რა არის ფაროსანა, იგივე "ცუანა", რამაც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა | Allnews.Ge

რა არის ფაროსანა, იგივე "ცუანა", რამაც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს.

სააგენტოს ცნობით, იგი განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

"მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებლი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე", - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მოსახლეობამ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ?

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

ვინ ზრუნავს თბილისში მავნე მწერების შეწამვლაზე

პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს.

აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს გააცნობენ და ადგილზე კონსულტაციებს გაუწევენ.

myquiz