5 ახალი სტარტაპი, რომელიც კვების ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის | Allnews.Ge

5 ახალი სტარტაპი, რომელიც კვების ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის

ესპანეთში, სადაც ტრადიციული სამზარეულო განსაკუთრებით პოპულარულია, ბოლო ათწლეულში არაერთი მნიშვნელოვანი სტარტაპ-კომპანია დაარსდა, რომლებიც ინოვაციური იდეებით ცდილობენ კვების ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინონ. გლობალური კატასტროფების გახშირების, კლიმატის ცვლილების, გაუდაბნოებისა და პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ფონზე კომპანიების მიზანია ადამიანები საკმარისი საკვებით უზრუნველყონ.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე გამორჩეულ სტარტაპს:

Feltwood

ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც საკვები ნარჩენებისგან სპეციალურ კონტენიერებს- Feltwood-ებს ამზადებს. მათი გამოყენება შესაძლებელია პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, საჭმლის შესანახად. ამასთან, Feltwood ეკოლოგიურად სუფთაა და ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. სტარტაპის შემქმნელების თქმით, Feltwood-სგან კონტეინერების გარდა, ავეჯის, სათამაშოებისა და სხვა უამრავი ნივთის დამზადებაც შესაძლებელია.

Cubiq Foods

2018 წელს ესპანელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ნივთიერება Cubiq Foods, რომელიც ჯანსაღ და კალორიულ ცხიმს წარმოადგენს. მათი თქმით, Cubiq Foods ადამიანის ჯანმრთელობას არანაირ ზიანს არ მოუტანს და ცხოველური, თუ მცენარეული ცხიმის ნაცვლად საკვებში მათი გამოყენება სავსებით დასაშვებია. როგორც ცნობილია, სტარტაპით უკვე 30-ზე მეტი კომპანია დაინტერესდა.

Heura

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს, რომ 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა 10 მილიარდს გადააჭარბებს. ამასთან, კლიმატის ცვლილიების გამო დედამიწის მაცხოვრებელთა გამოკვება სულ უფრო რთული იქნება. ესპანელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი ნივთიერება- Heura, რომელიც კვების ინდუსტრიაში გადატრიალებას მოახდენს. მათი მტკიცებით, Heura კალორიებით მდიდარი პროდუქტია, რომლის ხორცისგან გარჩევაც ძალიან რთულია. მათ არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც თვალებახვეულმა ადამიანებმა ის ქათმისა და ძროხის ხორცისგან ვერ გაარჩიეს. ამასთან, Heura-ს წარმოებას ნამდვილ ხორცთან შედარებით გაცილებით ნაკლები ძალისხმევა და 94%-ით ნაკლები წყალი სჭირდება.

EthicHub

EthicHub არის ესპანურ-მექსიკური სტარტაპი, რომლის მიზანია პატარა ფერმის მფლობელებსა და მსხვილ კომპანიებს შორის კომუნიკაცია შედგეს, რაც მათ თანამშრომლობას უფრო პროდუქტიულს გახდის. მათი დახმარებით მექსიკელ ფერმერებსა და ესპანურ კომპანიებს შორის სავაჭრო კავშირები შეიქმნა და პროდუქტის მოთხოვნა-მიწოდება უფრო გამარტივდა.

ამასთან, სტარტაპი პატარა ფერმის მფლობელებს ეხმარება კომპანიებისგან დაფინანსება მიიღონ და წარმოება გააფართოონ. მათი დახმარებით ასობით ფერმერმა საკუთარ ტერიტორიაზე მზის სისტემის პანელების, სარწყავი სისტემებისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა შეძლო.

Foodini

2012 წელს ესპანელმა სტარტაპერებმა შექმნეს მოწყობილობა Foodini, რომელსაც საჭმლის მომზადება და "დაბეჭდვა" შეუძლია. ამისათვის კი, მიკროტალღური ღუმელის მსგავს მოწყობილობაში საჭირო ინგრედიენტები უნდა მოათავსოთ, მობილური აპლიკაციიდან სასურველი პროდუქტი აირჩიოთ და სულ რამდენიმე წუთში დანადგარი მას მოამზადებს. Foodini-ის ისეთი საჭმლის მომზადება შეუძლია, როგორებიცაა პიცა, ნამცხვრები, ორცხობილა, სპაგეტი და სხვა.

სტარტაპის შემქმნელები მის გაუმჯობესებაზე მუშაობენ და წლიდან-წლამდე მას ახალი ფუნქციები ემატება. ამჟამად არსებული მოდელი 4 000 ევრო ღირს.

myquiz