"მნიშვნელოვანი კვლევაა ბავშვის კისრის ნაოჭის განსაზღვრა, რომელიც 12-13 კვირაზე კეთდება" - გამოკვლევები, რომლებიც ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს | Allnews.Ge

"მნიშვნელოვანი კვლევაა ბავშვის კისრის ნაოჭის განსაზღვრა, რომელიც 12-13 კვირაზე კეთდება" - გამოკვლევები, რომლებიც ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს

ორსულობის 9-თვიანი პერიოდის განმავლობაში ექიმები ორსულებს მუდმივად ურჩევენ დასვენებას, ჯანსაღი საკვების მიღებას, საკმარის ძილს და მშვიდად ცხოვრებას. ამ პერიოდის განმავლობაში ორსულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იტარებენ შესაბამის გამოკვლევებსაც, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საფრთხეები მაინც არსებობს, რაც შესაძლოა, როგორც დედას, ასევე ნაყოფსაც დაემუქროს. რას უნდა მიაქციონ ორსულებმა ყურადღება 9 თვის მანძილზე და რა გართულებებმა შეიძლება იჩინოს თავი ამ პერიოდში, ამის შესახებ Allnews.ge ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგს, ფიქრია კამლაძეს ესაუბრა.

როგორც ვიცით, არსებობს სახელმწიფო პროგრამა ორსულებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორსულს გინეკლოგთან ვიზიტი და გარკვეული გამოკვლევები უფასო აქვს. რამდენჯერ ეკუთვნის ორსულს ექიმთან ვიზიტი უფასოდ და რა გამოკვლები უტარდება მათ?

2018 წლის თებერვლამდე ორსულობის პერიოდში მოქმედებდა ოთხი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი, ანუ ანტენატალური მეთვალყურეობა ორსულის გულისხმობდა მთელი 9 თვის განმავლობაში ექიმთან ოთხჯერ ვიზიტს, რაც ნიშნავს ორსულის მეთვალყურეობას მშობიარობამდე. ეს პროგრამა მოქმედებდა 2007 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე.

მოგვიანებით, ნათელი გახდა, რომ 4 ვიზიტი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ორსულობა ბოლომდე ნორმალურად, გართულებების გარეშე მისულიყო და 2018 წლის პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებულია ორსულებისათვის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით 8 ვიზიტი.

პირველ ვიზიტზე პაციენტი მოდის 13 კვირამდე. ამ ვიზიტში შედის მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, სისხლის ჯგუფის და რეზუსის კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს ანტისხეულების განსაზღვრა თუ პაციენტს რეზუსი უარყოფითი აქვს, ასევე კეთდება კვლევები B და C ჰეპატიტზე, სიფილისსზე, შიდსზე და კეთდება ულტრაბგერითი გამოკვლევა. ძირითადად ორსულის აღრიცხვაზე აყვანა ხდება 7-8 კვირამდე, როდესაც ხდება ნაყოფის დაფიქსირება. თუ გულისცემა დაფიქსირდა ე.ი. ორსულობა პროგრესირებადია, ანუ ცოცხალია, თუმცა რისკის ჯგუფის ორსულები გაცილებით უფრო ადრე მოდიან.

მეორე ვიზიტი გულისხმობს 18-დან 20 კვირამდე პერიოდში მოსვლას, რომელშიც შედის გინეკოლოგის კოსნულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა.

მესამე ვიზიტი 26-ე კვირას არის. ამ დროს განისაზღვრება შარდში ცილა, ჰემოგლობინი, ტარდება სკრინინგი დიაბეტზე და დგინდება რეზუს ანტისხეულები, თუ პაციენტი რეზუსუარყოფითია.

მეოთხე ვიზიტი 30-ე კვირაზეა, ამ დროს ხდება შარდში ცილის განსაზღვრა.

34-ე კვირას არის მეხუთე ვიზიტი და კეთდება შარდში პროტეინების განსაზღვრა.

მეექვსე ვიზიტი 36-ე კვირაზეა, ამაში შედის მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში ცილის და ჰემოგლობინის განსაზღვრა.

მეშვიდე ვიზიტი 38-ე კვირაზე და მერვე ვიზიტშიც ისევ ხდება შარდში ცილის განსაზღვრა. რატომ კეთდება ამდენჯერ შარდში ცილის განსაზღვრა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი გართულება რასაც ორსულობაში ვაწყდებით, არის ე.წ. პრეეკლამსი, როცა შარდში ცილა ჩნდება და წნევა იმატებს, ეს არის დღემდე მსოფლიოს მიერ გადაუწყვეტელი პრობლემა, რაც ახლავს ორსულობას, ამიტომ არის რომ ამას დიდი ყურადღება ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ორსულობის პერიოდში ექიმთან ვიზიტების რაოდენობა მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა და ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ პაციენტი როცა ხშირად მოდის, დაგეგმილი პროცედურების გარდა ექიმი მას გარეგნულადაც სინჯავს. ორსულობის დროს ყველა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება.

ეს ვიზიტები სახელმწიფოსგან ფინანსდება და ფაქტობრივად იმდენ რამეს მოიცავს, რომ პაციენტს დამატებით მოსვლა და ხარჯის გაღება არ სჭირდება.

რა საფრთხეები ახლავს ორსულობას?

ყველაზე ხშირი გართულებები პირველ ნახევარში არის ორსულობის შეწყვეტა, თვითნებითი აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, წნევის პრობლემა უფრო დაკავშირებულია ორსულობის მეორე ნახევართან.

ორსულობის ყველაზე რთული პერიოდი რომელია?

ყველა პერიოდი საფრთხილოა, ყველა ტრიმესტრს თავისი გართულება აქვს, თუმცა აღსანიშნავაი პირველი ტრიმესტრი, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ნაყოფის ჩამოყალიბება. ყველა ორგანო ამ დროს ყალიბდება, უბრალოდ მერე ზომებში იზრდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა კისრის ნაოჭის განსაზღვრა, რომელიც 12-13 კვირაზე კეთდება. ეს არის პირველი კვლევა, რომლითაც ექიმი ხვდება, ნაყოფს რაიმე ქრომოსომული ანომალია არ აქვს. აქ ლაპარაკია მხოლოდ დაუნის სინდრომზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად შეხვედრადი ქრომოსომაა, არსებობს კიდევ დამატებითი გენეტიკური ანალიზები, რომელიც სისხლით კეთდება.

ორსულობისთვის სასურველი ასაკი რომელი პერიოდია?

რისკ ჯგუფად ითვლება 19 წლამდე და 35 წლის ზემოთ, შუაში რაც არის, არაჩვეულებრივია. თუმცა რაღაც გართულება შეიძლება 20 წლის გოგოსაც ჰქონდეს და შეიძლება 40 წლის ქალბატონმა ორსულობის მიმდინარეობის მიხედვით აჯობოს 20 წლის გოგონას. მაგრამ ყველაზე მისაღები ასაკია 19-დან 35 წლამდე.

დაგეგმილი ვიზიტების გარდა, რა შემთხვევაში უნდა მივიდნენ ორსულები ექიმთან?

ნებისმიერი სიმპტომის დროს. ყურადღება უნდა მიაქციოს ტკივილებს მუცლის არეში, წელის არეში, სისხლოვან გამონადენს, საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, წვას შარდვის დროს, რომელიც საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ნიშანია ხოლმე. საშარდე გზების ინფექცია, ისევე როგორც სხვა სახის ინფექცია, ხშირად ორსულობის მოშლის მიზეზი ხდება. ორსულმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს ფეხების შეშუპებას, ნებისმიერ დისკომფორტს, ყელის, ცხვირის ტკივილს, შეიძლება სურდო ჰქოდნეს პაციენტს და ეს მწვავე რესპირატორული დაავადება, რომლის უკან ყოველთვის ინფექცია დგას, მოგვიანებით ორსულობაზე აისახოს.

უნდა მიიღოს თუ არა ორსულმა მედიკამენტი?

ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ სამ თვემდე პაციენტს ფოლიუმის მჟავის გარდა წამალი არ დასჭირდება. მაგრამ როცა პაციენტი მოდის 40 გრადუსი სიცხით, აქვს საშარდე გზების ინფექცია, ეჭვი გვაქვს, რომ არის ანთება, იმის გამო, რომ უფრო არ გართულდეს ორსულობა, ექიმმა არ უნდა დანიშნოს მედიკამენტი? მედიკამენტის მოტანილმა სარგებელმა ყოველთვის უნდა აჯობოს მისი მავნეობის ხარისხს. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც თავისი გვერდითი ეფექტი არ ჰქონდეს, თუმცა სარგებელი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

რას ურჩევდით ორსულებს 9-თვიანი პერიოდის განმავლობაში?

ნაყოფის განვითარების პათოლოგიები, ორსულობის შეწყვეტა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიერ დიაგნოსტირებული არ არის იმიტომ, რომ დიდწილად ეს დაკავშირებულია გარემო ფაქტორებთან, შეიძლება ითქვას მულტიფაქტორებთან, რომელიც გულისხხობს გარემოსაც, სუფთა ჰაერს, კვებას, სტრესულ სიტუაციას, სამსახურს. შემიძლია გითხრათ, რომ სწორი კვება ორსულობის 80%-ის ნორმალური მიმდინარეობის მიზეზია.

სწორ კვებაში შედის - ცილოვანი საკვების მიღება ანუ ხორცი, ქათამი, თევზი. ყველაფერი ჯობია იყოს თერმულად დამუშავებული, შებოლილი და შემწვარი არ შეიძლება იმიტომ, რომ არიან მთელი რიგი პარაზიტები, რომლებიც აუცილებლად კვდება დუღილის ტემპერატურაზე.

აუცილებელია დიდი რაოდენობით რძის პროდუქტები, ასევე ხილი, ოღონდ სეზონური, ნაადრევად შემოსული არ არის კარგი. სეირნობა სუფთა ჰაერზე, წყალი 2 ლიტრი დღეში.
არ შეიძლება ძეხვეულობა, კონსერვი, გაზიანი სასმელები, მწარე, მჟავე, ბევრი ცომეული, ბევრი ტკბილეული.

12-13 კილოზე მეტი ორსულს არ უნდა ჰქონდეს მომატებული.15 კილო არის მაქსიმუმი, ამის იქეთ უკვე ითვლება წონაში ჭარბი მატება.

24 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი გართულების გარეშე მიმდინარე ორსულობის რიცხვი მცირდება. ეს პირდაპირ კავშირშია მულტიფაქტორებთან, ანუ გარემოსთან, კვებასთან, ცხოვრების რეჟიმთან. გადის დრო და ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, მაგრამ გარემო ფაქტორებს ვერაფერს ვუხერხებთ.

myquiz