი, რაც ორივე წასვლაზე იყო დასახული.

გიორგი პირველის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ მეოთხის გამეფებისას საქართველოს თავს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე ესხმოდა, თუმცა როგორც „მატიანე ქართლისაი“ წერს, „ღმერთმა პატივი სცა ბაგრატს და კონსტანტინე გარდაიცვალაო“. მის ნაცვლად იმპერატორი გახდა რომანოსი, რომელთანაც მარიამმა მოლაპარაკება მოახერხა. დედოფალი კონსტანტინეპოლში ჩავიდა და დამყარდა მშვიდობა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დელეგაციას მარიამი ხელმძღვანელობდა. ამ მშვიდობის გარეგანი გამოხატულება ის იყო, რომ ბაგრატს კურაპალატის ტიტული მიანიჭეს და მეფემ ცოლად იმპერატორის ძმისშვილი ელენე შეირთო.

მოგვიანებით ბაგრატ მეოთხეს ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპარიტ ბაღვაში აუჯანყდა, რომელიც მეფეს განსაკუთრებით ეურჩებოდა, ამიტომ ბაგრატი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი რუისში მეფედ ეკურთხებინა, თავად კი ბიზანტიაში წასულიყო, რომ ლიპარიტთან ურთიერთობა იმპერატორის მეშვეობით მოეგვარებინა. სამი წელი ბაგრატი „საპატიო ტყვეობაში“ ჰყავდათ და მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც 1057 წელს მარიამ დედოფალი ბიზანტიის იმპერიაში ჩავიდა. ამ შემთხვევაშიც მარიამმა მოახერხა ის, რომ მისმა ელჩობამ სასურველი შედეგი გამოიღო და ბიზანტიამ ბაგრატი გაათავისუფლა.

მეფე გიორგი და მარიამ დედოფალი, ხახულის ხატის დეტალი

თამარ მეფე

თამარი იყო მეფეც და დედოფალიც. მისი დონის დიპლომატი საქართველოს არ ჰყოლია. თამარს მეფობის დასაწყისშივე ხვდება პრობლემები. გარდაიცვალა ძლიერი ხელისუფალი გიორგი მესამე, რომელსაც თამარი უკვე დასმული ჰყავდა თანამოსაყდრედ. სამეფო ტახტზე დარჩენილი ახალგაზრდა მეფე-ქალის წინაშე დიდგვაროვნებმა თავიანთი უფლებების გაფართოება სცადეს. ფაქტობრივად, თავისი მეფობის პირველ ეტაპზე თამარმა მათ თითქმის ყველა სურვილი შეუსრულა: თანამდებობებიდან გაათავისუფლა გიორგი მესამის დროს დაწინაურებული დიდგვაროვნები ანუ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგნელები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ დანიშნული. ამას გარდა, დათანხმდა გიორგი რუსზე ქორწინებას, ეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. ყუთლუ-არსლანთან, რომელიც ხელისუფლების გაყოფას მოითხოვდა, თამარმა მშვიდობიანი ურთიერთობა მოახერხა. მიუხედავად ამ დათმობებისა, თამარმა ყველა პრობლემა აბსოლუტურად უსისხლოდ მოაგვარა.

თამარის მოღვაწეობის პერიოდი ოქროს ხანად არის შეფასებული. მის დროს ქვეყანაში ძალიან დიდი შემოსავალი შემოდიოდა და სამეფო კარი ამ შემოსავალს მარტო თავისი ინტერესებისთვის არ იყენებდა. სახელმწიფო ინტერესების გარდა, დღეს რომ სოციალურად დაუცველებს ვეძახით, იმ დროს გაჭირვებულ ფენას სახელმწიფო ბიუჯეტის მეათედი ხმარდებოდა.

XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი

დარეჯან დედოფალი - ერეკლე II-ის ცოლი

ქართულ პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობდა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯანი. სხვათა შორის, დედოფალმა გარკვეულწილად უარყოფითი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მის სიტყვას ძალინ დიდი წონა და ფასი ჰქონდა. მაგალითად, ეს გამოიხატა იმაში, რომ როდესაც მეფემ იმერეთი არ შემოიერთა, აქ მნიშვნელოვანი როლი დარეჯანმა ითამაშა, ის იყო პროთურქული ორიენტაციის. სწორედ დარეჯანმა მიაღებინა ერეკლე მეფეს კანონი, რომლის მიხედვითაც სამეფო ტახტი უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე, არამედ ძმიდან ძმაზე. ერეკლეს 20-ზე მეტი შვილი ჰყავდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა დარეჯანი ამის დაკანონებას, ამასთან, ერეკლეს პირველი ვაჟი გიორგი მეთორმეტე დარეჯანის გერი იყო და დედოფალს მეფის პირველი ვაჟის გამეფება არ სურდა.

დარეჯან დედოფალი

განაგრძეთ კითხვა

myquiz