თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - როგორ ცდილობს ერდოღანი კრიზისიდან გამოსვლას? | Allnews.Ge

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - როგორ ცდილობს ერდოღანი კრიზისიდან გამოსვლას?

Bloomberg-ის მიხედვით, თურქეთში ერთი დოლარის ღირებულებამ უკვე დაახლოებით 6 ლირა შეადგინა.

ინფლაციის დონემ გამოცემა "ჰურიეტის" ინფორმაციით, 2003 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და აგვისტოში 18% შეადგინა. საწარმოო ფასი კი 32,13%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს ლირა დოლართან მიმართებით 42%-ით გაუფასურდა და აღნიშნულმა მონაცემებმა თურქეთის ეკონომიკისთვის უკვე სახიფათო ნიშნულს მიაღწია.

ქვეყნის რთული ეკონომიკური მდგომარეობით დამძიმებული რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ნუგეშის მისაღებად კვლავ დასავლეთით, თავის ტრადიციულ პარტნიორთან და ყოფილ მეგობართან გაემგზავრა. ის დღეს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდება. მთავარი კითხვა კი რაც მათ შეხვედრას ახლავს თან, შეძლებს თუ არა თურქეთის პირველი პირი გერმანიასთან და ევროპასთან არსებული უთანხმოების შერბილებას?

თურქეთსა და გერმანიას შორის მტრული დამოკიდებულება მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ოფიციალური ანკარა სირიის კონფლიქტში ჩაერთო. ამას ისიც დაემატა, რომ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული დაპატიმრებები გერმანელ თურქებსაც შეეხოთ.

ქვეყნებს შორის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თურქეთს სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის მასპინძლობა უწევს იმისთვის, რომ გერმანიაში და ზოგადად ევროპის კონტინენტზე წარმოშობილი მიგრანტთა კრიზისი შეამსუბუქოს. ამ პირობის შესრულების სანაცვლოდ კი მან ევროკავშირში სასურველი წევრობა მაინც ვერ მიიღო, რადგან ევროპას ისევე როგორც გერმანიას უფრო სტაბილური და მეტად დემოკრატიული თურქეთი სურს.

ამასთანავე თურქეთმა მოახერხა და გერმანიის პარალელურად, ოფიციალური ვაშინგტონის რისხვაც დაიმსახურა, როდესაც თეთრი სახლის თხოვნა არ გაითვალისწინა და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ენდრიუ ბრანსონი პატიმრობაში დატოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისი თხოვნის უგულვებელყოფის საპასუხოდ ოფიციალურ ანკარას ფოლადსა და ალუმინზე ფასი გაუორმაგა, რასაც არც თურქეთი ჩამორჩა და აშშ-ს ანალოგიური სანქციები დაუწესა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თურქეთის ეკონომიკურმა კრიზისმაც სწორედ აქედან აიღო სათავე.

თუმცა, არც თურქეთის პრეზიდენტია განსხვავებული მოსაზრების, რომელმაც ლირის გაუფასურება "თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციას" დააბრალა და არა რაიმე ეკონომიკურ პირობებს.

ვაშინგტონის ინსტიტუტში თურქული კვლევითი პროგრამის დირექტორმა სონერ ჯაგაფთაიმ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკური სანქციების მთელი არსენალი აქვს, რომლის ამოქმედებაც ანკარის წინააღმდეგ შეუძლია და აამოქმედებს კიდეც, სანამ თურქეთი ბრანსონს საპატიმროდან არ გაათავისუფლებს.

"აშშ-ის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი გამოკვებავს ერდოღანის ნარატივს, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთი თურქეთს თავს ესხმის"- ამბობს ჯაგაფთაი.

ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ენდრიუ ბრანსონი
როგორც გამოცემა "ექსპრესი" წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ამ პირობებში დასავლეთში სხვა სანდო მოკავშირის აუცილებლობა დაინახა.

აღსანიშნავია, რომ ეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირველი ვიზიტია გერმანიაში 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ერდოღანი აღნიშნული ვიზიტისას ტაქტიკას შეცვლის და მოკავშირეების შეძენას შეეცდება.

"თურქეთის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყნის ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა თურქეთის ეკონომიკაზე პოლიტიკური გავლენა შეამციროს",- ამბობს ყოფილი თურქი დიპლომატი სინან იულგენი.

იულგენი მიიჩნევს, რომ გერმანიში ვიზიტით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიადაგი მოსინჯა და იმის გარკვევას შეეცადა, არის თუ არა მზად ბერლინი ანკარას ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს.

3-დღიანი ვიზიტის დაწყებამდე ერდოთანმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ ვიზიტის მთავარი მიზეზი დაძაბულობის პერიოდის საბოლოოდ უკან დატოვებაა. "თურქეთი ცდილობს გამოასწოროს გერმანიასთან ჩამოყალიბებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა"-აღნიშნა ერდოღანმა. როგორც მოსალოდნელია შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება თურქეთის მონაწილეობა სირიის კონფლიქტში და ევროკავშირში მისი წევრობის გაყინული საკითხი.

როგორც ცნობილია ერდოღანის ბერლინში ვიზიტს უხმაუროდ ნამდვილად არ ჩაუვლის, რადგან დაახლოებით 10 ათასი დემონსტრანტი ქუჩაში გამოსვლას აპირებს.
მომიტინგეები თურქეთის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერების დევნასა და თავისუფლების ხელყოფას გააპროტესტებენ. მათი მთავარი გზავნილი კი იქნება, რომ თურქეთის პრეზიდენტი მათ ქვეყანაში სასურველი სტუმარი არ არის.

Allnews.ge დაინტერესდა აქვს თუ არა თურქეთის ეკონომიკურ კრიზისს რაიმე გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ამ კითხვით ჩვენ ეკონომისტ აკაკი ცომაიას მივმართეთ.

"თურქეთის ეკონომიკას ამჟამად ის გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე რომ ეს აჩენს მოლოდინებს, როდესაც თურქული ლირა უფასურდება იქმნება იმის განცდა, რომ უნდა გაუფასურდეს ქართული ლარიც, ამიტომ თავისთავად ეს მოლოდინი უარყოფით გავლენას ახდენს იმ ფაქტორზე რომ ლარიც უფასურდება",- განმარტა აკაკი ცომაიამ.

ეკონომისტის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება ამ წუთას საქართველოს რეალურ ეკონომიკურ სექტორზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს.

აკაკი ცომაია ასევე მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში თურქეთის ეკონომიკის შესუსტებამ საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს.

myquiz