რატომ გვაქვს სხვადასხვა ჯგუფის სისხლი | Allnews.Ge

რატომ გვაქვს სხვადასხვა ჯგუფის სისხლი

დანიურ გამოცემა Videnskab.dk-ში ერთ-ერთი მკითხველის წერილი მოვიდა, რომელშიც იგი ინტერესდებოდა, რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფის სისხლი?

გამოცემამ ეს კითხვა ორ მეცნიერს, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორს მორტენ ჰანეფელდ ძიგილს და მედიცინის დოქტორს, პროფესორ ტორბენ ბარინგტონს გაუგზავნა.

მორტენ ჰანეფელდ ძიგილმა განმარტა, რომ სისხლის ტიპებს ჩვენი დნმ-ი განსაზღვრავს.

"სისხლის გარკვეული ტიპები გარკვეულ გენებს შეესაბამება. ევოლუციური განვითარების პროცესში, ადამიანის გენებმა მუტაცია განიცადეს, რამაც დროთა განმავლობაში ჩვენი გენეტიკური მასალა შეცვალა. სისხლის სხვადასხვა ტიპები ზუსტად ამის გამო წარმოიშვა", - ამბობს ის.

პროფესორი ტორბენ ბარინგტონი აცხადებს, რომ ადამიანის განვითარების პროცესში არსებობდა სისხლის უფრო მეტი ტიპი, რომლებიც ამჟამად გამქრალია, ვინაიდან ის გენები წარუმატებელი აღმოჩნდა.

ასეთი განვითარება მუდმივად გრძელდება. შეიძლება ითქვას, სხვადასხვა სისხლის ჯგუფების ფენომენის დამსახურებაა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან წარმატებულ სახეობად.

"განვითარების თვალსაზრისით, ის, რომ ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უპირატესობაა.

რაც მეტია გენეტიკური ვარიანტები, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ჩვენ როგორც სახეობა, დაავადებებს გავუმკლავდებით, ვინაიდან ეს უფრო გაგვაძლიერებს", - განმარტა მან.

ორივე მეცნიერი ამბობს, რომ სინამდვილეში უამრავი სხვადასხვა სისხლის ტიპი არსებობს. იმის დასადგენად, თუ რომელი სისხლის ტიპზეა საუბარი, არსებობს 30 სხვადასხვა "სისხლის ჯგუფის სისტემა".

ამ სისხლის ჯგუფების სისტემებიდან, სისხლის გადასხმის საკითხში, ორი გადამწყვეტ როლს ასრულებს:

1. " AB0 სისტემა" (AB-ნული)

2. ე.წ. რეზუს-ფაქტორი

" AB0 სისტემა" 1901 წელს ავსტრიელმა კარლ ლანდშტეინერმა შექმნა და ეს ნოვატორული გამოგონება იყო. ამ სისტემის საშუალებით, ყველა ადამიანი სისხლის ჯგუფის მიხედვით, ოთხ კატეგორიად გაიყო - A, B, AB და 0 (ნული).

ადამიანის სისხლის ჯგუფი მშობლებზეა დამოკიდებული

მშობლებისგან მიღებული გენები განსაზღვრავენ იმას, თუ რომელი ჯგუფი ექნება ბავშვს. თითოეული მშობლისგან მიღებული გენი შეიძლება იყოს A, B, ან 0 ჯგუფის სისხლის ტიპზე პასუხისმგებელი.

A და B ჯგუფის გენი ერთნაირად დომინანტურია, 0-ის კი - რეცესიური. ამიტომ, თუკი ბავშვს 0 ჯფუფის სისხლი აქვს, ესეიგი მას ორივე მშობელმა 0 ჯგუფის გენი გადასცა.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი მშობელი ბავშვს A ტიპის, მეორე კი B ტიპის გენს გადასცემს, ბავშვს AB ჯგუფის სისხლი ექნება, ვინაიდან A და B ტიპები ერთნაირად დომინანტურია.

ხოლო თუ ერთი მშობელისგან ადამიანი A-ს, მეორესგან კი 0-ს მიიღებს, მას A ჯგუფის სისხლი ექნება, რადგან А დაჩაგრავს 0-ს. მაგრამ ასეთი დომინირება არ გამორიცხავს იმას, რომ ეს ადამიანი საკუთარ შვილს 0 ჯგუფის სისხლის გენს გადასცემს - ამის ალბათობა 50%-ია", - ასკვნის ტორბენ ბარინგტონი.

myquiz