გაიცანით 27 წლის გუკო გასიტაშვილი, რომელიც პატარებისთვის ნატურალური ტყავის ფეხსაცმელს სახლში ქმნის | Allnews.Ge

გაიცანით 27 წლის გუკო გასიტაშვილი, რომელიც პატარებისთვის ნატურალური ტყავის ფეხსაცმელს სახლში ქმნის

შვილის შეძენა ყველასთვის ახალი, გამოწვევებით სავსე ცხოვრების საწყისია. 27 წლის გუკოსთვის ეს დღე ორმაგ გამოწვევად იქცა. ოჯახის პატარა წევრმა მას თავისი პროფესიის მიტოვებისა და ბავშვობის ოცნების განხორციელებისკენ უბიძგა.

"ჩემი შვილი იყო ერთ-ერთი მთავარი შთაგონება, რის გამოც სახლში ყოფნა და ჩემი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე"- ამბობს გუკო გასიტაშვილი, რომელიც სახლში ბავშვის ფეხსაცმელებს კერავს.

პირველი ფეხსაცმელი თავის შვილს შეუკარა და, როგორც ახლა თვითონ იხსენებს, მისმა ნამუშევარმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მან თავისი ბავშვობის გატაცების მუდმივ საქმიანობად ქცევა გადაწყვიტა.

გუკო პროფესიით ფსიქოლოგია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და თავისი პროფესიით მუშაობის გარდა, სხვადასხვა სფეროში საქმიანობაც უწევდა. თუმცა, ცხოვრების ახალი ეტაპი მისგან ალტერნატიულ სამუშაო გეგმას მოითხოვდა და სწორედ მაშინ გაახსენდა ბავშვობის გატაცება - ხელსაქმე.

"ბავშვობიდან ყოველთის მიყვარდა ხელსაქმე, რაღაცების გაკეთება და ვიფიქრე, რატომაც არა - დავიწყებ, გავაკეთებ და ვნახოთ, რა იქნება. თავიდან ფეხსაცმლის დამზადება არ ვიცოდი, ამიტომ ვყიდულობდი უკვე მზა ფეხსაცმელს, ვაფორმებდი და ისე ვყიდდი",- იხსენებს Allnews.ge-სთან საუბარში სტარტაპის წამოწყების პირველ ნაბიჯებს გუკო გასიტაშვილი.

ფეხსაცმლის შეკერვა ინტერნეტის დახმარებით ისწავლა, შემდეგ კი ცხოვრების გამოწვევა მიიღო და USAID-ის პროექტ Yes Georgia-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა იდეამ მოწონება დაიმსახურა და სპეციალური კურსების გავლის შესაძლებლობა მიეცა. კურსების დასრულების შემდეგ იდეა ინვესტორებსაც წარუდგინა და დაფინანსება მოიპოვა - "აქედან მე უკვე დავიწყე ჩემი სტარტაპი"- ამბობს გუკო.

თუმცა, წარმატებისკენ სწრაფვა აქ არ დაუსრულებია, კომპეტენციის გარღმავება და ამ მიზნით კოლეჯში ჩაბარება გადაწყვიტა. ერთ თვეში უკვე დიპლომს აიღებს და ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სერთიფიცირებული სპეციალისტი გახდება.

"მარტში გახდება ერთი წელი, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ. თავიდან სამუშაოდ პატარა კუთხე გავიკეთე, ახლა უკვე გავფართოვდი და ჩემს ხელსაქმეს მთლიანი ოთახი დავუთმე"- ამბობს გუკო გასიტაშვილი.

როგორც მშობელს, კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, ამიტომ, როგორც თვითონ ამბობს, პატარებისთვის ფეხსაცმლის შესაკერად ნატურალურ ტყავს იყენებს, რომელიც საქართველოში და იტალიაშია დამზადებული.

"ფეხსაცმელი, როგორც გარედან არის ტყავის, ასევე სარჩულსაც ნატურალური ტყავისას ვაკეთებ, ასე რომ, ბავშვს ფეხი არც უოფლიანდება, შემთხვევით, პირშიც რომ ჩაიდოს, ეს არ არის მისთვის საზიანო, როგორც შეიძლება, სხვა წარმოების ფეხსაცმელები იყოს. ჩვენ ვზრუნავთ პატარებზე. მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტულია".

გუკო გასიტაშვილს გარემოს ნაკლებად დაბინძურებაშიც თავისი წვლილი შეაქვს, ამიტომ ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატარებისთვის დამზადებულ ფეხსაცმელებს ქაღალდის შეფუთვაში დებს და მომხმარებელთან ისე გზავნის.

გუკოს ნამუშევრებს მომხმარებელი ძირითადად სოციალური ქსელების Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით იცნობს, სადაც სტარტაპს თავისი გვერდი აქვს და ფეხსაცმლის ყველა ნიმუში იქ იდება. გუკოს თქმით, მომხმარებელი ბევრია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ფეხსაცმელები ნატურალური პროდუქტისგან თანაც ხელით იკერება, გარდა ამისა, გუკო თავის მომხმარებელს საკუთარი დიზაინის წარდგენის შესაძლებლობას და ფეხსაცმლის იმ დიზაინით შეკერვას სთავაზობს. ფეხსაცმლის გარდა მომხმარებლებს გუკო გასიტაშვილის მიერ შექმნილი ბაფთების, სამაჯურებისა და თმისსამაგრების შეძენაც შეუძლიათ. როგორც მან Allnews.ge-ს უთხრა, ის მალე ახალი აქსესუარების დამატებას გეგმავს, თუმცა გაფართოება მხოლოდ აქსესურაბის ჩამონათვალს არ შეეხება, ვირტუალური სივრციდან ის დიდ სავაჭრო ცენტრებში გადანაცვლებას გეგმავს, ამიტომ სულ მალე, შესაძლოა, Guf.გაფ-ის სტენდებიც შეგხვდეთ.

ამას გარდა, ამბობს, რომ უკვე ღამეების გათენება უწევს იმისთვის, რომ შეკვეთების გამზადება მოასწროს, ამიტომ მომავალში კიდევ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას და სამუშაო ადგილის გაფართოებასაც გეგმავს.

myquiz