ქალი, რომელიც 500-ზე მეტი ბავშვის მშობელია | Allnews.Ge

ქალი, რომელიც 500-ზე მეტი ბავშვის მშობელია

საკუთარი შვილი არ ჰყავს, თუმცა, 500-ზე მეტი ბავშვის მშობელია. სკოლაში არ ასწავლის, მაგრამ ნეპალის სხვადასხვა ნაწილში გახსნილ თავშესაფრებში პატიმარი ქალების შვილებს იფარებს. ამ საქმეს უკვე 27 წელია ემსახურება და მის ხელში 1600-მა ბავშვმა გაიარა. ინდირა რანამაგარს ყველა მათგანი დედას ეძახის, თვითონაც მშობელივით უვლის თავშესაფარში მისულ ყველა მცირეწლოვანს.

ბავშვები ინდირას ყველგან დაჰყვებიან მასთან დროის გატარება განსაკუთრებით პატარა ბჰუს უყვარს. როდესაც ინდირამ იპოვა 1,5 კილოგრამი იყო და მისი გადარჩენის არავის სჯეროდა. მშობლებმა მიწისძვრის დროს მიატოვეს, მას შემდეგ ინდირას გვერდიდან არ მოშორებია.

"ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სახლი, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საკვები. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება იცხოვრონ ღირსეულად. ეს ჩემი ოცნება და ბრძოლის საგანია", - ამბობს ინდირა და ქალთა საპატიმროებს ჯერ კიდევ ყოველდღიურად სტუმრობს იმის იმედად, რომ კოლონიაში მყოფ ქალებს ანუგეშებს და თავშესაფარში კიდევ ერთ ბავშვს წაიყვანს. აღსანიშნავია, რომ 5 წლამდე ბავშვები დედებთან რჩებიან იქ, სადაც ეს შესაძლებელია, 5 წელზე ზემოთ მყოფ ბავშვებს კი ინდირას სახლში შეუძლიათ ცხოვრება.

"საპატიმროში ხშირია შემთხვევები, როდესაც მენტალურად დაავადებული ქალები ერთად ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანი აგრესიულია,  ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის მოწმეები ბავშვები ხდებიან. ის გარემო მათთვის უსაფრთხო ნამდვილად არ არის"- ამბობს ინდირა.

სიღარიბეში გაზრდილ ინდირას განათლების მიღების შესაძლებლობა მისი სქესის გამო არ მიეცა. იგი იხსენებს როგორ დადიოდა მისი ძმა სკოლაში, თავად კი მის მოსვლას ელოდებოდა, რათა ძმასთან ერთად სახლში ემეცადინა. ამბობს, რომ მაშინ ფანქარი და ფურცელიც კი არ ჰქონდა ამიტომ ხშირად მიწაზე წერდა.

"პატარა სოფელში ვიზრდებოდი, მახსოვს რომ ჩვენს სახლს ჭერიც კი არ ჰქონდა კარგი და წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდიოდა. ცხოვრება ძალიან რთული იყო. ჩემი ძმა სკოლაში დადიოდა, იმის გამო რომ გოგო ვიყავი, მე სკოლაში არ გამიშვეს. ჩემი ძმა საშინაო დავალებას რომ ამზადებდა მეც მასთან ერთად ვსწავლობდი. მაშინ ფანქარიც კი არ მქონდა. ახლა ის ყველგანაა, არაფერი მქონდა, რითიც წერას შევძლებდი, არც წიგნი მქონია და არც რვეული, ამიტომ ხშირად მიწაზე ვწერდი. როდესაც საბოლოოდ სკოლაში წავედი, ყველა გამოჩენილი და ცნობილი ადამიანის ისტორიებს ვკითხულობდი - მაგალითად ფილოსოფოსების, მაინტერესებდა როგორ უმკლავდებოდნენ გამოწვევებს. ამის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება მეც შემეძლო".

გამოწვევას თვითონაც კარგად გაუმკლავდა. ფილოსოფოსების ისტორიებზე გაზრდილი ინდირა, ნეპალში და მის ფარგლებს გარეთ დღეს უკვე ბევრისთვის მისაბაძი ქალია.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz