როგორ მოახერხა ცნობილმა რეციდივისტმა ციხიდან ვერტმფრენით გაქცევა? | Allnews.Ge

როგორ მოახერხა ცნობილმა რეციდივისტმა ციხიდან ვერტმფრენით გაქცევა?

ქურდობაში ბრალდებულმა და რეციდივისტმა რედუან ფაიდიმ საფრანგეთის ციხიდან კიდევ ერთი თამამი გაქცევა მოაწყო. ის ციხიდან კვირას, გრინვიჩის დროით 09:20 წუთზე გაიქცა.

როგორც საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოები იუწყებიან, 46 წლის დამნაშავე სენა და მარნას დეპარტამენტში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გაიქცა. ციხის ეზო ზემოდან ბადით არ იყო დაფარული. როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მას სამი შეიარაღებული მამაკაცი ეხმარებოდა. ყურადღების გადატანის მიზნით, ციხის კართან სამი შეიარაღებული ადამიანი მივიდა და ფაიდთან შეხვედრა მოითხოვა. ბალაკლავით სახედაფარულმა ორმა დამნაშავემ შეხვედრების ოთახისკენ გზა კვამლის ბომბებით გაიკვლია, სადაც ფაიდი თავის ძმას ხვდებოდა.

სწორედ ამ დროს ციხის ეზოში ვერტმფრენი დაეშვა, რომელშიც მესამე დამნაშავე და ვერტმფრენის პილოტი ისხდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვერტმფრენის პილოტი მძევლად ჰყავდათ აყვანილი. პილოტი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია, ის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. დამნაშავეებმა ფაიდი შეხვედრების ოთახიდან გაიყავნეს და მასთან ერთად ვერტმფრენით გაფრინდნენ. გაქცევის მთლიანი სქემის განხორციელებას რამდენიმე წუთი დასჭირდა. ოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა ვერტმფრენი მეზობელ მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ციხიდან გაქცეული დამნაშავე ვიპოვოთ", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სამძებრო სამუშაოებში ფრანგული პოლიციის დაახლოებით 3000 თანამშრომელია ჩართული.

სამართალდამცველების განმარტებით, ეს გაქცევის საკმაოდ კარგად დაგეგმილი სქემა იყო. პოლიციის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ გაქცევის ორგანიზატორებმა ადგილმდებარეობის და ციხის ტერიტორიის შესასწავლად დრონი გამოიყენეს.

ფაიდი ციხეში 25-წლიან სასჯელს ქურდობის მცდელობისთვის იხდიდა, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეს ფაიდის ციხიდან გაქცევის მეორე ფაქტია: 2013 წელს ის საპატიმროში მოხვედრიდან ნახევარ საათში გაიქცა, მაშინ მან მძევლად დაცვის 4 თანამშრომლები აიყვანა და გასასვლელად რამდენიმე კარი ააფეთქა. მას 6 კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დრომდე მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯამში, 10 წელზე მეტი აქვს გატარებული. 2009 წელს ის პირობით დროზე ადრე იყო გათავისუფლებული, მას შემდეგ რაც მან ზედამხედველის დარწმუნება შეძლო, რომ დანაშაულებრივ სამყაროსთან ურთიერთობა გაწყვიტა. იმავე წელს ფაიდმა დაწერა წიგნი, იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა მძიმე პირობებში და როგორ გაიარა ცხოვრების სკოლა ქუჩის დაჯგუფებებში. ის რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაშიც კი იყო მიწვეული, სადაც მისი წიგნის პოპულარიზების შესაძლებლობაც კი მიეცა.

საფრანგეთში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავეა, რომელმაც ქურდულ სამყაროში თავისი კარიერა ბევრი ჰოლივუდური ფილმის შთაგონებით აიწყო, როგორციცაა, "ნაიარევი სახე", ალ პაჩინოს მონაწილეობით და მაიკლ მენის ფილმი "შერკინება", რომელშიც მთავარ როლებს ალ პაჩინოს და რობერტ დე ნირო ასრულებენ. ფაიდი ერთხელ პარიზის კინოფესტივალზე რეჟისორ მაიკლ მენთან მივიდა და უთხრა, რომ ის მისი ტექნიკური მრჩეველი იყო.

1990 წელს ის პარიზის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური იყო და ძირითადად ყაჩაღობითა და გამოძალვით იყო დაკავებული. რედუან ფაიდი პირველად 1998 წელს მრავალგზის შეიარაღებული ყაჩაღობისა და ბანკის გაქურდვისთვის დააკავეს. 2001 წელს მას 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2009 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

2017 წელს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2013 წელს განხორციელებული გაქცევისთვის, მას ასევე მიუსაჯეს 18 წელი 2010 წელს ორგანიზებული ქურდობისთვის, რომლის დროსაც პოლიციელი გარდაიცვალა. ფეიდი სააპელაციო სასამართლოში დამარცხდა და მას 2018 წლის აპრილისთვის სასჯელი დაუმძიმდა. ის გაქცევის მომენტისთვის 25-წლიან სასჯელს იხდიდა.

myquiz