დონალდ ტრამპი პანდემიის განმავლობაში პირბადით საჯაროდ პირველად გამოჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში საჯარო შეხვედრისას პირბადით პირველად გამოჩნდა. ამ დრომდე ტრამპი პირბადის ტარებას თავს არიდებდა, თუმცა ამჯერად ნიღბით გამოჩნდა ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები და მედპერსონალი მოინახულა.
როგორც "როიტერი" წერს, აშშ-ში ვირუსის გავრცელების განმავლობაში დონალდ ტრამპს პირბადე პირველად ეკეთა და მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. მანამდე ტრამპი საჯარო შეხვედრებისას პირბადის ტარებაზე უარს ამბობდა და არც ამერიკელებს მოუწოდებდა დამცავი ნიღბის ტარებისკენ. მისი აზრით, ეს პირადი არჩევანის საკითხი იყო.
"ვფიქრობ, როცა იმყოფები საავადმყოფოში, განსაკუთრებით ისეთ გარემოებაში, სადაც ბევრ ჯარისკაცს ესაუბრები, ზოგი მათგანი ახლახან გადმოიყვანეს საოპერაციო მაგიდიდან, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას", - აღნიშნა ტრამპმა ჰოსპიტალში სტუმრობის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოპონენტებს აქამდე არაერთხელ გაუკრიტიკებიათ დონალდ ტრამპი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რეკომენდაციის უგულებელყოფის გამო.