ბედნიერებისა და ჯანმრთელობის იაპონური საიდუმლო | Allnews.Ge

ბედნიერებისა და ჯანმრთელობის იაპონური საიდუმლო

იცით დილით რატომ დგებით საწოლიდან?

თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ, ესე იგი თქვენი "იკიჰაი" გიპოვიათ. ეს იაპონური კონცეფციაა, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, რომ საკუთარ თავში ბედნიერების, ხანგრძლივი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის საიდუმლოს ინახავდეს.

აღნიშნული კონცეფცია კუნძულ ოკინავაზე გაჩნდა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი 100 წელს არის გადაცილებული.

ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო სწორედ იკიჰაიში იმალება. იკიჰაის ცნება იაპონიის სხვა ნაწილებში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

იაპონელი ნეირობიოლოგი კენ მოგი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ, იმიტომ რომ მოგის თქმით, სწორედ მსგავსი საქმიანობა აძლევს ცხოვრებას აზრს და გეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რას ელით მისგან.

გარდა ამისა იკიჰაი მჭიდროდ უკავშირდება სასიცოცხლო ენერგიას.
"იკიჰაი ბდნიერებაა, რომლის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის გაქვთ საქმიანობა, რომლითაც დაკავდებით"- ამბობს ფრანსესკ მირალესი, რომელმაც ჰექტორ გარსიასთან თანაავტორობით დაწერა წიგნი "იკიჰაი: ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო".

მირალესის თქმით, იკიჰაის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იპოვო საქმიანობა, რომელიც ცხოვრებას აზრს შემატებს, წინსვლაში დაგეხმარება და კარგი იმპულსი იქნება მიზნისკენ სავალ გზაზე.

როგორ ვიპოვოთ იკიჰაი?

იკიჰაის პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრების დაწყება საკმაოდ მარტივია, თუმცა მის პოვნას ყველა ვერ ახერხებს.

"ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ წარმატებაზე და დიად მიზნებს ვისახავთ, რის გამოც ცხოვრების მიმდინარეობა საშიში ხდება"- ამბობს მოგი. – "თუმცა იკიჰაის შემთხვევაში წინსვლა შეიძლება ძალიან მცირედით დაიწყო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს რაიმე მარტივითა და ხელმისაწვდომით, შემდეგ კი ბედნიერება განიცადოს უფრო მნიშვნელოვანი მიზნების შესრულებით".

"თუ მკაფიო წარმოდგენა არ გაქვთ, რა გსურთ ცხოვრებისგან, თავდაპირველად განსაზღვრეთ, რა არ გსურთ და არ გჭირდებათ თქვენს ცხოვრებაში: როგორ სიტუაციებში გრძნობთ დისკომფორტს ან მწუხარებას, რა კონკრეტულ ქმედებებსა და მდგომარეობას აარიდებდით თავს" - გვირჩევს მირალესი, - "ამგვარად თქვენ შეიძლება იპოვოთ ის, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას, მაგალითად სწავლა, ყვავილების ბაღის გაშენება, ადამიანების დახმარება, პრობლემების გადაჭრა და სხვა".

თქვენი პირადი იკიჰაის შესაქმნელად გამოდგება ყველაფერი, რაც მოგწონთ. მირალესი აღიარებს, რომ ყველა ადამიანს ერთნაირად არ უმარტივდება იკიჰაის პოვნა, ამიტომ ის გვირჩევს ბავშვობა გავიხსენოთ და განვსაზღვროთ, რა გვანიჭებდა ყველაზე დიდ სიხარულს მცირე ასაკში, რის კეთებასაც დროთა განმავლობაში გადავეჩვიეთ.

მოგის თქმით, იკიჰაის მთავარი მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის პიროვნულ დონეზე მოქმედებს. თუმცა მის მოსაპოვებლად გარკვეული ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. აღნიშნულ პროცესში საკუთარი ცნობიერების შესწავლა და იკიჰაის გაზრდა მოგიწევთ.

იაპონელებს სჯერათ, რომ იკიჰაი შეიძლება რამდენიმე იყოს, როგორც მცირე, ასევე დიდი და ძალიან დიდიც. თავად მოგი საკუთარ იკიჰაიზე ჰყვება და ამბობს, რომ მისი ერთი ყველაზე მცირე იკიჰაი ტოკიოში ყოველდღიურად 10 კილომეტრის მანძილზე სირბილში მდგომარეობს.

myquiz