იაპონელებმა ოჯახის წევრების დაქირავება დაიწყეს | Allnews.Ge

იაპონელებმა ოჯახის წევრების დაქირავება დაიწყეს

იაპონელების შრომიუნარიანობის შესახებ ბევრი გვსმენია. სავარაუდოდ, მათი ძილის ხელოვნების - ინემურის შესახებაც წაგვიკითხავს ერთი ორი სიტყვა ან, სულ მცირე, ფოტოები გვინახავს, როგორ სძინავს სამსახურიდან გამოსულ იაპონელს მეტროში, უარეს შემთხვევაში ქუჩაშიც კი. თუმცა ეს შრომისმოყვარე ხალხი ჩვენთვის უჩვეულო ამ სოციალური ქცევით არ დაკმაყოფილდა და ოჯახის წევრების დაქირავების ინდუსტრიასაც ჩაუყარა საფუძველი.

იმ ადამიანებს, რომლებმაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ან სხვა მიზეზის გამო პირადი ცხოვრების აწყობა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს, ახლა ამ განვითარებადი ინდუსტრიის წყალობით ოჯახის წევრის - მეუღლის, ბებიის, მშობლის, შვილისა და შვილიშვილის დაქირავება შეუძლიათ. ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული მომსახურებით უკვე ისარგებლეს აღნიშნავენ, რომ ურთიერთობა შესაძლოა, იმაზე მყარი იყოს, ვიდრე შეიძლება იფიქრო.

60 წლის კაზუში ნიშიდა ერთ-ერთია, ვინც, დაახლოებით, ორი წლის წინ ნახევარ განაკვეთზე ცოლისა და ქალიშვილის ქირაობა დაიწყო.
მისი ნამდვილი ცოლი დაიღუპა, ერთადერთმა ქალიშვილმა კი სახლი 22 წლის ასაკში კამათის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

"მეგონა ძლიერი პიროვნება ვიყავი, მაგრამ როდესაც ფიზიკურად მარტო რჩები, თავსაც შესაბამისად მარტოსულად გრძნობ"-უთხრა კაზუში ნიშიდამ New Yorker-ის რეპორტიორს.

თავს დატეხილი ტრაგედიის მიუხედავად, ის ყოველ დილით მაინც დადის სამსახურში და რა თქმა უნდა, მეგობრებიც ჰყავს, რომლებთან ერთადაც თავისუფალი დროის გატარებას შეძლებს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მსგავსი შეკრებებიდან ცარიელ სახლში დაბრუნებულს მარტოობის უფრო ღრმა განცდა ეუფლებოდა. ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში ეს განცდა გაუვლიდა, თუმცა ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა.

თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს გაახსენდა, რომ ერთხელ სატელევიზიო გადაცემას უყურა კომპანიის შესახებ, რომელიც ნათესავებისა და ოჯახის წევრების გაქირავებით იყო დაკავებული. ერთ-ერთი კლიენტის, ზრდასრული ქალბატონის, ენთუზიაზმით აღსავსე საუბარიც გაახსენდა, რომელიც ყვებოდა, როგორ წავიდა მაღაზიაში საყიდლებზე დაქირავებულ შვილიშვილთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, შვილიშვილი ნამდვილი არ იყო, მაინც ბედნიერი იყო, რომ მის გვერდით ვიღაც იყო.

ნიშიდა აღნიშნულ სააგენტოს დაუკავშირდა და მეუღლე და ქალიშვილი დაიქირავა, რომლებსაც მისთვის ვახშმობისას უნდა გაეწიათ კომპანიონობა. ამ მომსახურების სანაცვლოდ კი მან 40 000 იენი ანუ, დაახლოებით, 370 დოლარი გადაიხადა. პირველი შეხვედრა კაფეში შედგა, დაქირავებულმა ოჯახის წევრებმა ნიშიდას ჰკითხეს, როგორ სურდა, რომ ისინი მოქცეულიყვნენ. ნიშიდამ იმ ქცევაზე მიუთითა, რაც მის ნამდვილ ცოლსა და ქალიშვილს ახასიათებდათ. მეორე შეხვედრა უკვე ნიშიდას სახლში შედგა. დაქირავებულმა ცოლმა ადგილი სამზარეულოში დაიკავა და ის კერძები მოამზადა, რომელსაც ტრადიციულად მამაკაცის გარდაცვლილი ცოლი ამზადებდა.

მათი შეხვედრები, როგორც წესი, ოჯახური ვახშმით შემოიფარგლებოდა და უფრო თამაშს ჰაგვდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ სპექტაკლის ყველა წევრმა გამოგონილი როლის ნაცვლად საკუთარის მორგება და ერთმანეთთან პრობლემებზე ღიად საუბარიც დაიწყო. ამან კი ნიშიდას შინაურული და კომფორტული გარმო შეუქმნა.

ნიშიდა არ არის ერთადერთი იაპონიაში, ვინც მსგავსი მომსახურებით სარგებლობს.

წყარო: New Yorker

myquiz