სახიფათო "კონტრაცეპტივები", რასაც სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ | Allnews.Ge

სახიფათო "კონტრაცეპტივები", რასაც სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ

ძმრის წასმა, სექსუალური კავშირის შემდეგ ხტუნვა და სხვა მეთოდები სხვადასხვა ქვეყანაში არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ გამოიყენება. ბევრმა ქალმა კონტრაცეპტივების შესახებ ისევ არ იცის ან მათ არ ენდობა და მიიჩნევს, რომ ხალხური და ამასთან საფრთხისშემცველი მეთოდები სასურველი შედეგის მიღებაში დაეხმარება.

მაგალითად, მოლდოვაში ზოგიერთი ქალი სექსის შემდეგ ვაგინაზე ძმარს ისვამს ან ლიმონის ნაჭრებს იწყობს, რათა არასასურველი ორსულობა თავიდან აიცილოს. მათი რწმენით, მჟავიანობას სპერმატოზოიდების დახოცვა შეუძლია, რაც ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება და ამავდროულად, ორივე საშუალებამ შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

მოლდოვისგან განსხვავებით, მიანმარში ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ სქესობრივი კავშირის შემდეგ ვაგინის საპნიანი წყლით გამობანა ორსულობას თავიდან აარიდებთ. ცხადია, ესეც არასწორი მეთოდების სიაში შედის, რადგან ვაგინის საპნიანი წყლით გამობანა ვერც სპერმატოზოიდებს კლავს და შეიძლება, ქალს პრობლემები შეუქმნას და შარდვის ფუნქციაც მოშალოს.

შრი-ლანკაში ქალები ვაგინას სადეზინფექციო ხსნარებით იბანენ. ზოგიერთს იმის რწმენაც აქვს, რომ აღნიშნული ხსნარები ინფექციის თავიდან აცილებაში დაეხმარებათ, თუმცა მსგავსი სითხეების გამოყენებამ შეიძლება სეფსისი და ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

ყირგიზელი ქალების ნაწილს კი სჯერა, რომ თუ რძეში იოდს გააზავებენ და ორსულობისგან თავის დასაცავად გამოიყენებენ, ეს ეფექტურ შედეგს მოუტანთ, რაც ასევე სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამბება და ჩამოთვლილ საშუალებებთან ერთად საფრთხისშემცველია.

ზოგიერთ ქვეყანაში "კოკა-კოლაც" კი ეფექტური კონტრაცეპტივი ჰგონიათ! კერძოდ, როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ანგოლაში ახალგაზრდა ქალების ნაწილი სქესობრივი აქტის შემდეგ "კოკა-კოლას" ორ ცალ ასპირინთან ერთად იღებს, რათა ორსულობა თავიდან აიცილოს.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ მაროკოსა და ალჟირში მცხოვრებ ქალების ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ვაგინაში შაბის ქვის მოთავსებით სპერმატოზოიდებს დახოცავს, სინამდვილეში კი აღნიშნულ ნივთიერებას შეუძლია, ქალი ინფექციების მიმართ უფრო დაუცველი გახადოს.

ნეპალში კონტრაცეპტივის სახით ქალების ნაწილი კურკუმას ფხვნილს წყალში აზავებენ. Guardian-ის ინფორმაციით, მას არანაირი ფიზიკური დაზიანების გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა არც ორსულობის თავიდან აცილების უნარი აქვს.

კამბოჯელი ქალების ნაწილის ტრადიციული კონტრაცეპტივიც ჯინჯერის მსგავსი მცენარის, წიწაკისა და ბრინჯის ღვინის ერთმანეთში არევა და მიღებაა, რაც სხვა საშუალებების მსგავსად არაეფექტურია.

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად იემენში ქალები მენსტრუალური ციკლის მე-5 დღეს მანგოს თესლის მიქსტურას სვამენ ან მოუმზადებელ კვერცხს მიირთმევენ - ეს იემენში კონტრაცეპტივის ტრადიციულ მეთოდად მიიჩნევა.

კონტრაცეპტივის სახით მცენარეების გამოყენება ბევრ ქვეყანაშია პოპულარული, მათ შორის ვიეტნამშიც, თუმცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი კვლევა, რომ აღნიშნული საშუალებები ეფექტურია.

ხანდახან ზოგიერთ ქვეყანაში კონდომების ნაცვლად საყიდლების ჩანთები, გაყინული ჩხირების შესაფუთი პარკები და ბუშტები გამოყენება ხოლმე. გარდა ამისა, Guardian-ი იუწყება, რომ ტაჯიკეთში კონტრაცეპტივის სახით ჭურჭლის სარეცხი ღრუბლებიც კი გამოიყენება ხოლმე.

ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური მითი კი რომელიც ფილიპინების ერთ-ერთ პროვინციაში, ქალების 75%-ია გავრცელებული, არის ის, რომ სქესობრივი აქტის შემდეგ ხტუნვა დაფეხმძიმებას უშლის ხელს.

გარდა ამისა, მალავიში არსებობს ორსულობის თავიდან აცილების ტრადიციული მეთოდი, რომელიც წელზე თოკის შემორტყმას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მეთოდი 1970-იან წლებში გამოიყენებოდა, ქალების ნაწილში ახლაც პოპულარულია.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

myquiz