ბიძინა ივანიშვილი ძმის გატაცებაზე, პირველ ბიზნესსა და საკუთარ მსოფლმხედველობაზე | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი ძმის გატაცებაზე, პირველ ბიზნესსა და საკუთარ მსოფლმხედველობაზე

2005 წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გამოცემა ВЕДОМОСТИ-ის თავისი პირველი ინტერვიუ მისცა. წარმოგიდგენთ ამონარიდებს, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხება.

"დავიბადე ჭიათურის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამაჩემი "ჭიათურმანგანუმის" კომბინატზე მაღაროელად მუშაობდა. სკოლის შემდეგ თბილისში წავედი. ვსწავლობდი თსუ-ს საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და პარალელურად კამოს სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი. უმაღლესში სწავლის დასრულების შემდეგ, ამავე ქარხანაში დავრჩი. ვმუშაობდი დამლაგებლად, მუშად, უფროს ინჟინრად და ლაბორატორიის უფროსად.

1982 წელს მოსკოვში, შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩავაბარე. რამდენიმე წელიწადში დავიცავი დისერტაცია სპეციალობით, "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა". მოგვიანებით, თბილისში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ადგილობრივ ფილიალში დავბრუნდი და მალევე წამოვიწყე ჩემი პირველი ბიზნესი.

როგორი იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ცხოვრება 80-იანი წლების ბოლოს?

არც საინტერესო სამუშაო, არც პერსპექტივები. არ მქონდა ბინა, ვიყავი დასაოჯახებელი და ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბანკს დავაფუძნებდი და მილიარდერი გავხდებოდი. უბრალოდ მინდოდა, ფულის კეთება დამეწყო. ამიტომ, არმირებული შლანგების წარმოება გადავწყვიტე. მაშინ ეს დეფიციტური საქონელი იყო. დავაფუძნე კოოპერატივი, ვიქირავე ფართი და დავიწყე წარმოებისთვის მზადება. საღამოობით პირადად ვჩარხავდი მოწყობილობას, მაგრამ შლანგების წარმოებამდე საქმე არ მივიდა და კომპიუტერებით ვაჭრობა დავიწყე.

ვფიქრობდი, თუ რა გაიყიდებოდა ყველაზე კარგად და მივედი აზრამდე, რომ მომავალი კომპიუტერებზეა.

მაშინ ეს მოთხოვნადი საქონელი იყო, თუმცა კომპიუტერების შოვნა პრობლემას წარმოადგენდა. თბილისელ ებრაელებს ვიცნობდი, რომლებიც საზღვარგარეთ გადაბარგდნენ. მათ დავურეკე, მოვილაპარაკეთ და ასე დავიწყეთ ბიზნესი. ისინი მიგზავნიდნენ კომპიუტერებს და მე ვყიდიდი.

ჩემი პირველი მყიდველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გახდა.

თუმცა, ქართულ პროკურატურას ჩემი საქმიანობა არ მოეწონა, ვინაიდან მარტო პირველი გარიგების შედეგად ჩემი კოოპერატივის ანგარიშზე მილიონ რუბლზე მეტი ჩაირიცხა. მათ ჩემი ანგარიშები დააყადაღეს. მე კი მივხვდი, რომ თავისუფლად მუშაობის საშუალება არ მომეცემოდა და მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე.

რუსეთიდან 1993 წელს წავედი, როდესაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს.

გამოსასყიდს მთხოვდნენ, ერთი თვე ჰყავდათ ჩემი ძმა, მაგრამ მე ფული არ გადავიხადე, რათა ანალოგიური საფრთხის ქვეშ ჩემი მშობლები და დები არ დამეყენებინა. ჩემთან სხვადასხვა ქართველი ჩინოსნები ჩამოდიოდნენ და თანამშრომლობას, ჩემი ძმის პოვნაში დახმარებას მთავაზობდნენ. ბიზნესში მათი შეშვება არ მინდოდა, ამიტომ ფორმალურად ბანკს განვერიდე: ვთქვი, რომ ვტოვებდი პრეზიდენტის თანამდებობას. 1994 წელს, 6 თვით, ოჯახთან ერთად აშშ-ში, ახლობლებთან წავედი. თუმცა, იქ გაჩერება არ მინდოდა, საქართველოში არასტაბილური სიტუაცია იყო და შვილების უკეთესი მომავლისთვის, საბოლოოდ საფრანგეთზე შევჯერდით.

საქართველოში ბიზნესი დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე. აქტივები ძალიან მრავალფეროვანია. მე მეკუთვნის კვების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "თოლია", რომელიც უშვებს ნაყინს, პელმენებს, ნამცხვარს. ვფლობ ბანკ "ქართუს" და საქართველოში უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ოფისებს და საცხოვრებელ სახლებს აშენებს. ჩემი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელობაშია 600 ჰექტარი მიწა. საქართველოში ერთ-ერთ მთაში ყველაზე დიდი ღვინის მარანი მაქვს გამოჭრილი, სადაც ღვინის დიდი ცისტერნები დგას. ჩვენ 300 ჰექტარზე ვენახები გვქონდა, გაფართოება გვინდოდა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ვყიდი, მხოლოდ ბანკს დავიტოვებ. ქართველ ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.

ძალიან განცალკევებულად ვცხოვრობ, ურთიერთობა მხოლოდ ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან მაქვს.

არ გამაჩნია პოლიტიკური ამბიციები, უბრალოდ საკუთარ ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრება მსურს. ჭორვილადან იშვითად გავდივარ.

მატერიალისტი ვარ, არ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს.

ცხოვრება ძალიან მოკლეა და არ მინდა ის ვაკეთო, რაც ჩემს თავისუფლებას შეზღუდავს. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მიყვარს დღესასწაულები. საკუთარ დაბადების დღესაც კი არასდროს აღვნიშნავ.

myquiz