რა შედეგებამდე მიგვიყვანს საუზმის გამოტოვება? | Allnews.Ge

რა შედეგებამდე მიგვიყვანს საუზმის გამოტოვება?

ახალი კვლევის თანახმად იმ ადამიანების სისხლძარღვებში, რომლებიც საუზმეზე უარს ყოველდღიურად ამბობენ წანაზარდები ჩნდება, რაც მათ კარდიოვასკულარული დაავადებების გაზრდილი რისკის წინაშე აყენებს.

დილით საუზმის მირთმევას ხშირად დღის განმავლობაში სიმძიმის გრძნობას და ქოლესტეროლის მაღალ დონეს უკავშირებენ. ახალი კვლევა კი, რომელიც კარდიოლოგიის ამერიკული კოლეჯის ჟურნალშია გამოქვეყნებული, ცხადყოფს, რომ საუზმეზე უარის თქმა ათეროსკლეროზის განვითარებასა და ვენების დავიწროვებას იწვევს.

კვლევისთვის მეცნიერებმა ესპანეთში მცხოვრები 4 ათასზე მეტი ადამიანის კვებითი მონაცემები გაანალიზეს, რომელთა ასაკი 40-დან 54 წლამდე მერყეობდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების მხოლოდ სამი პროცენტი ამბობდა უარს საუზმეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დილით მხოლოდ ყავას მიირთმევდნენ. ადამიანთა უმეტესობა ანუ 69% დაბალკალორიულ საუზმეს მიირთმევდა, და მხოლოდ 28% იღებდა დიდი რაოდენობის კალორიებს საუზმეზე.

მეცნიერები მოსახლეობას საუზმის სწორედ იმ ტიპს სთავაზოდნენ, რომლის დროსაც ორგანიზმი 20%-ზე მეტ კალორიას იღებს და რომელიც პროტეინებით, სასარგებლო ცხიმებითა და ხილითაა გაჯერებული.

ადამიანები, რომლებიც საუზმეზე კალორიების 5%-ზე ნაკლებს იღებენ, გულის დაავადებების რისკის წინაშე 2,5-ჯერ უფრო მეტად დგებიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საუზმეზე 20%-ზე მეტ კალორიას იღებენ.

ახალ კლევას არ შეუძლია საუზმის გამოტოვებასა და გულის დაავადებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე უარს ამბობენ, სავარაუდოდ, ცხოვრების არაჯანსაღ წესს მიჰყვებიან, მოიხმარენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ეწვეიან, არასწორად იკვებებიან, ხდებიან არამიზანმიმართული დიეტების მსხვერპლი და ამასთანავე უჭირთ წონაში კლება, საუზმეზე უარს კი სწორედ წონის კორექციის მიზნით ამბობენ, რაც, როგორც აღმოჩნდა, შემდგომში ჯანმრთელობის სხვა უფრო მძიმე პრობლემებს იწვევს.

მომზადებულია TIME-ის მიხედვით

myquiz