ცხელი წყალი თუ ცივი, საპონი თუ გელი - როგორ დავიბანოთ ხელები სწორად? | Allnews.Ge

ცხელი წყალი თუ ცივი, საპონი თუ გელი - როგორ დავიბანოთ ხელები სწორად?

ცხელი წყალი თუ ცივი? საპონი თუ გელი? პირსახოცი თუ ხელის საშრობი? როგორ უნდა შევასრულოთ თითქმის, რიტუალის დონემდე აყვანილი ჰიგიენური პროცესი სწორად?

დავიბანოთ ხელები! მარტივად ჟღერს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესის უკან ბევრი დეტალი და პრობლემა ჩნდება, რომლის შესახებ თითქმის არასდროს გვიფიქრია.

მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ჭამის წინ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შემდგომ ხელების დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადეების გავრცელების რისკს, ადამიანთა მხოლოდ 5% აკეთებს ამას სწორად და თანაც საჭირო დროს.

3 ათას ადამიანზე ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოდან გამოსვლისას 10% საერთოდ არ იბანს ხელებს 33% კი საპონს არ იყენებს. ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკელი და ბრაზილიელი მკვლევარების გაანგარიშებით, თითოეული ჩვენგანი სახის სხვადასხვა ნაწილს საათში 3,6-ჯერ ეხება. ცხადია, რომ ამ პირობებში ხელის დაბანა აუცილებელია. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი როგორ დავიბანოთ ხელები ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ბაქტერიისგან გავთავისუფლდეთ.

უნდა იყოს თუ არა წყალი ცხელი?

კვლევის დროს, რომელშიც 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 69%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ წყლის ტემპერატურა ხელის დაბანის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს. ის რომ მაღალ ტემპერატურას ბაქტერიების მოკვლა შეუძლია-მართალია, მაგრამ ამისთვის წყალი თითქმის მდუღარე უნდა იყოს, რასაც ცხადია ჩვენი ხელები უბრალოდ ვერ გაუძლებს.

იმის გასარკვევად ბაქტერიების რა რაოდენობა რჩება ჩვენს ხელებზე 44-დან 50 გრადუსამდე ტემპერატურის წყლით დაბანისას, მკვლევარებმა ცდა ჩაატარეს. შედეგად კი დადგინდა, რომ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო წყლის ტემპერატურა ის გავლენას არ ახდენდა ბაქტერიების რაოდენობაზე.

თუმცა, ხელების დაბანის პროცესში წყლის ტემპერატურის მნიშვნელობის დაუფიქრებლად გამორიცხვაც არ შეიძლება, რადგან მხოლოდ თბილ წყალს შეუძლია გაახანგრძლივოს ჰიგიენური პროცესი, რაც ბაქტერიების მოშორების საკითხში დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა ანტიბაქტერიულ საპონს?

საკითხის გამოსაკვლევად ბევრი კვლევა ჩატარდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში დადგინდა, რომ ანტიბაქტერიულ საპონში დამატებული ნივთიერება იმაზე მეტად არ უწყობდა ბაქტერიების გაქრობას ხელს ვიდრე, ჩვეულებრივი საპონი.

ხელები უნდა შევიმშრალოთ თუ გავიშროთ?

როდესაც ვჩქარობთ დიდი ცდუნებაა რომ ხელები არ შევიმშრალოთ. მერე რა მოხდა თავისით გაშრება. თუმცა, ეს დასაშვებია თუ ხელების გაშრობამდე არაფერს ეხებით, მაგრამ თუ იცით რომ რამესთან შეხება მოგიწევთ მაგალითად, კარის სახელურთან, უმჯობესი იქნება ხელები წინასწარ შეიმშრალოთ, რადგან სველი ხელები ბაქტერიებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

საშრობი თუ ქაღალდის ხელსახოცი?

ამ საკითხში აზრები იყოფა. თუმცა, უმეტესობა უპირატესობას მაინც ერთჯერად ხელსახოცებს ანიჭებს. კრიტიკოსთა თქმით, ჰაერის ნაკადი იმდენად მძლავრია, რომ ბაქტერიები მთელს შენობაში იფანტება. ვესტმინისტრის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი საშრობების ჰაერის ნაკადს, ბაქტერიის ნახევარ მეტრზე გავრცელება შეუძლია, კიდევ ერთმა კვლევამ კი აღნიშნული ციფრი სამ მეტრამდე გაზარდა. დაუჯერებთ თუ არა ამ კვლევებს თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ კი გეტყვით, რომ ამ კვლევების უმეტესი ნაწილი, ერთჯერადი ხელსახოცების მწარმოებლების მიერ ფინანსდებოდა, თუმცა, ავტორები ამაზე დაუფარავად საუბრობდნენ კვლევები კი, რეცენზირებულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.

დაბანის როგორ მეთოდიც არ უნდა შეარჩიოთ, გახსოვდეთ, რომ ხელები იმაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დავიბანოთ ვიდრებ ამას მიჩვეულები ვართ. კარგად გაიქაფეთ ხელები არა მხოლოდ ხელის გულები, არამედ მაჯების შიდა ნაწილიც, დაიბანეთ თითებს შუა, ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილის სისუფთავეს.  პროცედურას 15-დან 30 წამამდე დრო უნდა დასჭირდეს. იმაში დასარწმუნებლად, რომ ხელებს საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში იბანთ, გულში საყვარელი სიმღერის ერთი ორი სტროფიც შეგიძლიათ წაიმღეროთ.

myquiz