"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."- რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე? | Allnews.Ge

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."- რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პუბლიკაცია სათაურით "დაუსრულებელი ტყუილი“: სასექსის ჰერცოგინია ბუკინგემის სასახლეს ბრალს სდებს“, რომელშიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბოლო დღეებში განვითარებული ხმაურიანი სკანდალის პერიპეტიებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიმ განაცხადა, რომ ბუკინგემის სასახლე არ უნდა ელოდოს იმას, რომ ის და პრინცი ჰარი ჩუმად იქნებიან მაშინ, როცა "ჩვენს შესახებ სიცრუეს უკვდავჰყოფენ“.

ინტერვიუს ნაწყვეტში, რომელიც წყვილმა ამერიკელ ტელეწამყვანს ოპრა უინფრის მისცა, მეგანს ჰკითხეს, როგორ უყურებს იგი იმას, თუ რას იტყვიან სასახლეში მისი ინტერვიუს გამო.

მეგანმა გააგრძელა: "თუ ეს რაღაცის დაკარგვის რისკს უკავშირდება, რას ვიზამთ... უკვე ბევრი რამ ისედაც დაკარგულია“.

ბუკინგემის სასახლე იძიებს იმ განცხადების სინამდვილეს, რომლის თანახმად, ჰერცოგინია პერსონალს აბუჩად იგდებდა.

მოსალოდნელია, რომ ოპრა უინფრისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც აშშ-ის ტელევიზიის ეთერში კვირას გაუშვებენ (დიდ ბრიტანეთში უკვე ორშაბათი იქნება), ვრცლად იქნება გადმოცემული ჰარისა და მეგანის ხანმოკლე ცხოვრება ბუკინჰემის სასახლეში იმ დრომდე, როცა მათ უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და აშშ-ში გაემგზავრნენ.

30-წამიან ტიზერში, რომელიც CBS-მა გამოაქვეყნა, უინფრი ეკითხება ჰერცოგინიას:

"როგორ უყურებთ სასახლის რეაქციას, რომელსაც ესმის, თუ როგორ მოჰყვებით თქვენს ისტორიას?“.

მეგანი პასუხობს: "მე არ ვიცი... ნუთუ მათ ეგონათ, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ ჩუმად ვიქნებოდით? თანაც როცა "ფირმის“ მიერ აქტიურად ხდება ჩვენს შესახებ დაუსრულებელი სიცრუის უკვდავჰყოფა“.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ 2020 წლის მარტში სამეფო ოჯახის წევრის მაღალ წოდებასა და უფლებამოსილებაზე უარი თქვეს და ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობენ.

  • საჩივარი აბუჩად აგდებაზე

მეგანის მისამართით ბრალდება სასახლის პერსონალის აბუჩად აგდების შესახებ მას შემდეგ გახდა ყველასათვის ცნობილი, როცა ჰერცოგინიამ ინტერვიუ ოპრა უინფრის მისცა.

გაზეთ "თაიმსის" («The Times») მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ჰერცოგინიას მაშინაც უჩიოდნენ, როცა იგი ფორმალურად ჯერ კიდევ სამეფო ოჯახის მაღალწოდებრივ წევრად მიიჩნეოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა 2018 წლის ოქტომბერში, როცა ჰერცოგი და ჰერცოგინია, იმავე წლის მაისში ქორწინების შემდეგ, კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთი თანამშრომლის ელექტრონულ წერილში, რომლის მოპოვება გაზეთმა შეძლო, ლაპარაკია იმაზე, რომ მეგანმა ორი პირადი თანაშემწე სასახლიდან გააგდო, ხოლო მესამეს მორალური ტრამვა მიაყენა.

მოგვიანებით ბუკინჰემის სასახლის განცხადებაში (რომელიც პასუხისმგებელია სამეფო ოჯახის პერსონალის დაქირავებაზე) შეშფოთება იქნა გამოხატული გაზეთ "თაიმსის" სტატიაში დაფიქსირებული ბრალდებების გამო.

"სამეფო ოჯახი ერთგულია "სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის“’ პოლიტიკისადმი მრავალი წლის განმავლობაში და არ მოითმენს აბუჩად აგდებას ან შევიწროვებას სამუშაო ადგილზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ანალიზი

ჯონი დაიმონდი, სამეფო ოჯახის საქმეთა კორესპონდენტი:

"საეჭვო იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ პრინცი ჰარი და მეგანი თავიანთ კრიტიკულ გამონათქვამებში მხოლოდ ბრიტანული მასმედიით შემოიფარგლებოდნენ, რომლებიც მათ მიმართ აშკარად არ არიან სიმპათიით განწყობილნი. "ფირმა“, ანუ სამეფო ოჯახი და მისი თანამშრომლები - ისინიც მათ სამიზნეში მოხვდნენ.

ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა უშუალოდ მეგანისადმი და უფრო ნაკლებად, ჰარის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას აბუჩად აგდებაში. ისინი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ იქნა გამოქვეყნებული, მაგრამ წყვილს ეს ბრალდება იმის მაგალითად მიაჩნიათ, თუ როგორ გამოდიან ზოგიერთები სასახლეში მათ წინააღმდეგ.

ჩვენ, როგორც ჩანს, მოცდა მოგვიწევს ინტერვიუს ეთერში გაშვებამდე, რათა გავიგოთ - კონკრეტულად რომელი "სიცრუე“ გაავრცელა, წყვილის აზრით, ბუკინჰემის სასახლემ. ის ბრალდება აბუჩად აგდების შესახებ, რომელსაც ჰარი და მეგანი არ ეთანხმებიან, ამჟამად ძიების პროცესშია.

მაგრამ უკვე გასაგებია: ხელთათმანი გადაგდებულია... ოჯახური კავშირები სასექსების წყვილს უკვე ვეღარ შეაკავებს, როცა ისინი თავიანთ თვალსაზრისს გამოხატავენ".

გამოძიების ჩარჩოებში სასახლის ყოფილ და ამჟამინდელ მოსამსახურეებს შესთავაზეს, რომ კონფიდენციალურად ელაპარაკათ მეგანთან მუშაობის გამოცდილებაზე.

სასექსების წყვილი ბრალდებებს უარყოფს. განცხადებაში, რომელიც მეგან მარკლის წარმომადგენელმა "თაიმსის" სტატიის საპასუხოდ გაავრცელა, ნათქვამია:

"ჰერცოგინია დამწუხრებულია მასზე ბოლო დროს განხორციელებული პირადული ხასიათის თავდასხმის გამო იმიტომაც, რომ თავის დროზე თვითონ ის იყო აბუჩად აგდების მსხვერპლი და შესაბამისად, სრულიად მხარს უჭერს მათ, ვინც მსგავსი ტკივილი და ტრამვა გადაიტანა. ჰერცოგინიას განზრახული აქვს ძალისხმევა მოახმაროს იმას, რომ მსოფლიოში თანაგრძნობა მუდამ არსებობდეს და შეეცდება სამაგალითო იყოს კეთილი საქმეებისა და სწორი მიზნების განხორციელებაში“.

პრინცი ჰარი ადრეც აცხადებდა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას სამეფო ვალდებულებებზე, რათა საკუთარი თავი და ოჯახი პრესისაგან დაიცვას

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთ უფლებამოსილებაზე სამეფო ოჯახის მაღალწოდებიანი წევრის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში თქვეს უარი და ამჟამად აშშ-ის კალიფორნიის შტატში ცხოვრობენ.

თებერვალში ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ ისინი თავიანთი ცერემონიალური მოვალეობის შესრულებას აღარ დაუბრუნდებიან

მეგანისა და პრინც ჰარის ორსაათიანი ინტერვიუ აშშ-ის ტელეეთერში CBS-ის არხზე 7 მარტს, კვირა საღამოს უნდა გავიდეს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ორშაბათს, ლონდონის დროით საღამოს 9 საათზე, ITV-ის არხზე.

CBS-ის ანონსში ნათქვამია, რომ მეგანი ინტერვიუში ისაუბრებს თუ როგორ გათხოვდა, როგორ გახდა სამეფო ოჯახის წევრი. იგი ილაპარაკებს დედობაზე და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს იგი ასეთი ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლის პირობებში.

ინტერვიუს მოგვიანებით პრინცი გარიც შეუერთდება და შემდეგ ისინი უკვე ერთად მოჰყვებიან, თუ როგორ მიიღეს გასულ წელს გადაწყვეტილება აშშ-ში გამგზავრების თაობაზე. ორივე ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზეც.

ინტერვიუს ზემოთ ხსენებულ ნაწყვეტში სასექსის ჰერცოგი პარალელს ავლებს სამეფო ოჯახისა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე დედამისის, პრინცესა დიანასა და მეგანის მიმართ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

myquiz