"ბაკურიანი სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ არის კარგი" - ზამთრის კურორტებზე ექიმი მანანა ტაბიძე საუბრობს | Allnews.Ge

"ბაკურიანი სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ არის კარგი" - ზამთრის კურორტებზე ექიმი მანანა ტაბიძე საუბრობს

საქართველოს ზამთრის კურორტებს უმეტესად დასვენებისა და გართობისთვის ვსტუმრობთ, თუმცა, არცისე ცოტაა იმ მშობლების რაოდენობა, რომელთაც ბავშვები სამკურნალოდ სწორედ ზამთრის კურორტებზე დაჰყავთ.

რისთვის და რომელი ზამთრის კურორტია სასარგებლო საქართველოში, Allnews.ge ექიმ-კურორტოლოგ მანანა ტაბიძეს ესაუბრა.

"ზამთრის კურორტები ძირითადად გამაჯანსაღებელი სახის არის. ზამთრის კურორტები ეს არის საშუალო მთის კურორტები. მაგალითად, ბორჯომის ხეობა, პირველ რიგში ბაკურიანი, ასევე წაღვერი და ბორჯომის ხეობის სხვა ადგილები. თუმცა, რადგანაც ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მხრივ ბაკურიანი უფრო კეთილმოწყობილია, მასზე მოთხოვნაც დიდია.

ბაკურიანი ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე მდებარეობს, ის ძირითადად სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ არის კარგი, ეს არის ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტული ასთმა, ფილტვების ანთების შემდგომი პერიოდი, კარგია ბავშვებში იმუნიტეტის გასაძლიერებლად", - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ზამთრის გამაჯანსაღებელი კურორტი არის გუდაურიც, მაგრამ რადგანაც ის ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზეა, ასაკობრივად უფრო შეზღუდულია.

"გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის, ხანში შესული ასაკის ადამიანებისთვის გუდაურის მისაღები არ არის, ის ძირითადად ჯანმრთელი კონტიგენტისთვის არის, ბავშვებისა და ახალგაზრდა მშობლებისთვის.

რაც შეეხება სვანეთს და აჭარას, ისინი ჯერჯერობით სამთო-სათხილამუროა, უფრო სპორტსმენებისა და ახალგაზრდებისთვის. ასევე კარგია შოვი, მაგრამ ზამთრის პირობებში ძნელად მისასვლელი ადგილია, თორემ ზაფხულში ძალიან კარგია.

ბავშვებისთის სასარგებლოა სურამიც. მას აქვს კარგი მიკროკლიმატი და ძირითადად, სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის სამკურნალოდ არის სასარგებლო.
ძალიან კარგია თბილისის შემოგარენი - კიკეთი, კოჯორი, მანგლისი, ზამთარშიც და ზაფხულშიც, მითუმეტეს ბავშვებისთვის. ზოგადად კი, სადაც თოვლის საფარია და შედარებით მაღალ ადგილზე მდებარეობს, ის ადგილი ბავშვებისთვის სასარგებლოა", - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ზღვის დონიდან დაწყებულ სიმაღლეს თავისი ჩვენება და უკუჩვენება აქვს. არსებობს დაბალი მთის, საშუალო და მაღალი მთის კურორტები. დაბალი მთის კურორტები არის ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე, საშუალო 1000-დან 1800 მეტრამდე და მაღალია 2000 მეტრამდე. იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო დამტვირთავია გულისთვის, ამიტომ ბაკურიანი ხანშიშესული ადამიანისთვის, თუ ჯანმრთელი არ არის, მიზანშეწონილი არ არის, მისთვის უკეთესია ბორჯომის ხეობა.

კურორტის ცნება ცოტა განსხვავებულია, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იქ უნდა იყოს სანატორიუმი, სასტუმრო თავისი მედ-პერსონალით ან იყოს სამედიცინო დაწესებულება.

დასვენება და შვებულება საჭიროა, რათა აღვიდგინოთ დაკარგული ენერგია, ეს არის არა მარტო ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური, ემოციური ენერგია, ასე რომ, ზამთარშიც და ზაფხულშიც საჭიროა დასვენება", - გვირჩევს მანანა ტაბიძე.

myquiz