გაიცანით ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მსოფლიოში, რომელიც პენსიის აღებაზე უარს ამბობს | Allnews.Ge

გაიცანით ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მსოფლიოში, რომელიც პენსიის აღებაზე უარს ამბობს

ურუგვაის ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ, რომელსაც ცხოვრების მოკრძალებული წესის გამო "მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი" შეარქვეს, სენატორის პენსიაზე უარი განაცხადა.

მუხიკა ურუგვაის სენატში 2015 წლიდან მუშაობდა. ის სენატში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მოხვდა. გასულ კვირას კი ის სენატიდანაც წავიდა.

სენატორის უფლებამოსილებები მუხიკას 2020 წელს ეწურებოდა, თუმცა მან პენსიაზე გასვლა მოისურვა, ვინაიდან "ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ დაიღალა".

"მიუხედავად ამისა, სანამ ჩემი გონება მუშაობს, მე ვერ ვიტყვი უარს სოლიდარობასა და იდეურ ბრძოლაზე", - ნათქვამია მუხიკას მიერ სენატის ხელმძღვანელის ლუსია ტოპოლანსკის სახელზე გაგზავნილ წერილში.

ხოსე მუხიკა 83 წლისაა, დაახლოებით 14 წელი მან სამხედრო ციხეებში გაატარა.
მუხიკა ცნობილია პირდაპირი, ხანდახან მკვეთრი განცხადებებით.

მაგალითად, 2013 წელს მან არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა კირშნერს ბოდიში მოუხადა, მას შემდეგ რაც მას "ბებერი კუდიანი", მის მეუღლეს კი "ელამი" უწოდა. ეს გამონათქვამი პრესაში შემთხვევით მოხვდა - ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს მუხიკას მიკროფონი გამორთული ეგონა.

2016 წელს კი მან ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს "შეშლილი ვაცი" უწოდა.

თუმცა, ყველაზე დიდი პოპულარობა მუხიკას ცხოვრების მოკრძალებულმა წესმა მოუტანა. მთელი პრეზიდენტობის პერიოდში და მის შემდეგაც მუხიკა და მისი მეუღლე მონტევიდეოს მახლობლად, საგვარეულო ფერმის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

მუხიკა და მისი მეუღლე ყვავილებს ყიდდნენ და ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავდნენ.
მისი ერთადაერთი საკუთრება, ფერმის გარდა, 1987 წლის Volkswagen Beetle-ის მარკის ავტომობილი იყო. 2014 წელს მუხიკას ავტომობილის სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა, ვინაიდან ავტომობილი საკუთარი სამფეხა ძაღლის გადასაყვანად სჭირდებოდა.

ხოსე მუხიკამ საკუთარი ფერმა თავის რეზიდენციად აქცია.
მუხიკას პენსიაზე გასვლა მოულოდნელობა არ ყოფილა - მან ამის შესახებ ორი კვირით ადრე განაცხადა.

თუმცა, ურუგვაის პოლიტიკურ წრეებში არსებული ჭორების თანახმად, მუხიკა სენატიდან იმიტომ წავიდა, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყაროს კენჭი.

myquiz