ოქროს წესები, რომლებიც მცირე ზომის ბინის მოწყობისას უნდა გავითვალისწინოთ | Allnews.Ge

ოქროს წესები, რომლებიც მცირე ზომის ბინის მოწყობისას უნდა გავითვალისწინოთ

მცირე ზომის ბინის მოწყობა ბევრ თავსატეხთან არის დაკავშირებული, უნდა შევარჩიოთ შესაბამისი ავეჯი, დიზაინი და ყველა დეტალი უნდა გავთვალოთ, რომ სივრცე რაც შეიძლება მაქსიმალურად ავითვისოთ.

როგორ დავაგეგმაროთ პატარა სივრცე და რა ხრიკები უნდა გამოვიყენოთ ამისთვის, Allnews.ge-ს კომპანია "დეკორატორის" დიზაინერს ნინო ჩიფჩიურს ესაუბრა.

არის თუ არა დღეს აქტუალური მცირე ზომის ბინების ინტერიერის კომპაქტურად მოწყობა?

მცირე ზომის ბინების კომპაქტურად მოწყობა ძალიან აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მცირე ზომის ინტერიერის მოწყობისას რამდენიმე სირთულესთან გვაქვს საქმე - ეს არის: სტილისა და ფერთა პალიტრის სწორად შერჩევა, ასევე ზონების განაწილება. გარდა ამისა, მცირე ზომის ბინების პრობლემაა სათავსოებიც, მათი შერჩევა და განაწილება.

რას გვირჩევთ, როგორ მოვაწყოთ პატარა სივრცე კომფორტულად, მიმზიდველად და ისე, რომ ყველა საჭირო ნივთი განვათავსოთ.

პატარა სივრცე კომფორტულად რომ მოვაწყოთ, პირველ რიგში, სწორი დაგეგმარება უნდა გაკეთდეს. ასეთ დროს გასათვალისწინებელია, სახლი რამდენ ადამიანზეა გათვლილი. დაგეგმარების დროს მნიშვნელოვანია ასევე ავეჯის განლაგება, საჭიროა, განისაზღვროს თითოეული მათგანის ადგილი. დაგეგმარების შემდეგ, როგორც წესი, ფერთა პალიტრა მუშავდება. დასაშვები ფერების მაქსიმალური რაოდენობა ხუთი ფერია, მინიმალური - სამი.

როდესაც საქმე ეხება მცირე ზომის ბინას და მის დიზაინს, არის რამდენიმე მთავარი ოქროს წესი, რომელიც უნდა დავიცვათ:

1. არ უნდა გამოვიყენოთ ძალიან მკვეთრი ფერები;

2. არ უნდა გამოვიყენოთ მასიური ავეჯი;

3. უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად კონტრასტული ფერები გამოვიყენოთ. მაგალითად, დაუშვებელია შავის და თეთრის ერთად გამოყენება. მის ნაცვლად მისაღებია თეთრი და ნაცრისფერი.

4. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ აქსესუარების რაოდენობა (ბალიშები, ნახატები, სანთლები და ა.შ) ყველაზე მცირე, რა ზომის საცხოვრებელი ფართი მოგიწყვიათ და გთხოვთ, ეს გამოცდილება დეტალურად გაიხსენოთ.

ყველაზე მცირე ზომის საცხოვრებელი ფართი, რომელზეც მიმუშავია იყო 23,4 მ2, სადაც ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენდა გამოყოფილი საძინებლის განთავსება. იმისთვის, რომ საძინებელი ცალკე ყოფილიყო, შემოსასვლელს მოვპარეთ სივრცე და აქ გადმოვიტანეთ სამზარეულო, მის ადგილზე კი საძინებელი გადავიტანეთ. ეს ყოველივე ტიხრების მეშვეობით შევძელით და მივიღეთ სტუდიოს ტიპის ბინა, საძინებლით.

ინტერიერის დიზაინისთვის შევარჩიე ე.წ სკანდინავიური სტილი, ლოფტის ელემენტებით. ფერთა გამა სტილის დამახასიათებელი გაკეთდა, ანუ გამოვიყენეთ - თეთრი, ნაცრისფერი, ხისფერი და მწვანე. სივრცე რომ დიდი გამოჩენილიყო, კარადები გავაკეთეთ კედლების ფერი და ჩავაშენეთ კედელში. მისაღები ოთახის ავეჯი ნაცრისფერ ფერში გადავწყვიტეთ, საძინებელი კი - მეტალში. საბოლოო ჯამში, გამოგვივიდა ძალიან მშვიდი, მყუდრო და კომფორტული ბინა, სადაც ყველა საჭირო ნივთი განთავსდა. თავად სკანდინავიური სტილი სწორედ ამას გულისხმობს, მისი დიზაინის კონცეფცია მყუდრო და ადამიანზე მაქსიმალურად მორგებულია.

რა ზომის და რა ნივთები უნდა განვათავსოთ პატარა სივრცეში, რომ ფართობის დაზოგვა შევძლოთ?

ეს განისაზღვრება პროექტის მიხედვით, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მსუბუქი ნივთები გამოვიყენოთ. ასევე მისაღებია, გამჭვირვალე თაროები და ზოგადად, ისეთი ავეჯი თუ დეკორაცია, რომლებიც სივრცეში იკარგება. არ არის აუცილებელი პატარა სახლში პატარა ნივთები დავდგათ. პირიქით, მასშტაბის თამაშით მივიღებთ სივრცის გადიდების ეფექტს.

რაც შეეხება ფერებს, რომლებია დღეს სახლის ინტერიერის პოპულარული ფერები და კომფორტული, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე ზომის ბინასთან გვაქვს საქმე?

აქტუალურია ყვითელი, მწვანე, შავი, მონაცრისფრო, მოლურჯო-მომწვანო ფერები, ასევე ვარდისფერი და აქტიური ლურჯისა და ნარინჯისფერის რთული შეხამება. ამ ფერებიდან, პატარა ბინის დიზაინისთვის, ყველა ფერის გამოყენებაა შესაძლებელი. უბრალოდ, უნდა მოვერიდოთ დიდ აქცენტებს და უფრო მონოტონური გავხადოთ ინტერიერი. გავაკეთოთ სინათლის რამდენიმე სცენარი, რაც ბინას ფართს მოუმატებს და უფრო საინტერესოს გახდის.

ზოგადად, განათების საკითხს მცირე ზომის ბინებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დიდი შეცდომაა, როცა ერთ განათებას აკეთებენ (მხოლოდ ჭერზე), საჭიროა რამდენიმე სახის განათება: ბრა, ტორშელი, შეიძლება იატაკის განათებაც. ქვემოდან მიმართული განათება ზრდის სივრცეს. ამიტომ, რეკომენდებულია მცირე ზომის ბინებში სხვადასხვა ტიპის განათების გაკეთება, იმისთვის, რომ ფართი გაცილებით დიდი გამოჩნდეს.

myquiz