ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ცრურწმენები და რიტუალები | Allnews.Ge

ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ცრურწმენები და რიტუალები

ყველა არ არის მზად, რომ ეს აღიაროს, თუმცა, ბევრი ფეხბურთელისთვის ცრურწმენა პროეფესიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ რიტუალები მართლაც რაიმე გავლენას ახდენს სპორტსმენის თამაშის ხარისხზე, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელები ამაში ღრმად არიან დარწმუნებულები.

Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე ცრურწმენას, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელები შეუცვლელად მისდევენ.

ცოტა რუსული კლასიკა თამაშის წინ

ჯენარო გატუზოს არა მხოლოდ იმ წარმატებული წლების წყალობით იცნობენ, რომელიც მან კლუბ "მილანში" გაატარა, არამედ გერმანიაში ჩატარებული 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარდაცვაში თამაშითაც - იტალიამ მაშინ გამარჯვება შეძლო.

მატჩების წინ გატუზო მუდმივად კითხულობდა რუსული ლიტერატურს კლასიკოსს ფიოდორ დოსტოევსკის. არავინ იცის რატომ დაიწყო ფეხბურთელმა ამის კეთება, თუმცა მალე ეს ერთგვარი რიტუალი გახდა.

სპორტსმენის თქმით, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზოგიერთი რიტუალი მისთვის რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა. "ყოველ დღე ერთსა და იმავე სვიტერს ვიცვამდი, რომელიც პირველ დღეს მეცვა. ოფლის მდინარეები მომდიოდა და საშინელ ხასიათზე ვიყავი, რადგან ამ სვიტერის გახდა არ შეიძლებოდა"- გაამხილა გატუზომ.

"ცრურწმენებით შეპყრობილი ვიყავი. მაგალითად ჩეხეთთან თამაშის წინ ჩემოდანი ჩავალაგე, იმ შემთხვევისთვის თუ ტურნირიდან გამოვვარდებოდით და შემდეგ ამას ყოველი მატჩის წინ ვაკეთებდი ტურნირის დასრულებამდე".

ყოველთვის მარჯვენა ფეხით

ფეხბურთის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და უამრავი ჯილდოს მფლობელი რონალდო - ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.

მისი ერთ-ერთი რიტუალია სათამაშო მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდეს. ამ ჩვევის ერთგული იყო რობერტო კარლოსიც. პორტუგალიელმა სპორტსმენმა კრიშტიანუ რონალდუმ კი MahouTV-ს გაუმხილა, რომ ამ რიტუალს ისიც აქტიურად მიჰყვება.

მაგიური სახვევი

რადგან მარჯვენა ფეხზე ვსაუბრობთ, აქვე გავიხსენოთ ხუან კარლოს პერალტუ - ჩილეს ერთ-ერთი კლუბის კოლო-კოლოს ფეხბურთელი, რომელმაც 1991 წლის ლიბერტადორესის თასი მოიგო.

"ჩემი ერთ-ერთი უცნაურობა ის არის, რომ თამაშის დროს ყოველთვის ვიხვევ მარჯვენა ფეხს. ეს ტრავმის გამო არ არის. უბრალოდ როდესაც ეს პირველად გავაკეთე მაშინ მოვიგეთ, ამიტომ ეს ტრადიცია გავაგრძელე"- გაუმხილა მან გაზეთ La Cuarta-ს.

კიდევ ერთი ჩილელი ფეხბურთელი ივან სამორანო თავის მხრივ ყოველთვის მარჯვენა ხელის ირგვლივ თეთრი სახვევით თამაშობდა, მისი ეს ჩვევა ტრავმას უკავშირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ სახვევით თამაშისას 3 გოლი გაიტანა, ჩვევა ცრურწმენად აქცია.

ამობრუნებული წინდები

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული იკერ კასილასი ასევე ღრმად არის დარწმუნებული ნიშნებში.

"ესპანელი მეკარე - ერთ-ერთი ყველაზე ცრუმორწმუნე მოთამაშეა", - წერდა ესპანური პორტალი Marca. ის მაისურებს მკლავებს აჭრის და წინდებს უკუღმა ატრიალებს"- ნათქვამია სტატიაში.

ამის გარდა, ყოველ ჯერზე, როდესაც მის გუნდს გოლი გააქვს ის ბრუნდება თავის კართან, აკეთებს მცირე ნახტომს და შტანგას მარცხენა ხელით ეხება.

სიმღერა განწყობისთვის

ლორან ბლანტის ლიდერულმა თვისებებმა, ზინედინ ზიდანის ნიჭმა, ფაბიენ ბარტეზის მოხერხებულობამ და საფრანგეთის გუნდის გადაწყვეტილებამ გულშემატკივართა იმედები არ გაეცრუვებინათ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ საფრანგეთს 1998 წელს გამარჯვება მოუტანა.

თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ თავისი როლი ერთ რიტუალსაც შეესრულებინა.

გასახდელში საფრანგეთის გუნდი ყოველთვის ერთსა და იმავე სიმღერას უსმენდა - გლორია გეინორის I Will Survive.

საბოლოო ჯამში ეს სიმღერა საფრანგეთის გუნდის ერთგვარი არაოფიციალური ჰიმნი გახდა.

ცისფერი თეთრეული

ლეგენდარული კოლუმბიელი მეკარის რენე იგიტას ცისფერი საცვლების შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მისი თქმით, ყველაფერი მკითხავთან ვიზიტით დაიწყო.

80-იანი წლების ბოლოს "ატლეტიკო ნასიონალი" "მილიონარიოსს" ვერ უგებდა. მე და კარლოს პერეა მკითხავთან წავედით. მან გვითხრა, რომ დაწყევლილები ვიყავით და ქამარი და ყველა მოთამაშისთვის ცისფერი საცვლები გამოგზავნა. საცვლები ძალიან მოგვიხდა, ჩვენ კი ლიბერტადორესის თასი მოვიგეთ"- მოყვა მეკარემ.

მარცხნივ მდებარე ტუალეტი

ბომბარდირ მარიო გომესსაც, რომელიც თამაშობდა "შტუტგარტში", "ბავარიაში", "ფიორენტინასა" და "ბეშიკტაშში" და მოიგო 2013 წლის ჩემპიონთა ლიგა, აქვს უცნაური ჩვევა. "ის გასახდელში ყოველთვის უკიდურესი მარცხენა პისუარით სარგებლობს", - ნათქვამია FIFA-ს ოფიციალურ საიტზე.

ყოფილ არგენტინელ მეკარეს სერხიო გოიკოჩეს საპირფარეშოში უფრო რთული რიტუალი აქვს - ამ რიტუალს სათავე დაუდო შემთხვევამ, რომელიც 1990 წელს იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იუგოსლავიის წინააღმდეგ მეოთხეთფინალურ დაპირისპირებაში მოხდა.

იმის გამო, რომ მეკარეს გასახდელში გაქცევის დრო არ ჰქონდა, ის იძულებული გახდა მოედანზევე მოესაქმებინა. არგენტინამ ის მატჩი მოიგო და როდესაც ნახევარფინალში იტალიის წინააღმდეგ გუნდს პენალტი დაუნიშნეს, მეკარემ რიტუალი გაიმეორა, არგენტინამ კი კვლავ გაიმარჯვა.

myquiz