სულ ამდენად გიღირს ამ ადამიანების სიცოცხლე, ტრამპო? - ფლორიდის სკოლაში სროლას გადარჩენილი მოსწავლის ემოციური მიმართვა | Allnews.Ge

სულ ამდენად გიღირს ამ ადამიანების სიცოცხლე, ტრამპო? - ფლორიდის სკოლაში სროლას გადარჩენილი მოსწავლის ემოციური მიმართვა

14 თებერვალს ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მასობრივი მკვლელობის შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა, პერსონალმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის კანონმდებლებს შეტყობინება გაუგზავნეს. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უმოქმედობაში დაადანაშაულეს. გრცხვენოდეთ, ასე მიმართა ერთ-ერთმა მომიტინგემ პარლამენტის წევრებს. თავდასხმას გადარჩენილი სკოლის მოსწავლის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

"თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს აქ არის, სახლში უნდა იყოს და გლოვობდეს. ამის ნაცვლად, ჩვენ აქ ვართ, ერთად ვდგავართ, იმიტომ რომ, თუ ერთადერთი, რაც ჩვენს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შეუძლია, მწუხარების გამოთქმაა, მაშინ დროა, მსხვერპლი გახდეს იმ ცვლილების წამომწყები, რომლის ნახვაც გვსურს. მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციაში მეორე შესწორება შეიტანეს, ჩვენი იარაღი თავბრუდამხვევად განვითარდა - იარაღი შეიცვალა, კანონი კი არა.

ფლორიდის სკოლაში 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

გაუგებარია, რატომ უნდა იყოს უფრო რთული მეგობრებთან ერთად დასვენების დღეების დაგეგმვა, ვიდრე ავტომატური ან ნახევრადავტომატური იარაღის შეძენა. ფლორიდაში იმისთვის, რომ იარაღი იყიდო ნებართვა არ გჭირდება, არ გჭირდება იარაღის შესაძენად ლიცენზია, ყიდვის შემდეგ კი მისი გაფორმება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ნებართვა არც მათი ტარებისთვის გჭირდება. ერთდროულად იმდენი ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა შეგიძლია, რამდენიც გსურს. დღეს ჩემთვის ძალიან ძლიერი რაღაც წავიკითხე, რასაც ჩემი მასწავლებელი წერდა: "როდესაც მოზარდები მეუბნებიან, რომ იარაღის ტარების უფლება აქვთ, ერთადერთი რაც მესმის არის - იარაღის ტარების ჩემი უფლება გადაწონის შენი მოსწავლეების სიცოცხლის უფლებას, ერთადერთი, რაც მესმის არის, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი.."

ავსტრალიაში ერთი მასობრივი თავდასხმა იყო პორტ არტურში 1999 წელს, მას შემდეგ, რაც კანონი გაამკაცრეს აღარც ერთი მსგავსი თავდასხმა არ მომხდარა. იაპონიაში მასობრივი თავდასხმა არც არასდროს მომხდარა, კანადაში სამჯერ იყო, გაერთიანებულ სამეფოში კი ერთხელ და ამ ორივე ქვეყანამ იარაღზე კონტროლი შემოიღო, და აქ ვართ ჩვენც, რომლებიც ვებსაიტით ამ უბედურებებს აღნუსხავს. ამ ვებსაიტის არსებობის შესახებ დღეს გავიგე მას shootingtracjer.com-ი ჰქვია. შესაძლოა, უფროსები მიეჩვივნენ იმის თქმას, რომ "ეს არის. რაც არის", მაგრამ თუ ჩვენ სტუდენტებმა რამე ვისწავლეთ, ეს არის რომ თუ არ სწავლობ ჩაიჭრები, და ამ შემთხვევაში, თუ არაფერს გააკეთებ აქტიურად, ადამიანები გააგრძელებენ სიცოცხლის ფატალურად დასრულებას.

ასე რომ, დროა რამე გავაკეთოთ. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ბავშვები, რომელთა შესახებაც თქვენ წიგნებში კითხულობთ, არა იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი ამერიკის მასობრივი მკვლელობების სიაში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ უკანასკნელი მასობრივი თავდასხმის მონაწილეები. ჩვენ ვაპირებთ კანონის შეცვლას და ეს ყველაფერი სკოლის საბჭოს დაუღალავი ძალისხმევის შედეგად მოხდება. ფაკულტეტის წევრების, ოჯახის წევრებისა და რაც ყველაზე მთავარია სტუდენტების ძალისხმევით. სტუდენტების, რომლებიც დაიხოცნენ, რომლებიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში არიან, სტუდენტების, რომლებიც ახლა პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან, სტუდენტების, რომლებსაც პანიკის შეტევა ჰქონდათ გლოვისა და ღამისთევის დროს, იმიტომ რომ შვეულფრენები 24 საათის განმავლობაში არ გვტოვებდნენ და სკოლის ირგვლივ დაფრინავდნენ. ერთი ტვიტი იყო, რომლესაც მინდა, რომ ყურადღება მივაქციო: "ძალიან ბევრი ნიშანი იყო, რომ ფლორიდის მსროლელს მენტალური აშლილობა ჰქონდა, მათ შორის ცუდი ქცევისთვის გარიცხვა. მეზობლებმა და კლასეებმა იცოდნენ, რომ ის დიდი პრობლემა იყო. ყოველთვის უნდა შეატყობინო ხელისუფლებას მსგავსი გარემოებების შესახებ". - ჩვენ შევატყობინეთ, დროდადრო ყოველთვის ვატყობინებდით. მას შემდეგ, რაც ის საშუალო სკოლაში იყო. არავისთვის, ვინც მას იცნობდა, გასაკვირი არ იყო, რომ მსროლელი და თავდამსხმელი სწორედ ის აღმოჩნდა.

მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ეს ბავშვი არ უნდა გაგვერიყა - თქვენ არ იცნობდით, მას და ჩვენ ვიცნობდით. ვიცი, რომ ამტკიცებენ, თითქოს, ეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები იყოს და მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ყურადღება იმ ფაქტს უნდა მივაქციოთ, რომ ეს მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა არ არის, რადგან ის ვერ შეძლებდა ამდენი მოსწავლისთვის ტკივილის მიყენებას და ამდენი მათგანის დაჭრას დანით. რას ვიტყვით იმაზე, რომ მსხვერპლის დადანაშაულებას შევეშვათ იმისთვის რაც მსროლელის ბრალი იყო. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების დანაშაულიც იყო, ვინც მას იარაღის ყიდვის უფლება მისცა, ადამიანების, რომლებმაც ის წაახალისეს, რომ თავისი იარაღისთვის აქსესუარები შეეძინა, რათა ის სრულად ავტომატური გაეხადა, ადამიანების, რომლებმაც მას ეს იარაღი არ წაართვეს, როდესაც მან ჰომიციდის მისწრაფებები გამოავლინა და მე ახლა გამოძიების ფედერალურ ბიუროზე არ ვსაუბრობ, არამედ იმ ადამიანებზე ვსაუბრობ რომლის გვერდითაც ის ცხოვრობდა, იმ მეზობლებზე ვსაუბრობ ვინც მას გარეთ იარაღით ხედავდა.

თუ პრეზიდენტს სურს მოვიდეს და მითხრას, რომ ეს საშინელი ტრაგედია იყო, და რომ მსგავსი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს და გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, მოხარული ვიქნები ვკითხო, რამდენი ფული მიიღო მან "მსროლელთა ეროვნული ასოციაციისგან". მის პასუხს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე უკვე ვიცი - 30 მილიონი დოლარი. გავყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად მხოლოდ 2018 წლის უკანასკნელი ერთი ან თვენახევრის განმავლობაში დაღუპულ ადამიანებზე - ეს 5 800 დოლარი იქნება. სულ ამდენად გიღირს ამ ადამიანების სიცოცხლე, ტრამპო ? თუ შენ არაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ აღნიშნული შემთხვევები აღარ განმეორდეს და გაგრძელდეს, დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, მათი ღირებულება კი ქვემოთ ჩამოვა და მალე შენთვის სრულიად გავუფასურდებით. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, რომელიც მსროლელთა ეროვნული ასოციაციისგან დონაციას იღებს - გრცხვენოდეთ.

myquiz