ძლიერი წყალდიდობა ინდოეთში - დაღუპულია 320-ზე მეტი ადამიანი | Allnews.Ge

ძლიერი წყალდიდობა ინდოეთში - დაღუპულია 320-ზე მეტი ადამიანი

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში კერალას შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, "ეს ყველაზე საზარელი კატასტროფაა ბოლო 100 წლის განმავლობაში".

ძლიერი წვიმის გამო დაახლოებით 44 მდინარე კალაპოტიდან გადავიდა, ათეულობით ხიდია ჩანგრეული, 33 დამბა კი დატბორილია. შტატის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

სტიქიის ადგილას ასეულობით სამხედროა მობილიზებული, რათა დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები და დაახლოებით 300 ნავია ჩართული.

შტატის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით 233 ათასი ადამიანია განთავსებული სხვადასხვა ბანაკებში.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

myquiz