11.09.2017 / 12:49
შრიფტის ზომა:

როგორ მოვიყვანოთ არაქისი საქართველოში?

მიწის თხილი ანუ არაქისი, ყველასთვის საყვარელი ნუგბარი, მრავალ ქვეყანაში ხარობს. იყო დრო, საქართველოში არაქისი დიდი რაოდენობით მოჰყავდათ, დღეს კი მისი სამეურნეო მნიშვნელობა შემცირებულია. მიწის თხილის სასარგებლო თვისებებსა და მისი მოყვანის თავისებურებებზე გვესაუბრება ნატო კაკაბაძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი.

- არაქისი ერთწლოვანი მცენარეა და ფართოდ გამოიყენება. მცენარეს აქვს 50-60 სმ სიმაღლის სწორად მდგომი ღერო, უხვად დატოტვილი და შეფოთლილი. მიწის თხილს თვითგანაყოფიერებისა და ხანგრძლივი ყვავილობის უნარი აქვს. არაქისის მარცვალი 50%-მდე ზეთს შეიცავს, მას სასურსათო დანიშნულება აქვს და გამოიყენება საკონსერვო და საშაქარლამო, ასევე - საკონდიტრო წარმოებაში. განსაკუთრებით ფასობს მისგან დამზადებული ჰალვა და სხვა პროდუქტები. არაქისის მარცვალი მდიდარია ცილებით, რაც მის სასურსათო მნიშვნელობას ზრდის. მისი გადამუშავების შედეგად მიიღება კოპტონი, რომელსაც საქონლის საკვებ დანამატად იყენებენ. საქონლის საკვებად გამოიყენება მისი მიწისზედა ნაწილიც. არაქისის ზეთი ძალიან სასარგებლოა, ისევე როგორც არაქისის კარაქი.

- სადაური მცენარეა არაქისი?

- მისი სამშობლო ბრაზილიაა, ევროპაში კი მე-16 საუკუნეში შემოვიდა და ყველაზე ფართოდ საფრანგეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელდა. დღეს დიდი რაოდენობით მოჰყავთ ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. საქართველოში მიწის თხილი მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. საბჭოთა პერიოდში ბევრი არაქისი მოჰყავდათ, მისი ნათესების ფართობი 4 ათას ჰექტარს აღემატებოდა, ახლა კი ეს ფართობი ძალიან შემცირებულია და ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებში ახარებენ. მე არ მეგულება ფერმერი, არაქისი დიდი ოდენობით მოჰყავდეს.

- ჩვენი ქვეყნის რომელი მხარეებია ყველაზე სასურველი არაქისისთვის?

- ძირითადად, დასავლეთი საქართველო­ - იმერეთ-სამეგრელოს რეგიონი, ადრე კახეთშიც მოჰყავდათ - გურჯაანსა და ლაგოდეხში. ამჟამად ნათესები დასა­ვლეთშიც არის და აღმოსავლეთშიც, მაგრამ ცოტაა და მისი სამრეწველო მნიშვნელობა მცირეა.

- როგორ ყვავილობს არაქისი?

- მისი ყვავილობა 3-3,5 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. განაყოფიერების შემდეგ ნასკვი თანდათან დაგრძელებას იწყებს, მიწისკენ იხრება, ნიადაგში ჩადის 10-12 სმ-ის სიღრმეზე და ზრდას აჩერებს. ამის მერე იწყებს პარკების წარმოქმნას, სადაც არაქისის მარცვლებია მოთავსებული. ჩვეულებრივი თხილის ნაყოფი ჩვენთვის ხილულია, ხოლო მიწის თხილის პარკები მიწაშია ჩამალული. ამიტომ, მოსავალი რომ არ დაიკარგოს, მისი დროული აღებაა საჭირო. არაქისს უხეში პარკი აქვს, რომელიც ძნელად იხლიჩება. პარკებში 1-დან 6-მდე მარცვალია. არსებობს მსხვილმარცვლიანი, საშუალომარცვლიანი და წვრილმარცვლიანი ჯიშები.

არაქისი სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა და ყინვას ვერ იტანს - ერთგრადუსიანი ყინვაც კი აზიანებს. ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ამ მცენარეს 25-30 გრადუსი სითბო მაინც სჭირდება.

- რამდენ ხანს გრძელდება არაქისის სავეგეტაციო პერიოდი?

- მიწის თხილის ვეგეტაციის პერიოდი (დათესვიდან მოსავლის აღებამდე) გრძელდება 130-დან 200 დღემდე. მეტად მნიშვნელოვანია, რა ტიპის ნიადაგზე მოიყვანენ ამ კულტურას - ის ნოყიერი უნდა იყოს. კარგ შედეგს იძლევა შავმიწა, ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილისთვის დაჭაობებული ადგილები არ არის მიზანშეწონილი, ასევე ვერ ხარობს გამოფიტულ და გამომშრალ ნიადაგზე. ნიადაგის დამუშავება ადრე გაზაფხულზე იწყება. არაქისის დათესვამდე მიწა უნდა იყოს გაწმენდილი და მომზადებული, რათა მცენარემ დაუბრკოლებლად გაიხაროს. ადრე გაზაფხულზე აუცილებელია ღრმა ხვნა, 25-დან 30 სანტიმეტრამდე. სასურველია ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა.

- როგორ თესავენ არაქისს?

- ძირითადად, არაქისი გარჩეული მარცვლებით ითესება, თუმცა ზოგჯერ მთელი და გატეხილი პარკებითაც თესავენ. დათესვა შეიძლება მწკრივად ან კვადრატულ-ბუდობრივად. კვადრატულ-ბუდობრივად თესვის დროს მანძილი 60-70 სმ უნდა იყოს, ან უფრო მცირე - 60-60 სმ.­ ბუდნაში დაახლოებით 5-6 მარცვალი უნდა ჩავაგდოთ. ხოლო თუ მწკრივად დავთესავთ, მწკრივებს შორის მანძილი 60-70 სმ უნდა იყოს, მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი კი - 15-20 სანტიმეტრი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დათესვის სიღრმე: მარცვალი 6 სმ სიღრმეზე უნდა დაითესოს, ხოლო პარკიანად - 8-10 სმ-ზე. ნიადაგის დაფარცხვა ნათესის აღმოცენების შემდეგაც შეიძლება, მერე კი მიწის სისტემატური გაფხვიერება და გასუფთავებაა საჭირო. მცენარემ კარგად რომ გაიხაროს, ირგვლივ მიწა უნდა შემოვაყაროთ. ეს ყვავილობის დაწყებისას უნდა გავაკეთოთ, თუ უხვი ნალექი მოვა, შეიძლება 2-3-ჯერაც გავიმეოროთ. გვალვის შემთხვევაში არაქისის ნაკვეთის მორწყვა აუცილებელია, თუმცა დიდი რაოდენობით წყალიც არ ვარგა - ეს მცენარის განვითარებას ხელს უშლის. არაქისს წყალი ზომიერად სჭირდება.

- რას გვეტყვით არაქისის ჯიშებზე?

- არაქისის ჯიშები ორ ჯგუფად იყოფა: არის ჯიშები, რომლებიც მიწაზეა გართხმული და არის ჯიშები, რომლებსაც სწორი ბუჩქი აქვს. სწორად მდგომი მცენარე მექანიზაციას კარგად ექვემდებარება. ზემოხსენებულ ქვეყნებში აქვთ საშუალება და არაქისის ნათესებს სწორედ მექანიზაციით ამუშავებენ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 11 სექტემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად