როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთრის პერიოდში 21-ე საუკუნის დაავადება | Allnews.Ge

როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთრის პერიოდში 21-ე საუკუნის დაავადება

21-ე საუკუნის დაავადება - ასე უწოდებენ ექიმები ალერგიას. ალერგიული დაავადებები მრავალნაირია, თუმცა ჩვენს ინტერვიუში ვისაუბრებთ სეზონურ ალერგიაზე. ზამთარის პერიოდში სიცივეზე ალერგია აქტუალური პრობლემაა.

უფრო კონკრეტულად თუ რა არის სიცივეზე ალერგია, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვუმკურნალოთ მას, ალერგოლოგ-იმუნოლოგს ნინო ლომიძეს ვესაუბრეთ.

-სიცივის მიმართ ალერგია აქტუალურია მაშინ, როდესაც შემოდგომა იწურება და ზამთარი დგება. სიცივემ შესაძლებელია ალერგიის სხვადასხვა გამოვლინება გამოიწვიოს. კანზე თუ ვიტყვით ამას, არსებობს სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციება, როდესაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ალერგიისთვის დამახასიათებელი გამონაყარი ვითარდება, რომელიც უშუალოდ სიცივით პროვოცირდება.

ასევე, შესაძლებელია, სიცივემ გაამწვავოს ისეთი ალერგიული დაავადება, როგორიც არის ატოპიური დერმატიტი. ამ დროს კანი შრება, ვითარდება ქავილი და ჩნდება გამონაყარი. ამას გარდა,, სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს ცემინება, ცხვირში გაჭედვა, სურდო, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება სიცივეში, ქარიან ამინდში და შესაბამისად, ხველაც გაამძაფროს. უნდა აღინიშოს, რომ სიცივე შეიძლება არა მხოლოდ გამომწვევი, არამედ დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორიც იყოს იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ პერიოდში ისეთი ალერგენები, როგორიც არის ოთახის მტვერი და ნესტის ალერგია. აქედან გამომდინარე, თუ სიცივეზე ალერგიას ოთახის მტვერი და ნესტიც ამძაფრებს, ამისთვის აუცილებელია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი.

-როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს დაავადება?

-სიცივისგან გამოწვეული ალერგია შესაძლებელია გამოვლინდეს ცხვირში გაჭედილობის, სისველის, ცემინების სახით, ასევე კანზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით გაუმძაფრდეთ მათ, ვისაც ატოპიური დერმატიტი აქვთ. ეს უკანასკნელი არის კანის ბარიერის დარღვევით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც წყლის შეკავების ფუნქცია დარღვეულია ცილის გაუკუღმართებული სინთეზის გამო და კანი შრება. გამომშრალი კანი ყოველთვის მიდრეკილია ქავილისკენ და გაღიზიანებისკენ.

-სხეულის რომელ ნაწილზეა ვითარდება ქავილი ან გამონაყარი?

-სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციება არის ნაკბენისმაგვარი გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილზე - ზედა კიდურებზე, ფეხებზე, ტანზე, სახეზე. ხანდახან სიცივისგან მტევნებიც შუპდება ხოლმე.

-ეს ალერგია ნებისმიერ ასაკში ვლინდება?

-ყველა ასაკში შესაძლებელია ალერგია განვითარდეს. ალერგიამ ასაკი არ იცის. რა თქმა უნდა, ბავშვებში უფრო საყურადღებოა, რადგან თუ დროულად მიმართავთ ექიმს და დროულად დავადგენთ მაპროვოცირებელ ფაქტორს და დავიწყებთ მკურნალობას, მომავალ წლებში გართულებისგან თავს უფრო მეტად დავიცავთ.

-სიცივეზე ალერგია მემკვიდრეობითია თუ შეძენილი?

-ალერგია არის 21-ე საუკუნის დაავადება. გენეტიკური დატვირთვის გარდაც შესაძლებელია ადამიანს აღმოაჩნდეს, მაგრამ განსაკუთრებით მიდრეკილები არიან გენეტიკურად განწყობილი პირები. ალერგიის განვითარების შანსი იზრდება, თუ ორივე მშობელია ალერგიული, ხოლო ნაწილობრივ, თუ ერთ-ერთი მშობელია ალერგიული. ამიტომ გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სხვა დაავადებების, ისე ალერგიის შემთხვევაშიც.

-სიცივის ალერგიამ ყოველი ზამთრის პერიოდში შეიძლება შეგვახსენოს თავი?

-ვისაც სისტემატურად, ყოველ წელს უვითარდება, აციებამდე 2-3 კვირით ადრე ვიბარებთ ხოლმე და ვიწყებთ პროფილაქტიკურ მკურნალობას ანუ სანამ აცივდება, ალერგიის გამამძაფრებელ ფაქტორს მომზადებულები და დაცულები ვხვდებით.

-ასეთ დროს როგორია მკურნალობის მეთოდი?

-თუ საქმე გვაქვს სიცივეზე ალერგიასთან, რომლის დროსაც სხეულის ნაწილები არ არის დაფარული, პაციენტებს ვურჩევთ ხოლმე, რომ გაიკეთონ ხელთათმანები, თავზე დაიფარონ ქუდი, სახეზე გაიკეთონ შარფი, რომ სიცივისგან თავი დაიცვან. თვითონ მკურნალობა სხვადასხვა სიმძიმისაა, გააჩნია დაავადების დონეს. დროულად ჯობია ექიმთან მისვლა, რომ მან სწორად შეაფასოს ალერგიის გამოვლენის სიმძიმე და მკურნალობა დანიშნოს.

თუ სიცივის გამო კანი შრება, რომელიც მეორადად ქავილს და გაღიზიანებას იწვევს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება. ასევე, ბავშვებს ზამთარში, სასეირნოდ გასვლის წინ უმჯობესია ლოყებზე დამატენიანებელი კრემი წავუსვათ, რომ კანი არ გამოუშრეთ, არ გაუღიზიანდეთ და ალერგიის განვითარების მიზეზი არ გახდეს.

myquiz