რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა ბრიტანეთში დარჩენის მსურველ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს | Allnews.Ge

რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა ბრიტანეთში დარჩენის მსურველ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და "ბრექსითის" შემდეგაც ქვეყანაში დარჩენა სურთ, სამ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. - აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა გააკეთა.

ლორდთა პალატის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს სთხოვენ, წარადგინონ პირადობის მოწმობა, ჰკითხავენ არიან თუ არა ნასამართლევი და სთხოვენ დაადასტურონ, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ფაქტიურად ცხოვრობენ.

მინისტრის თქმით, მიღებულ პასუხებს ისინი არსებულ მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციასთან შეადარებენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად მიიღებენ.

საჯიდ ჯავიდის თქმით, აღნიშნული პროცედურა ინტერნეტის საშუალებით ჩატარდება და შექმნილი იქნება სპეციალური აპლიკაცია სმარტფონებისთვისაც.

მოსალოდნელია, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი ორი კვირის ან უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში იქნება განხილული.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ განაცხადების განხილვისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული განცხადების შემტანი მოქალაქის ინტერესები და ბრიტანეთში დარჩენის მსურველებს უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეტყვიან, თუ საამისოდ ძალიან რადიკალური მიზეზი იქნება.

ქვეყნის ხელისუფლება ელის, რომ ბრიტანეთში დარჩენის მოთხონით განაცხადს, დაახლოებით, 3,5 მილიონი ადამიანი შეიტანს.

myquiz