რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს - სქოლიოზზე ორთოპედი ბუბა შალამბერიძე საუბრობს | Allnews.Ge

რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს - სქოლიოზზე ორთოპედი ბუბა შალამბერიძე საუბრობს

სქოლიოზი ჩვენ გარშემო უამრავ ადამიანს აწუხებს, შესაძლოა, ხერხემალი ხანდახან თავადაც გვტკიოდეს, მაგრამ ცხოვრების გადატვირთული რეჟიმის გამო ყურადღებას არ ვაქცევდეთ, რაც მომავალში სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის.

დაავადება ბავშვებშიცაა გავრცელებული, რასაც მშობლები ხშირად სახელმღვანელოებსა და მძიმე სასკოლო ჩანთებს უკავშირებენ, თუმცა მედიკოსების თქმით, სქოლიოზს მხოლოდ მძიმე ნივთების ტარება არ იწვევს.

აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მათი პრევენციის საშუალებების დასადგენად ALLNEWS.GE ექიმ-ორთოპედ ბუბა შალამბერიძეს ესაუბრა. ექიმის თქმით, აღნიშნული დაავადება ყოველთვის გავრცელებული იყო, თუმცა მაჩვენებლის ზრდა გახშირებულმა მომართვიანობამ გამოიწვია, რაც ცნობადობის ამაღლებასა და დაინტერესების მატებასთანაა დაკავშირებული.

ბუბა შალამბერიძის განმარტებით, სქოლიოზი ძირითადად იდიოპათიურ ანუ გენეტიკურ ხასიათს ატარებს, -"ბავშვობის ასაკიდან სქოლიოზის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, უნდა მივმართოთ შესაბამის ღონისძიებებსა და სათანადოდ მკურნალობას, რათა ის უფრო მძიმე სტადიაში არ გადავიდეს და 3-4-ე ხარისხს არ მიაღწიოს, რომლის დროსაც უკვე დიდი და საკმაოდ რთული ქირურგიული ღონისძიებებია საჭირო.

აუცილებელია ხერხემალს 17-18 წლამდე თვალყური მივადევნოთ, როდესაც ის ზრდის პროცესშია და ფორმირებას დრო სჭირდება.

ამ ასაკის შემდეგ ხერხემალი მეტ-ნაკლებად ფორმირებულია და პროგრესს, როგორც წესი, აღარ განიცდის. 20 წლის შემდეგ სასურველია, მასზე ნაკლები ტკივილი და ნაკლები პრობლემები გვქონდეს, თუმცა ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად ეს შეუძლებელია," - აღნიშნავს ექიმი.

ორთოპედი, სქოლიოზის მეორად მიზეზად კვებასა და ვიტამინების დეფიციტსაც ასახელებს, - "კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, მოსახლეობასა და პაციენტებს აქცენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე აქვთ ანუ ისინი მხოლოდ ექიმებისგან ელოდებიან შველას, თუმცა სახლის პირობებში სრულიად შესაძლებელია ისეთი ღონიძიებების გატარება, როგორიც არის სწორი ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება. აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების, რძის პროდუქტების, ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ეს არის ორგანიზმისთვის აუცილებელი და იმ შემთხვევაში, თუ ის მსგავს პროდუქტებს ვერ იღებს, რა თქმა უნდა, მსგავსი დეფორმაციებისკენ მიდრეკილია," - აღნიშნა ბუბა შალამბერიძემ.

ბავშვებში სქოლიოზის გავრცელებას ის როგორც გენეტიკურ, ისე კვების ფაქტორსაც უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მოზარდმა ვიტამინების შემცველი ჯანსაღი პროდუქტები აუცილებლად უნდა მიიღოს, - "გამომწვევი შეიძლება იყოს კალციუმის დეფიციტი, ბრტყელტერფიანობა, რევმატოიზური ფაქტორები, ანთებითი და კუნთოვანი დაავადებები, რომლებიც სქოლიოზის განვითარებას მეორადად იწვევენ,"- განმარტა შალამბერიძემ.

ექიმი  მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილების ხერხემლის განვითარება აკონტროლონ და გარკვეული ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, ორთოპედს დაუყოვლებლივ მიაკითხონ.

"ბავშვებში ყველაზე კარგად სქოლიოზის თავდაპირველ სიმპტომებს მშობელი აღმოაჩენს, რადგან მას შვილთან ყველაზე ახლო კონტაქტი აქვს. მან ყურადღება ხერხემლის სწორად დგომას ანუ ბავშვის სიმეტრიულად განვითარებას უნდა მიაქციოს. პირველადი ნიშნები მხრების არასწორი დგომაა, როდესაც ერთი მხრის სახსრის დონე უფრო მაღლაა, ვიდრე მეორის, ასევე ზურგის ან ბეჭის არეში გამობერილობა და ხერხემლის დეფორმაციაა.

მშობელმა ასეთი ნიშნების შემჩნევისთანავე შვილი სპეციალისტთან უნდა მიიყვანოს, რადგან საკმაოდ ხშირია, რომ პაციენტები გვიან მოყავთ, როდესაც დაავადების აღმოფხვრასა და პროფილაქტიკას უფრო მეტი შრომა სჭირდება," - განმარტავს მედიკოსი.

ექიმის რეკომენდაციები სქოლიოზის თავიდან ასაცილებლად სწორი კვება, ცურვა, ვარჯიში და მასაჟია. მისი თქმით, აღნიშნული აქტივობები დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი აპრობირებული საშუალებაა.

თბილისის მერია მოქალაქეებს სქოლიოზის სკრინინგის პროგრამას სთავაზობს, რომწლსაც 10-18 წლის ასაკის პირებისთვის აფინანსებს, ხოლო ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-ს არ აღემატება, აღნიშნული პროგრამა 100%-ით უფასოა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz