რატომ არ არის უსაფრთხო ჭოჭინა ბავშვებისთვის? - პროფესორ გარი სმიტის თქმით, აღნიშნული მოწყობილობა აღარ უნდა იყიდებოდეს | Allnews.Ge

რატომ არ არის უსაფრთხო ჭოჭინა ბავშვებისთვის? - პროფესორ გარი სმიტის თქმით, აღნიშნული მოწყობილობა აღარ უნდა იყიდებოდეს

უსაფრთხოების სტანდარტებში ცვლილებების შეტანის შემდეგ მკვეთრად დაეცა ჭოჭინის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭოჭინის მოხმარების გამო ყოველწლიურად 9 ათასი ბავშვი იღებს დაზიანებებს. ამის შესახებ კვლევა ორშაბათს ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, 1990-დან 2014 წლამდე 15 თვემდე ნაკლები ასაკის მქონე 230 676 ბავშვს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ჭოჭინით სიარულის შედეგად იყო გამოწვეული.

ინციდენტების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად 90%-ზე მეტი თავის ან კისრის დაზიანებით სრულდებოდა. ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელიც შემთხვევათა 74,1% ზე მოდიოდა, კიბიდან ჩამოვარდნა იყო. დაზიანებათა გამომწვევ სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავი იყო ჭოჭინიდან გადმოვარდნა.

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ ბორბლებზე არსებული ჭოჭინების აკრძალვა მოითხოვა. აკადემიის ცნობით, მოწყობილობას ბავშვის განვითარების უპირატესობა არ აქვს და პირიქით, მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაგალითისთვის უნდა ითქვას, რომ კანადაში ჭოჭინების გაყიდვასა და წარმოებაზე სრული აკრძალვა მოქმედებს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, გარის სმიტის განმარტებით, მას ჭოჭინით გამოწვეული დაზიანებებისადმი ინტერესი 30 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც გადაუდებელი დახმარების ექიმისა და პედიატრის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და სულ უფრო მეტი ბავშვის მკურნალობა უხდებოდა, რომლებმაც მსგავსი დაზიანებები მიიღეს.

კვლევის თანახმად 1997 წელს აშშ-ში უსაფრთხოების სტანდარტებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მაგალითად, ჭოჭინის ჩარჩო უფრო ფართო გახდა და მას დაემატა მუხრუჭი იმ შემთხვევისთვის თუ ჭოჭინის ერთი ბორბალი მაინც გადასცდებოდა კიბეს. 2010 წელს აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიამ აღნიშნული სტანდარტების დაცვა სავალდებულო გახადა და უფრო მკაცრად დაიწყო მათი შესრულების გაკონტროლება.

"მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, ის ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი დაზიანებების წყარო",- ამბობს გარი სმიტი და აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული მოწყობილობა აღარ უნდა იყიდებოდეს.

წყარო: CNN

myquiz