„როგორც იქნა ოცნება ავისრულე“-96 წლის იტალიელმა მამაკაცმა უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა | Allnews.Ge

„როგორც იქნა ოცნება ავისრულე“-96 წლის იტალიელმა მამაკაცმა უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა

ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს უნახავს ახალგაზრდები, რომლებსაც ოჯახის თანადგომის მიუხედავად უნივერსიტეტში სწავლის სურვილი არ აქვს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც სწავლის უდიდესი სურვილი აქვთ, მაგრამ ოჯახური მდგომარეობისა თუ სხვა პრობლემის გამო განათლების მიღებას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანია იტალიელი ჯუზეპე პატერნო, რომელმაც მთელი ცხოვრების ოცნება 96 წლის ასაკში აისრულა და პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ხარისხი მოიპოვა, თანაც საუკეთესო შედეგები აჩვენა და წარჩინების დიპლომიც მიიღო.

ჯუზეპე ყვება, რომ ის სიცილიაში 1930-იან წლებში საკმაოდ გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა. "განათლების მიღება ყოველთვის ძალიან მინდოდა, თუმცა ჩემს ოჯახს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო. ჩვენ დიდი და ძალიან ღარიბი ოჯახი გვქონდა."-იხსენებს ჯუზეპე.

ის ბავშვობიდანვე იძულებული გახდა ფიზიკურად ემუშავა და საკმაოდ ახალგაზრდას მე-2 მსოფლიო ომშიც კი მოუწია მონაწილეობის მიღება. 31 წლის ასაკში ჯუზეპე პატერნომ გადაწყვიტა საღამოს კურსებზე ევლო, რათა სკოლის ბოლო კლასების დასრულების ცნობა აეღო. "დღის განმავლობაში ვმუშაობდი, საღამოს სკოლაში დავდიოდი, ღამე კი ვსწავლობდი."-ყვება ის.

2017 წელს მან გადაწყვიტა უნივერსიტეტში საბუთები შეეტანა და დიდი ხნის ოცნება აესრულებინა. იმავე წელს ის პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

"მე დილით შვიდზე ვიღვიძებდი რომ მესწავლა. შუადღეს ვისვენებდი, შემდეგ კი ისევ ვაგრძელებდი სწავლას. მეზობლები ხშირად მეკითხებოდნენ: "ამ ასაკში რატომ ირთულებ ცხოვრებას? რად გინდა ეს ყველაფერი?"- ისინი ვერ ხვდებოდნენ თუ რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის"- აცხადებს ჯუზეპე.

კორონავირუსის პანდემიის გამო მას სწავლის გადადება შესთავაზეს, თუმცა ჯუზეპემ უარი განაცხადა, რადგან ეშინოდა სწავლის დასრულებას ვერ მოასწრებდა. რამდენიმე დღის წინ მან როგორც იქნა ოცნება აისრულა და უნივერსიტეტის კურსდამთავრბეული გახდა.

ჯუზეპეს ახლა სურვილი აქვს სწავლა მაგისტრის საფეხურზე გააგრძელოს. "თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს მინდა სწავლა ისევ გავაგრძელო. დედაჩემმა 100 წელი იცოცხლა. იმედია მეც ვიცოცხლებ კიდევ რამდენიმე წელს და მაგისტრატურის დასრულებას შევძლებ"-აცხადებს 96 წლის კურსამთავრებული.

myquiz