ხორვატიის ნაკრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი - რა ვიცით პრეზიდენტზე, რომელიც მსოფლიომ ფეხბურთის ჩემპიონატიდან გაიცნო? | Allnews.Ge

ხორვატიის ნაკრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი - რა ვიცით პრეზიდენტზე, რომელიც მსოფლიომ ფეხბურთის ჩემპიონატიდან გაიცნო?

2018 წლის ჩემპიონატზე ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება არა მხოლოდ ხორვატიის ნაკრებმა მიიპყრო, რომელმაც ფინალში მოხვედრა მოახერხა, არამედ ნაკრების მხურვალე გულშემატკივარმაც. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვიდეო, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალში რუსეთის დამარცხებას ზეიმობდა და ფეხბურთელებთან ერთად მღეროდა.

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტი 2015 წელს გახდა, ის თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ხორვატიის დემოკრატიულმა თანამეგობრობამ დაასახელა. მან არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც ხმათა 50,42% მოგროვება და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ივო იოსიპოვიჩის დაამარცხება შეძლო. გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია და ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება.

ქვეყნის პირველი პირი ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ რიეკაში დაიბადა და ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში იზრდებოდა, სადაც მის მშობლებს მცირე ზომის მაღაზია და მეურნეობა ჰქონდათ. 17 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებლად გრანტი მიიგო. მაგისტრის ხარისხი კი ზაგრების უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში მიიღო.

კარიერაში პირველი ნაბიჯები 1992 წელს გადადგა, სწორედ მაშინ ხორვატიის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობა დაიკავა, მოგვიანებით კი ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლა.

2003 წლის ნოემბერში გრაბარ-კიტაროვიი ხორვატიის პარლამენტში აირჩიეს. იმავე წლის დეკემბერში კი მან ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მისი წინსვლა ამით არ დასრულებულა - 2005 წელს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და მთავარ ამოცანად ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით წაყვანა დაისახა.

2008-11 წლებში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორვატიის ელჩიც იყო. თავისი სოფლისთვის დამახასიათებელი დიალექტისა და ლიტერატურული ხორვატულის პარალელურად, ქვეყნის პირველი პირი ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებს ფლობს. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს და თავს მორწმუნე კათოლიკედ მიიჩნევს.

myquiz