რა აღმოაჩინეს 30-ტონიან სარკოფაგში, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სამარხი ეგონათ | Allnews.Ge

რა აღმოაჩინეს 30-ტონიან სარკოფაგში, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სამარხი ეგონათ

შავი გრანიტის სარკოფაგი ეგვიპტელმა მშენებლებმა ივლისის დასაწყისში აღმოაჩინეს, რომელიც 30 ტონას იწონიდა. ის ყველაზე დიდი სარკოფაგია, რომელიც ალექსანდრიაში ოდესმე აღმოუჩენიათ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სარკოფაგში  თავად ალექსანდრე მაკედონელის ნეშტი შეიძლება ყოფილიყო და მისი გახსნა გადაწყვიტეს. სარკოფაგში 3 ადამიანის ნეშტი იყო, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ აღმოჩნდა მაკედონელი.

1960 წლიდან დღემდე ალექსანდრე მაკედონელის საფლავის აღმოჩენის სულ მცირე 140 მცდელობა იყო, თუმცა არც ერთი მათგანი წარმატებით არ დასრულებულა. მაკედონელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე არ არის დადგენილი. არ არის ცნობილი არც ის, თუ სად დაკრძალეს მხედართმთავარი.

როდესაც ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალექსანდრიაში 30 ტონა წონის მქონე შავი გრანიტის სარკოფაგი აღმოაჩინეს, ბევრმა მეცნიერმა იფიქრა, რომ სწორედ ის იქნებოდა მხედართმთავროის საფლავი. სარკოფაგის აღმოჩენის შემდეგ ორი მთავარი კითხვა გაჩნდა - უნდა გაეხსნათ თუ არა სარკოფაგი და რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ეს.

შესაბამისად, ორი პოზიცია დაფიქსირდა - მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ თუ ეს ნამდვილად ალექსანდრე მაკედონელის სამარხი აღმოჩნდებოდა, ნამდვილად დიდი წარმატება იქნებოდა, მეორე მოსაზრებით კი უძველესი სარკოფაგის გახსნით ეგვიპტეში შესაძლოა, წყევლა გავრცელებულიყო.

ცრურწმენა იმდენად დიდი იყო, რომ როდესაც საბოლოოდ სარკოფაგი გახსნეს, ეგვიპტის არქეოლოგიის უმაღლესი საბჭოს გენერალურ მდივანს, მუსტაფა ვაზირის, სიტყვით გამოსვლა და იმის განმარტება მოუხდა, რომ სარკოფაგი დაწყევლილი არ იყო. სარკოფაგის შიგნით, რომელშიც წყალი იყო ჩასული, სამი ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანის თავის ქალა სავარაუდოდ ისრის სროლის შედეგად იყო დაზიანებული, რაც შეიძლება, იმაზე მეტყველებდეს, რომ სამივე მათგანი მეომარი იყო. ოქროს ნიღბები და სხვა ძვირფასი ნივთები სარკოფაგში არ აღმოჩნდა.

ამჟამად სარკოფაგში აღმოჩენილი ძვლები და თავად სარკოფაგიც ალექსანდრიის ეროვნულ მუზეუმშია გადაგზავნილი. იქ არქეოლოგები განაგრძობენ მუშაობას და დაადგენენ ამ ადამიანების ცხოვრების ზუსტ თარიღსა და მათი გარდაცვალების მიზეზს.

myquiz