რა ხდება სირიის ქალაქ რაქაში, რომელიც ტერორისტებისგან ჯერ კიდევ გასულ წელს გაათავისუფლეს | Allnews.Ge

რა ხდება სირიის ქალაქ რაქაში, რომელიც ტერორისტებისგან ჯერ კიდევ გასულ წელს გაათავისუფლეს

უკვე ერთია წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ძალებმა სირიის ქალაქი რაქა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ხელიდან გამოგლიჯეს. ახლა ქალაქში ექსტრემისტების ქალაქიდან გასაძევებლად წარმოებული სასტიკი ბრძოლის კვალი ყველგან ჩანს საითაც კი გაიხედავ - წერს BBC.

რაქა მისი გამოხსნიდან ერთი წლის შემდეგაც კი ნანგრევებად ქცეული ქალაქია. ქაოსი, რომელიც აქ სუფევს "ისლამური სახელმწიფოს" "მმართველობის" ნაყოფია, თუმცა კოალიციის ათასობით ავიაიერიშიც არ იყო ნაკლებად გამანადგურებელი ამ ქალაქისთვის, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ დედაქალაქად ჰქონდა გამოცხადებული.

ექსტრემისტების დე ფაქტო დედაქალაქიდან გაძევებას 5 თვის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვა დასჭირდა, ჭურვების უმეტესობა ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებიდან ცვიოდა, თუმცა არანაკლები წვლილი შეიტანა ბრიტანულმა ავიაციამ. როგორც BBC წერს, ახლა არც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არც გაერთიანებულ სამეფოს სურს პასუხისმგებლობის აღება და იმ ზიანის გამოსწორება, რომელიც თავადვე გამოიწვიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ფაქტობრივად სრულად განადგურებულია, ბევრი ოჯახი, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებას გაექცა, ახლა უკან ბრუნდება, ზოგიერთი მაღაზია ხელახლა გაიხსნა. მანქანები კი ნანგრეევებს შორის მოძრაობენ. უკან სახლში დაბრუნებულ ადამიანებს ახლა ერთადერთი კითხვა აწუხებთ, ვინ ააშენებს ხელახლა მათ განადგურებულ ქალაქს?

ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მეთაურის განმარტებით, რომელმაც BBC-ის გადამღებ ჯგუფს ქალაქი დაათვალიერებინა, აღნიშნა, რომ ხალხში ჯერ კიდევ არის დარჩენილი კეთილი ნება, თუმცა ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ადამიანებში ეს გრძნობა გაქრება ყოველ ჯერზე, როცა მათი საჭიროებები ვერ დაკმაყოფილდება.

ქალაქის დიდი ნაწილში ჯერ კიდევ არ არის ისეთი ძირითადი სერვისები, როგორიც წყალი და ელექტროენერგიაა. რაქაში არსებული არც ერთი ხიდი, რომელიც საკვებისა და ადამიანების ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია, აღდგენილი არ არის. მთავარი საავადმყოფო კი, რომელიც ტერორისტების უკანასკნელი თავშესაფარი იყო, ჯერ კიდევ ნანგრევებად არის ქცეული.

ქალაქის საბჭოს წევრმა ლეილა მუსტაფამ BBC-სთან საუბარში გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დრო სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისთვის. მან რაქა იმ ავადმყოფ ადამიანს შეადარა, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება სამედიცინო დახმარება.

რაქას საბჭო წევრი ლეილა მუსტაფა
საბჭოს კიდევ ერთმა წევრ ამარ ჯაბორს კი სწამს, რომ ქალაქის აღდგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მხარემ, ვისაც მის განადგურებაში მიუძღვის წვლილი. კითხვაზე კონკრეტულად ვის გულისხობდა, ქალაქი საბჭოს წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოზე მიუთითა.

ამერიკამ და ბრიტანეთმა, შესაძლოა, შეიტანეს კიდეც წვლილი ქალაქის განადგურებაში, თუმცა ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას ამ რეგიონების აღდგენაში, იქამდე სანამ გაეროს მიერ მხარდაჭერილი მშვიდობა არ დამყარდება მთელს ქვეყანაში, რაც როგორც ჩანს არც ისე სწრაფად მოხდება.

სანაცვლოდ აშშ-სა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თავის ძალისხმევას სტაბილურობის დამყარებისკენ წარმართავენ.

აშშ-ის განმარტებით, მან უკვე დახარჯა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მთელი სირიის მასშტაბით.

ბრიტანეთი მეორე ყველაზე მსხვილი დონორია, რომელმაც 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯა.

რაქაში თანხის ნაწილი იმ ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად დაიხარჯა, რომელიც ექსტრემისტებმა დატოვეს, ასევე საკვების შესაძენად და სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ახლა ეს ლიმიტირებული დახმარებაც კი კითხვისნიშნის ქვეშ დადგა. რაქას შიში, რომ ის მსოფლიოსთვის მივიწყებული ადგილი გახდება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სირიის სტაბილიზაციის განკუთვნილი დახმარება 200 მილიონი დოლარით შეამცირა.

ამერიკაში განმარტეს, რომ ამ გზას იმისთვის მიმართეს, რათა ქვეყნებს უფრო მეტი გაეკეთებინათ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ეს არის შეტყობინება პრეზიდენტისგან, რომ ეს მორალური ტვირთი ყველამ უნდა გაიყოს. მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების მტკიცებისა, რომ ქალაქი აღდგება, რაქა უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს, ვიდრე მხოლოდ დაპირებაა, რადგან სხვა შემთხვევაში ბავშვების მომავალი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

BBC იმ სკოლასაც ეწვია, სადაც ახლა ამერიკის დაფინანსებული პროგრამის მეშვეობით ომისგან დაზარალებულ ბავშვებს, რომლებსაც შეიარაღებული დაპირისპირების ფიზიკური და სულიერი კვალი ღრმად დამჩნევიათ, სწავლისა და თამაშის საშუალებას აძლევენ, რასაც ისინი ე.წ ისლამური სახელმწიფოს პირობებში მოკლებულები იყვნენ.

მოსწავლეთა შორის ერთი გოგოა, რომელიც 11 წლის ასაკში აიძულეს, დაეშის მებრძოლს ცოლად გაჰყოლოდა და 13 წლის ასაკში განქორწინდა მას შემდეგ რაც დაიჭრა. კლასში ორი ახალგაზრდა ბიჭიც ზის, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, თუმცა გულდასმით ცდილობენ ანბანის დასწავლას. ეს იმ ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების ტიპური ნიმუშია, რომელიც ექსტრემისტებმა ქალაქის დატოვებისას სხვადასხვა ადგილას დაამონტაჟეს. აშშ_ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ეს პროგრამის დაფინანსება, რომელიც ბავშვებს ნათელი მომავლის იმედს აძლევს წლის ბოლოსთვის დასრულდება.

myquiz