ბრექსითის შეთანხმება ევროკავშირთან მიღწეულია - რა წერია დოკუმენტში? | Allnews.Ge

ბრექსითის შეთანხმება ევროკავშირთან მიღწეულია - რა წერია დოკუმენტში?

ორ წელზე მეტი გავიდა, რაც გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას მხარი დაუჭირეს, ორ წელზე მეტია რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საბოლოოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შეძლო და კავშირის დატოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია. ტერეზა მეიმ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ შეთანხმების პირველადი ტექსტი მზად აქვს, რომელიც 500 გვერდს ითვლის.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს ისღა დარჩა, რომ მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი და ხალხი დაარწმუნოს, რომ აღნიშნულ შეთანხმებას მხარი დაუჭირონ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მინისტრთა შორის ბრექსითის მხურვალე გულშემატკივრები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ წინადადებას, რომ ბრიტანეთმა სრულად უნდა დატოვოს საბაჟო კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურ ლონდონს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობა შეეზღუდება და მაშინ როდესაც ზოგიერთი მინისტრი აღფრთოვანებულია მიღწეული პროგრესით, ბრექსითის ისეთი გულშემატკივარი, როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონია, მინისტრთა კაბინეტს აღნიშნულ შეთანხმებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. მეიმ ახლა ეს რადიკალურად განწყობილი ჯგუფიც უნდა დაარწმუნოს, რომ მხარი შეთანხმების მის ვერსიას დაუჭირონ.

რა წერია შეთანხმებაში?

შეთანხმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკვანძო დეტალი ადგილობრივი მედიისთვის ცნობილი გახდა.

ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი ბრექსითთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობისას არის ის, თუ რა ბედი ეწევა ირლანდიის საზღვარს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ირლანდიის ნაწილი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაშია და შესაბამისად ევროკავშირს მასთან ერთად დატოვებს, ხოლო ირლანდიის მეორე ნაწილი ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩება. იმ შემთხვევაში თუ ბრექსითის შემდეგ "მძიმე საზღვრის" პირობები დაწესდება ამოქმედდება განსხვავებული საბაჟო წესები, რაც იმის საფრთხეს აჩენს, რომ ირლანდიის ორ ნაწილს შორის არსებული გაყინული მშვიდობა შესაძლოა დაირღვას.

ბრიტანეთიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ორ ირლანდიას შორის სრულფასოვანი საზღვარი, რომელიც პასპორტის კონტროლსაც ითვალისწინებს არ უნდა იყოს.

დოკუმენტში ასევე განხილულია 21-თვიანი ე.წ გარდამავალი პერიოდი, მას შემდეგ რაც 2019 წლის 29 მარტს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის შემადგენლობას დატოვებს და კანონპროექტიც, რომელიც ითვალისწინებს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.

ახლა საგანგებო სხოდამზე მინისტრთა კაბინეტმა შეთანხმების პროექტი უნდა განიხილონ და მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.
დღეს იწურება ვადა, რომლის განმავლობაშიც ბრიტანეთის მთავრობას ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების პირობები უნდა დაემტკიცებინა. ზოგიერთი პარლამენტარის მოწოდების მიუხედავად, დაუნინგ-სტრიტის 10 ნომერში განაცხადეს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმი არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

თუ მხარეები შეძლებენ და საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, იგი პარლამენტმა და ბრიტანელმა კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ.

გაერთიანებული სამეფოს საბოლოო გასვლა ევროკავშირის შემადგენლობიდან 2019 წლის 29 მარტისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გასტანს.

myquiz