რატომ არ გადიან ჩინელი დედები მშობიარობის შემდეგ სახლიდან? | Allnews.Ge

რატომ არ გადიან ჩინელი დედები მშობიარობის შემდეგ სახლიდან?

მშობიარობის შემდგომი იზოლაცია, რომლის დროსაც დედები არ ტოვებენ სახლს, არ იღებენ მნახველებს და თავს იკავებენ შხაპში შესვლისგან ერთი თვის განმავლობაში, ძალიან გავრცელებული ტრადიციაა გაერთიანებული სამეფოს ჩინურ სათვისტომოში. ექსპერტები განმარტავენ, რომ პროფესიულ სამედიცინო სფეროში ამ პრაქტიკის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

"საკუთარი სახლის ფარგლებში დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია"- ამბობს ჩინგი, რომელსაც მშობიარობის შემდეგ საკუთარი სახლი უკვე 28 დღის განმავლობაში არ დაუტოვებია.

ამის შესახებ ჩინგი "ბიბისი"-ს "სკაიპის" დახმარებით უყვება, რადგან მნახველებს მათთან მისვლა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.

ჩინგის თქმით, იზოლაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დაბადების შემდეგ ბავშვების იმუნეტეტი ძალიან სუსტია, ამიტომ მათ, პირველ რიგში, ესაჭიროებათ მშობლებთან და მათ ბაქტერიებთან შეგუება.

"თუ ამ პრაქტიკას არ მიჰყვებით თქვენ საკუთარ თავს ვნებთ"- დარწმუნებით აღნიშავს ჩინგი.

როგორც ცნობილია, მშობიარობის შემდგომი იზოლაციის ტრადიცია აზიაშია გავრცელებული, ჩინეთში სპეციალური საავადმყოფოებიც კი არსებობს, რომლებშიც დედები ერთი თვის განმავლობაში რჩებიან, ზოგჯერ კი საკუთარ შვილებს დღეში ერთხელ ნახულობენ.

ტრადიციული ჩინური მედიცინის გადმოსახედიდან ახალნამშობიარები ქალები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ცივი ჰაერისა და ზოგადად გაციებისადმი.

ჩინგის მეუღლისთვის, რომელიც გაერთიანებულ სამეფოშია დაბადებული, ამ ტრადიციის გათვალისწინების მოთხოვნილება უცხო აღმოჩნდა.

"არ ვფიქრობ, რომ ის მიხვდა, რომ იყო დედა ნიშნავს გაითვალისწინო მთელი რიგი წესებისა" - ამბობს ჩინგი, - "ამასთან შეგუება ცოტა გაუჭირდა, რადგან მას სურდა თავისი შვილი ყველასთვის დაუყოვნებლივ ეჩვენებინა".

ლონდონის სამეფო კოლეჯის ნევროლოგი, ექიმი კიტ ვუ განმარტავს, რომ მშობიარობის შემდგომი იზოლაციის ტრადიცია იმდენად ფესვგადგმულია ჩინურ საზოგადოებაში, რომ მანაც კი ვერ შეძლო ამ ტრადიციისთვის თავის არიდება. ექიმის თქმით, ზოგიერთი ქალი, რომელიც ამ ტრადიციას მკაცრად მისდევს, პირველი ორი კვირის განმავლობაში საწოლიდან არ დგება, ადგომის შემდეგ კი ზედმეტი აქტივობისგან თავს იკავებენ. ექიმი ვუ შეშფოთებულია იმ ქალების ბედით, რომლებიც ტრადიციას მშობიარობის შემდეგი დეპრესიის მიუხედავად მისდევენ. ექიმი განმარტავს, რომ ზოგიერთი ქალი დეპრესიის ნიშნების შესახებ ექიმს საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო უმალავს, რადგან, როგორც წესი, ბავშვის გაჩენა ბედნიერ მოვლენად აღიქმება, რომელთანაც დეპრესიას არანაირი კავშირი, წესით, არ უნდა ჰქონდეს.

ექიმი იმითაც შეშფოთებულია, რომ ახალნამშობიარები ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევას დამოუკიდებლად ცდილობენ, რამაც შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, როგორც მათ ჯანმრთელობას, ასევე ახალშობილების მდგომარეობას.

myquiz