რა უნდა ჩავიცვათ და რა აღარ იქნება მოდაში 2018 წელს? | Allnews.Ge

რა უნდა ჩავიცვათ და რა აღარ იქნება მოდაში 2018 წელს?

ბევრი ჩვენგანი 2018 წელს ახალი იდეებით, გამოწვევებით, გეგმებითა და საერთოდაც, მნიშვნელოვანი ცვლილებებით შეხვდა, ახალი წელი სწორედ ასე დაიწყო მოდის სამყაროშიც. როგორც მოდის გამოცემა Harper’s Bazaar-ი იუწყება, მოდის ჩვენებებისა და ბლოგერების ქუჩის სტილის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ წელს რამდენიმე ტრენდი აქტიურად დამკვიდრდება, ზოგიერთი კი დავიწყებას მიეცემა.

ლავანდისფერი

შეიძლება, ულტრაიისფერი 2018 წლის ოფიციალურ ფერადაც დასახელდეს, მაგრამ როგორც Harper’s Bazaar-ი ვარაუდობს, დომინანტი ძირითადად, პასტელის ჩრდილებში გადაწყვეტილი ლავანდისფერი იქნება. ჩავიცვამთ ლავანდისფერ შარვლებს, კაბებს. გაცრეცილ ლავანდისფერთან ერთად 2018 წელს აქტიურად დამკვიდრდება ასევე გაცრეცილი ვარდისფერი.

ხელოვნება სამოსზე

Versace-ს 2018 წლის გაზაფხულის კოლექციების ჩვენებებიდან და მილანის მოდის კვირეულის შედეგად გამოიკვეთა, რომ წელს მხატვრობა და მოდა ერთმანეთთან აქტიურ კავშირში იქნება. მაგალითად, შარვლებზე, ჩანთებსა და სხვა აქსესუარებზე დიზაინერებმა მულტფილმის, ფერადი პრინტი უკვე გამოიყენეს.

შოლტლანდიური პრინტი

Instagram-ზე ატვირთული ფოტოებიდან იკვეთება, რომ 2017 წლის ბოლოს ნაცრისფერი შოტლანდიური პრინტი საკმაოდ ტრენდული იყო, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება, რადგან აღნიშნული ტენდენცია ჩვენებებზე არაერთმა დიზაინერმა გამოკვეთა. წელს როგორც ფერადი შოტლანდიური პრინტის პალტოები, ისე ფეხსაცმელი და სხვა აქსესუარები იქნება მოდაში.

ტრენჩი

კლასიკური ტრენჩი ბრუნდება. ის წელს Celine-მ შემოგვთავაზა და სავარაუდოდ, აქტიურად დამკვიდრდება, რადგან წინა წლებში შეძენილი ან სულაც დედის ნაქონი ტრენჩის ტიპის თითო პალტო ან ლაბადა კარადაში ყველას მოგვეპოვება.

ფოჩები

ისევე როგორც ტრენჩი, ერთი ფოჩიანი რამ, იქნება ეს კაშნე, ჩანთა თუ კაბა, ყველას მოგვეპოვება, წელს კი ფოჩები ისეთი პოპულარული იქნება, როგორც არასდროს. მგავსი ტიპის სამოსი Calvin Klein-მა, Dior-მა, Loewe-მ და სხვებმა შემოგვთავაზეს.

ჩანთა-საფულე

ე.წ Fannypack დაბრუნდა, თუმცა ის ერთ-ერთი ყველაზე "ტაბუირებული" აქსესუარი იყო. 2017 წლის დასაწყისში აღნიშნული ჩანთის ტრენდს კენდალ ჯენერი, რიანა და ბელა ჰადიდი გვაპარებდნენ, წლევანდელ კოლექციებში კი მსგავსი ჩანთები აქტიურად დომინირებს.

60-იანი წლების ყვავილებიანი პრინტი

2018 წლის გაზაფხულზე 60-იანი წლების ყვავილებიანი პრინტის მქონე შარვლები, კაბები, ზედები თუ შარფები მაღაზიებში აქტიურად შეგვხვდება და ალბათ ბევრი ჩვენგანიც შეიძენს, რადგან საქართველოში ეს პრინტი ძალიან პოპულარულია.

აღნიშნული პრინტი წელს Marc Jacobs-მა, Balenciaga-მ და Kenzo-მ გამოიყენეს.

"ვარჯიშის ნოსტალგია"

80-90-იანი წლების სავარჯიშო ფორმა ბრუნდება. სავარჯიშო ფორმაში რეტრო სტილის შეტანა დაიწყო როგორც რიანამ, თავის Fenty x Puma-ს გაზაფხულის კოლექციაში, ისე Gucci-მ, Tod-მა და Louis Vuitton-მა.

პლასტიკი

"Life in Plastic, It’s Fantastic" - ალბათ ყველას გახსოვთ ეს ტექსტი ცნობილი ბარბის სიმღერიდან, ამავეს კი წელს Calvin Klein-ი, Valentino და Chanel-ი გვეუბნებიან და გვთავაზიბენ, პლასტიკის ფეხსაცმელი და მოსაცმელი ჩავიცვათ, რომელიც წვიმაში მართლაც მისწრებაა.

მუქი ფერის ჯინსი

მუქი ფერის ჯინსის ახალი ტალღა წელს აქტიურად წამოვიდა, ტრენდული იქნება როგორც მუქი ჯინსის შარვლები, ისე კაბები და პიჯაკები. Harper’s Bazaar-ის ცნობით, აღნიშნული ტენდენციები წელს Fendi-მ, Tom Ford-მა და Chloe-მ შემოგვთავაზეს.

რომელ ტრენდებს უნდა დავემშვიდობოთ? - მოდის სფეროს წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ ე.წ სათხილამურო, მოშიშვლებულმხრებიანი და "ბრეტელებიანი" ზედატანები 2018 წელს პოპულარული აღარ იქნება.

myquiz