რა ღირს ორგანოთა გადანერგვა საქართველოში და ვინ შეიძლება იყოს დონორი? - ინტერვიუ ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელთან | Allnews.Ge

რა ღირს ორგანოთა გადანერგვა საქართველოში და ვინ შეიძლება იყოს დონორი? - ინტერვიუ ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელთან

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი, საქართველოც შედის. ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვაა შესაძლებელი. ტრანსპატოლოგთა ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, 1977 წლიდან დღემდე 344 ორგანოგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს.

უფრო კონკრეტულად, ვინ შეიძლება იყოს დონორი, რა ღირს ორგანოთა გადანერგვა და რა არის აკრძალული, საკითხებზე Allnews.ge საქართველოს ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, გია თომაძეს ესაუბრა:

ასოციაცია 1997 წელს დაარსდა და მისი ფუნქციაა, ხელი შეეწყოს საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარებას.

-რომელი ორგანოების გადანერგვა ხდება მსოფლიოსა და საქართველოში?

-მსოფლიოში ხდება 6 ძირითადი ორგანოს გადანერგვა. ამ 6 ორგანოდან ყველაზე ხშირად ინერგება თირკმელი, ღვიძლი, მერე გული, ფილტვი, პანკრეასი და ბოლოს წვრილი ნაწლავი. ჩამოთვლილი ორგანოებიდან საქართველოში მხოლოდ 2 ორგანოს გადანერგვა ხდება - თირკმლისა და ღვიძლის. თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 1977 წელს ჩატარდა, ხოლო 1995 წლიდან რეგულარულად მიმდინარეობს. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია კი პირველად 2014 წელს ჩატარდა.

-რა ჯდება აღნიშნული ოპერაციები?

-თირკმლის გადანერგვის ოპერაცია დაახლოებით 25 000 ლარი ღირს, რასაც მთლიანად სახელმწიფო იხდის. ღვიძლის გადანერგვა უფრო ძვირია, 120 000 ლარი და ნახევარზე მეტს იხდის სახელმწიფო.

-ვის შეუძლია იყოს დონორი?

-საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით, უპირატესობა ენიჭება ოჯახის წევრს, ახლობელს, ნათესავს, მეუღლეს. 2015 წელს მიღებული უფლებებით უკვე მეგობარიც შეიძლება იყოს. სხვა შემთხვევაში კანონით ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია და ითვალისწინებს პატიმრობას. რაც შეეხება გვამურ დონაციას, საქართველოში ჯერ არ დაწყებულა.

-რამდენად უსაფრთხოა დონორობა?

- საქართველოში დონორის გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ვინც ორგანოს ინერგავს, სამწუხაროდ, ყოფილა გარდაცვალების შემთხვევა, რადგან ეს თავისთავად რთული ოპერაციაა და პაციენტების მდგომარეობაც მძიმეა, ამიტომ სამწუხაროდ, ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება ეს ოპერაცია.

-დონორის ასაკი შეზღუდულია?

-ზოგადად უკეთესია, რეციპიენტისა და დონორის ასაკი იყოს მსგავსი, არ იყოს დიდი სხვაობა, ისე კი, 65 წლამდე არის ოპტიმალური დონორობა.

-ბევრი მაინც უცხოეთში მიდის ოპერაციის გასაკეთებლად, რატომ?

-პირველ რიგში იმიტომ, რომ საზღვარგარეთ ამ ორი ორგანოს გარდა, სხვა ორგანოების გადანერგვაც ხდება. მაგალითად, ჩვენთან აღრიცხვაზე არის 6 გულგადანერგილი პაციენტი, გულის გადანერგვა საქართველოში არ კეთდება. ამას გარდა, თუ ადამიანს დონორად არ სურს ახლობელი და ნათესავი, მაშინ მას ესაჭიროება გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გადანერგვა, რომელიც ჩვენთან არ წარმოებს, აქედან გამომდინარე, მას უწევს ოპერაციის უცხოეთში გაკეთება.

-როგორც ვიცი, თქვენ ცოცხალი დონორი ბრძანდებით...

-ყველას შეუძლია გახდეს დონორი, ამისათვის შეიძლება ონლაინდარეგისტრირება ან ჩვენს ასოციაციაში მისვლა, სადაც დააფიქსირებთ თქვენს სურვილს. ორივე შემთხვევაში გამოგეწერებათ დონორის ბარათი და გადმოგეცემათ. ამ შემთხვევაში ცოცხალი დონორობა გულისხმობს გარდაცვალების შემდეგ დონორობას, მეც ვარ ცოცხალი დონორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელი იქნება ჩემი ორგანოების გამოყენება გადასანერგად.

myquiz