გერმანიაში მიიღეს ახალი საიმიგრაციო კანონი, რაც ქვეყანაში ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანების ჩასვლას გაართულებს | Allnews.Ge

გერმანიაში მიიღეს ახალი საიმიგრაციო კანონი, რაც ქვეყანაში ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანების ჩასვლას გაართულებს

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ახალ საიმიგრაციო კანონთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

კანონი კანადის გამოცდილებაზეა დაფუძნებული და იგი ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანებისთვის გერმანიაში ჩასვლას გაართულებს - ნათვქამია შეთანხმების სამუშაო ვერსიაში, რომელიც ჟურნალისტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

"დოიჩე ველეს" ცნობით, შეთანხმება ემყარება თავშესაფრის მინიჭებისა და შრომითი მიგრაციის ერთმანეთისგან განცალკევების პრინციპს და ამასთანავე უზრუნველყოფს, რომ ისინი, ვისაც გერმანიის კანონმდებლობა თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას აძლევს, ახალი საიმიგრაციო კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას.

ახალი საიმიგრაციო კანონის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ უმაღლესი განათლება ან კონკრეტული სამუშაო შეთავაზება, გერმანიაში ცხოვრებას ვერ შეძლებენ: "ჩვენ არ გვსურს მესამე ქვეყნებიდან არაკვალიფიციური მოსახლეობის არანაირი სახის მიგრაცია",- ნათქვამია შეთანხმებაში.

ისევე როგორც კანადის შემთხვევაში, გერმანიაში ცხოვრების მსურველები განათლების, ასაკის, ენობრივი უნარების, სამუშაო შეთავაზებისა და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით შეფასდებიან.

შეთანხმებას ხელი გერმანიის შრომის მინისტრმა, ჰუბერტ ჰეილიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა მოაწერეს. ზეეჰოფერი საიმიგრაციო რეფორმის გატარებას მას შემდეგ ითხოვდა, რაც მინისტრის პოსტი დაიკავა. მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ულტიმატუმიც კი წაუყენა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ მისი მოთხოვნა არ შესრულდებოდა.

"კონკრეტული უნარების მქონე სამუშაო ძალას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გერმანული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაში",- ნათქვამია შეთანხმებაში, სადაც ხაზგასმულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების საჭიროება.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აღნიშნულ შეთანხმებაში ვერ შევიდა, არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მოთხოვნილი ნებართვა იმ თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომლებსაც უარი უკვე ეთქვათ, თუმცა რომლებიც გერმანულ საზოგადოებაში კარგად არიან ინტეგრირებულები. თუმცა, როგორც შრომის მინისტრმა განმარტა, ზეეჰოფერი ემყარება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება უფრო ყურადღებით უნდა იყოს და "არასწორი ადამიანების დეპორტირება არ განახორციელოს".

ქვეყნის ხელისუფლება ასევე იტოვებს უფლებას, გარკვეულ თანამდებობებზე შეაჩეროს მიგრაცია საკუთარი შეხედულებისამებრ.

myquiz