ქვეყნები, სადაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა ყველაზე მკაცრად ისჯება | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა ყველაზე მკაცრად ისჯება

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ის კანონდარღვევაა, რომელიც უმკაცრესად ისჯება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. საქართველოში ეს წესი 2017 წელს გამკაცრდა, თუმცა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ მიღებული ზომები არ არის საკმარისი და ამ კუთხით კანონმდებლობა კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

გაგაცნობთ რამდენიმე ქვეყანას და იქ მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ჯარიმებს ადგენს.

საფრანგეთში ალკოჰოლის დასაშვები ნორმა არის 0.05%. ახალბედა მძღოლებისთვის ეს წესი უფრო მკაცრია. მათთვის, ვის მართვის მოწმობასაც სამი წელი არ შესრულებია, დასაშვები ნორმა მხოლოდ 0.02%-ია. ასევე, 0.02%-ია ავტობუსის მძღოლებისთვის. თუ სისხლში ალკოლოჰოლის დოზა 0.08%-ს აღემატება, ჯარიმა არის 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა, ფულადი ჯარიმა 4500 ევროს ოდენობით და 2 წლამდე ვადით პატიმრობა.

გერმანიაში 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის და დამწყები მძღოლებისთვის (2 წელზე ნაკლები პრაქტიკით) ალკოჰოლის დასაშვები ნორმა არის 0. მათთვის, ვისთვისაც მანქანის მართვა პროფესიული საქმიანობაა, დასაშვები ნორმა 0.03%-ია, სხვებისთვის კი - 0.05%. მინიმალური ჯარიმა არის 500 ევრო და 1 თვით მართვის მოწმობის ჩამორთმევა. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში სასჯელი ორმაგი, სამმაგი და შეიძლება მეტიც გახდეს. გადაწყვეტილებას ინდივიდუალური სასჯელის შესახებ სასამართლო იღებს.

იტალიაში ჯარიმა განსხვავდება სისხლში აღმოჩენილი ალკოჰოლის დოზის მიხედვით. 0.05%-დან 0.08%-მდე ფულადი ჯარიმა 500 ევროდან 2000 ევრომდე მერყეობს, მართვის უფლების ჩამორთმევა კი 3 თვიდან 6 თვემდე. 0.08%-დან 0.15%-მდე - 800-3,200 ევრო ფულადი ჯარიმა, 6-12 თვე მართვის უფლების ჩამორთმევა და 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა. 0.15%-ის ზემოთ კი - 1,500-6,000 ევრო ფულადი ჯარიმა, 1-2 წელი მართვის უფლების ჩამორთმევა და 2-12 თვით პატიმრობა. მათთვის, ვის მართვის მოწმობასაც 3 წელი არ შესრულებია და პროფესიით მძღოლებისთვის მინიმალური დასაშვები ნორმა არის 0. მძღოლები, რომლებიც შემოწმებაზე უარს აცხადებენ, 0.15%-მდე ალკოჰოლის რაოდენობისთვის განკუთვნილი სასჯელით დაისჯებიან.

ესპანეთში დასაშვები ნორმა 0.05%-ია, 0.03% კი მათთვის, ვის მართვის მოწმობასაც 2 წელი არ შესრულებია, ვინც 3,5 ტონაზე მეტი სიმძიმის ავტომობილს მართავს ან რომელ ავტომობილშიც 9-ზე მეტი მგზავრი ეტევა. აღნიშნული წესის დარღვევა 500 ევროთი ჯარიმდება. 0.12%-ზე მეტი ალკოჰოლის შემთხვევაში კი მძღოლი 1 წლამდე პატიმრობით ისჯება.

თურქეთში სიმთვრალით გამოწვეული სამართალდარღვევის შედეგად მიღებული შედეგის სიმძიმის მიხედვით დგინდება სასჯელი პატიმრობა იქნება თუ ფულადი ჯარიმა. დამნაშავეს შეიძლება ფიზიკური სასჯელიც კი დაეკისროს. მაგალითად, გარკვეული პერიოდი ჩამოერთვას ავტომობილი და მიიღოს ვალდებულება, რომ მხოლოდ ფეხით იაროს.

აშშ-ში ალკოჰოლის დასაშვები ოდენობა შტატების მიხედვით განსხვავდება. ასევე, განსხვავდება სასჯელიც. ყველაზე მკაცრი წესები ალაბამასა და ოჰაიოს შტატებში მოქმედებს. დასჯა ხდება როგორც პატიმრობით, ისე ფულადი ჯარიმით. გარკვეულ შტატებში განსხვავდება სისხლში დასაშვები ალკოჰოლის დოზა ასაკის მიხედვით. 21 წლამდე უფრო ნაკლებია დასაშვები, 21 წლის შემდეგ კი - უფრო მეტი.

ჩინეთში მძღოლის სისხლში 0.02%-დან 0.08%-მდე ალოკოჰოლის დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა 150-300 დოლარი და მართვის უფლების 6 თვით შეჩერებაა. 0.08%-ზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში კი 3 წლამდე პატიმრობდა და 5 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა. თუ ნასვამი მძღოლი რთულ საავარიო სიტუაციას შექმნის, რომელიც მძიმე ჭრილობით ან სიკვდილით დასრულდება, დამნაშავეს მართვის მოწმობა სამუდამოდ ჩამოერთმევა.

იაპონაში 0.03%-ზე მეტი ალკოჰოლი დასჯადია. სასჯელი განსხვავდება ალკოჰოლის რაოდენობის მიხედით. მაქსიმალური ჯარიმა არის 5 წლით პატიმრობა და ჯარიმა 8,800 დოლარის ოდენობით, რომლის რაოდენობაც ეროვნულ ვალუტაში, იენში დოლარის კურსზეა დამოკიდებული.

ინდოეთში დაშვებულია 0.03%-ზე ნაკლები ალკოჰოლი. აღნიშნული რაოდენობის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს 6 თვიანი პატიმრობა ან 30 აშშ დოლარის ჯარიმა ან ორივე ერთად ეკისრება. თუ შემთხვევა 3 წლის განმავლობაში გამეორდა, მაშინ ნასვამ მძღოლს 2 წლიანი პატიმრობა ან 50 აშშ დოლარი ან ორივე ერთად ეკისრება.

საქართველოში ბოლო პერიოდში გამკაცრებული კანონმდებლობა კი ასე გამოიყურება: "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მოქმედი ნორმით სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან კანონით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას იწვევს. კანონი მართვის უფლების შეჩერების 700-ლარიანი ჯარიმით შეცვლასაც უშვებს. დაჯარიმებულ პირს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების ან 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გახადა მართვის მოწმობის აღსადგენად, სამართლადარღვევის ჩადენიდან 3-თვის შემდეგ ენიჭება.

myquiz