ევროკავშირს რამდენიმე ქვეყნის საზღვარზე „სიცრუის დეტექტორების“ დაამონტაჟება სურს | Allnews.Ge

ევროკავშირს რამდენიმე ქვეყნის საზღვარზე „სიცრუის დეტექტორების“ დაამონტაჟება სურს

ევროკავშირს რამდენიმე ქვეყნის საზღვარზე "ჭკვიანი სიცრუის დეტექტორების" დაამონტაჟება სურს, რაც "გარდიანის" ცნობით, ხელს შეუწყობს არალეგალი მიგრანტების გამოვლენას.

სიცრუის დეტექტორების დამონტაჟება თავდაპირველად უნგრეთის, საბერძნეთის და ლატვიის საზღვრებზე იგეგმება. სისტემა დაეხმარება მესაზღვრეებს გაიგონ, საზღვრის გადაკვეთის მსურველები სიმართლეს ამბობენ თავიანთი განზრახვების და წარსულის შესახებ, თუ არა. სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამა-ანიმაცია მგზავრებს დოკუმენტებს, სოციალურ მედიაში აქტივობას და ბიომეტრიულ მონაცემებს შეუმოწმებს და დაუსვამს კითხვებს, მაგალითად "რა გიდევთ ჩანთაში?".

ხელოვნური ინტელექტი გაანალიზებს მგზავრის სახის გამომეტყველებას და მიმიკებს კითხვებზე პასუხის დროს, რის შემდეგაც დეტექტორი გამოავლენს, იტყუება თუ არა იგი.

პროექტი, რომელიც 4,5 მილიონი ევროთი ფინანსდება, ექსპერტთა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა. როგორც ამსტერდამის უნივერსიტეტის კრიმინალური ფსიქოლოგიის ლექტორმა ბრუნო ფერშუერმა განაცხადა, სიცრუის დეტექტორის სისტემა არასამართლიანია.

"არ არსებობს მეცნიერული საფუძველი ამ მეთოდებისა, რომლის გამოყენებასაც გეგმავენ. სისტემის ამოქმედების შემდეგ საზოგადოება მხოლოდ მოისმენს ამ სისტემის წარმატებული ისტორიების შესახებ და არა იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც შეცდომით არ გაუშვებენ მგზავრს საზღვარზე", - განაცხადა ბრუნო ფერშუერმა.

"ჭკვიანი სიცრუის დეტექტორის" ტექნოლოგია უნგრეთის პოლიციის, ლატვიის საბაჟო სამსახურის და მანჩესტერის მეტროპოლიტენისა და ლაიბნიცის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა. მსგავსი ტექნოლოგია შექმნეს აშშ-შიც, სადაც სიცრუის დეტექტორები ფართოდ გამოიყენება სამართალდამცველების მიერ. გასულ თვეს კი არიზონას უნივერსიტეტის ინჟინრებმა განაცხადეს, რომ შექმნეს მსგავსი სისტემა, რომელიც შესაძლოა, აშშ-მექსიკის საზღვარზე განთავსდეს.

myquiz